საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმების შეფერხება პოლიტიკური კრიზისისა და სახელმწფიოს მიტაცების ბრალდებების ფონზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმების შეფერხება პოლიტიკური კრიზისისა და სახელმწფიოს მიტაცების ბრალდებების ფონზე

29 იანვარი, 2021

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ყოველწლიური „კორუფციის აღქმის ინდექსის“ შედეგების პარალელურად, ორგანიზაციის ბერლინის სამდივნოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც წლევანდელ ინდექსში საქართველოს შედეგი და მისი მიზეზებია განხილული. გთავაზობთ სტატიის ქართულ თარგმანს.

2020 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც 2019 წლის შედეგის იდენტურია და ორი ქულით ნაკლებია 2018 წლის შედეგზე. მეტიც, ინდექსში საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა 2012 წლის შემდეგ, როდესაც შესაძლებელი გახდა სხვადასხვა წლის შედეგების ერთმანეთთან შედარება. ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს რეფორმებით გამოირჩეოდა, ანტიკორუფციული ძალისხმევა თითქმის 10 წელია სტაგნაციას განიცდის.

არაჯეროვანი გავლენა და სახელმწიფოს მიტაცება

2019 წლის „კორუფციის აღქმის იდექსში“ ჩვენ ხაზი გავუსვით სახელმწიფოს მიტაცებასა და საკვანძო ინსტიტუტებზე არაჯეროვან გავლენას, როგორც მთავარ გამოწვევებს საქართველოში პოლიტიკის კეთილსინდისიერების მხრივ. წლევანდელი შედგები იმის მანიშნებელია, რომ ეს პრობლემები კვლავაც გადაუჭრელია.

მეტიც, 2020 წლის „ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების“ თანახმად, საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის დამახასიათებელია ძალაუფლების კონცენტრაციის უკიდურესად მაღალი ხარისხი, რადგანაც ერთი პოლიტიკური ჯგუფი არაპროპორციულად დიდ კონტროლს ახორციელებს ყველა საკვანძო საჯარო ინსტიტუტზე. ეს დომინანტი ჯგუფი ხშირად ასევე ცდილობს ზეგავლენის მოხდენას არასამთავრობო აქტორებზე, მათ შორის მედიასა და კერძო სექტორზე. ყველაზე უფრო აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კვლავაც რჩებიან მთავრობის მიერ ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანიების სამიზნეებად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ამასწინანდელი ანალიზი შეიცავს დამატებით მტკიცებულებებს იმისა, რომ ეს პრობლემები გადაუჭრელი რჩება და რომ ამგვარი გავლენა გამოიყენება პოლიტიკური სივრცის მართვის, სტატუს კვოს შენარჩუნებისა და მმართველი ელიტის წევრებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ გამოძიებების არდაშვებისთვის.

ძალაუფლების კონცენტრაცია აზიანებს მთავრობის ანგარიშვალდებულებას

არაჯეროვანი პარტიული გავლენა, რომელსაც სამართალდამცავი უწყებები განიცდიან, ფაქტობრივად ართმევს მათ მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოძიების საშუალებას. ეს ამცირებს საზოგადოებრის ნდობას სამართალდამცავი სისტემის მიმართ: 2020 წელს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 29 პროცენტი ფიქრობს, რომ მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებს საქართველოში სათანადოდ იძიებენ, ხოლო 47 პროცენტს საპირისპირო აზრი აქვს.

მეტიც, სახელმწიფოს მიტაცების შედეგად, პარლამენტი და სასამართლო სათანადოდ არ ასრულებენ მათ საზედამხედველო ფუნქციას აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ. საპარლამენტო ზედამხედველობა განსაკუთრებით შეზღუდული იყო კოვიდ-19 პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს.

პოლიტიკური კრიზისი

მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პოლიტიკური ნების არარსებობის შედეგად, ეს მდგომარეობა მუდმივად უცვლელია, რადგანაც მმართველი პარტიის პრივილეგირებული წვდომა საჯარო რესურსებზე და მისი სავარაუდო მზადყოფნა, რომ სახელმწიფო შეკვეთები საარჩევნო კამპანიის შემოწირულებებში გაცვალოს ძირს უთხრის პოლიტიკურ კონკურენციას და ამცირებს უფრო პლურალისტური მმართველობის წარმოქმნის ალბათობას.

ამგვარი მდგომარეობა არაერთხელ გახდა საპროტესტო აქციების მიზეზი ბოლო ორი წლის განმავლობაში. მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა ახლად არჩეულ პარლამენტს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარი სავარაუდო დარღვევების გამო.

გზა პროგრესისკენ

ანტიკორუფციული ინიციატივის შესანარჩუნებლად საქართველომ რიგი გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას.

უპირველეს ყოვლისა, მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს წინადადებას დამოუკიდებელი, მრავალფუნქციური ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის თაობაზე, რომელიც შეავსებს ქვეყნის ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების მხრივ ამჟამად არსებულ ვაკუუმს. არაჯეროვანი გავლენისგან სააგენტოს დაცვის მიზნით შექმნილი მექანიზმები საშუალებას მისცემს მას, რომ ეფექტიანად გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევები.

ამავე დროს, კორუფციასთან ბრძოლის მხრივ მდგრადი გრძელვადიანი პროგრესის მიღწევა მხოლოდ მმართველობის ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში შეიძლება. 2020 წლის არჩევნების ხარვეზები და შედეგად წარმოქმნილი მრავალფეროვანი პოლიტიკური წარმომადგენლობის ნაკლებობა პარლამენტში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეასუსტებს საპარლამენტო ზედამხედველობას.

მმართველმა პარტიამ უნდა გამოავლინოს უფრო პლურალისტური და კონკურენტული გარემოს წარმოქმნის ხელშეწყობის ნება, რაც გულისხმობს პოლიტიკური პარტიებისთვის კონკურენციის თანაბარი პირობების შექმნას, გადაწყვეტილებების მიღების ინკლუზიური პროცესის ხელშეწყობას და მათზე თავდასხმებისგან თავშეკავებას, ვინც ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას ითხოვს.

print