როგორ დავინახოთ ინფორმაციის დიდ ზღვაში კორუფციის კენჭები? - ღია მონაცემებთან მუშაობის გზამკვლევი
„როგორ დავინახოთ ინფორმაციის დიდ ზღვაში კორუფციის კენჭები“ - ასე ჰქვია ღია მონაცემებზე მუშაობის გზამკვლევს, რომელიც დაეხმარება გამომძიებელ ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს, რომ ღია მონაცემების მოძიებითა და დამუშავებით გამოავლინონ და სააშკარაოზე გამოიტანონ კორუფციული გარიგებების, ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ბიუჯეტის დაუსაბუთებლად ხარჯვის ფაქტები. გზამკვლევი აქტიურ მოქალაქეებს გაუადვილებს გააძლიერონ კონტროლი ხელისუფლებაზე.
კორუფცია საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემაფერხებელი ფაქტორია. მისი აღმოჩენა რთულია. მედიის როლი - ხელი შეუწყოს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდასა და დარღვევების გამოაშკარავებას - კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს მსგავსი ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნებში, ამ ფუნქციის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მონაცემთა გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა.
საქართველოში საჯარო ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა ყოველდღიურად უარესდება. ამის ფონზე კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ღია მონაცემთა ბაზები, რომელთა დამუშავებას შესაბამისი კომპეტენციები სჭირდება.
ღია მონაცემების შესაძლებლობები იმაზე დიდია, ვიდრე ამას ჟურნალისტები, მკვლევარები და აქტივისტები ხედავენ. დიდ მონაცემთა ბაზებთან მუშაობისას სირთულეს წარმოადგენს კონკრეტული დარღვევის აღმოჩენა. შესაძლოა საჯარო სექტორში ბიუჯეტის ხარჯვა ზედაპირული დათვალიერებისას გამჭვირვალედ გამოიყურებოდეს, მაგრამ სიღრმისეული შესწავლა დამატებით კითხვებს აჩენდეს შესაძლო კორუფციულ გარიგებებსა და არამიზნობრივ ხარჯვაზე. მნიშვნელოვანია ჟურნალისტმა, მკვლევარმა თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელმა იცოდეს, თუ რას უნდა მიაქციოს მეტი ყურადღება.
პირველად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ღია მონაცემების სახელმძღვანელო 2014 წელს გამოაქვეყნა, სადაც ყველა სასარგებლო რესურსს მოუყარა თავი. 2016 წელს კი სახელმძღვანელო განაახლა. 2023 წლის განახლებულ გზამკვლევში დეტალურად არის აღწერილი ვიზუალურად და შინაარსობრივად განახლებული ვებგვერდები და ღია მონაცემების ახალი ინსტრუმეტების შესახებ ინფორმაცია. გზამკვლევი დაინტერესებულ მკითხველს ასწავლის იმ ხრიკებს, რომლებიც დაეხმარება მას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე თემების მოძიებაში. პუბლიკაცია ასევე მოიცავს სასარგებლო ინფორმაციას ღია მონაცემების ბაზების, მასთან მუშაობისა და ზედამხედველი ორგანოების შესახებ.
ღია მონაცემებთან მუშაობის გზამკვლევი ხელმისაწვდომია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე