სასამართლო კლანის სანქცირებულმა ლიდერმა, მიხეილ ჩინჩალაძემ 4 წლის განმავლობაში 0 საქმე განიხილა და 448 020 ლარის ხელფასი აიღო - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სასამართლო კლანის სანქცირებულმა ლიდერმა, მიხეილ ჩინჩალაძემ 4 წლის განმავლობაში 0 საქმე განიხილა და 448 020 ლარის ხელფასი აიღო

16 აპრილი, 2024

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე მოსამართლის ფუნქციას არ ასრულებს. მისი 16 წლიანი მოსამართლის კარიერიდან 4-წლიანმა მონაკვეთმა (2010-2013 წწ) ისე გაიარა, რომ  მას არცერთი საქმე არ განუხილავს,  448 020 ლარის ანაზღაურება კი აიღო. ეს იმ ფონზე, როცა სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გადატვირთულობა და მათ შორის ამ მიზეზით, საქმეთა გაჭიანურება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. 

დანარჩენ წლებშიც მიხეილ ჩინჩალაძე  თვეში საშუალოდ მხოლოდ 2 საქმეს განიხილავდა მაშინ, როდესაც სხვა მოსამართლეებს წლის განმავლობაში ასობით საქმის განხილვა უწევთ. მაგალითისთვის, 2022 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიერ განხილული საქმეების საშუალო მაჩვენებელი 273 იყო.*

მიხეილ ჩინჩალაძე სასამართლო სისტემაში არსებულ მოსამართლეთა ე.წ. კლანის ხელმძღვანელი და აშშ-ს მიერ კორუფციისთვის დასანქცირებული მოსამართლეა. 

ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, მიხეილ ჩინჩალაძე კეთილსინდისიერების შემოწმებას უნდა დაექვემდებაროს, რასაც სასამართლო კლანი და ხელისუფლება აქტიურად ეწინააღმდეგება. არადა, ეს შემოწმება აუცილებელი წინაპირობაა, რათა საქართველომ შეძლოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება.

 

_________________________________________________________________________________________________________________________

*საქმეთა გაჭიანურების პრობლემა საქართველოს საერთო სასამართლოებში, დემოკრატიის ინდექსი - საქართველო, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი, 2023.გვ 48

print
court