ვინ მართავს საქართველოს – მართული მმართველი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი
კარიერა
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში 2012 წელს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მოვიდა. ის ერთი წლის განმავლობაში ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ხოლო 2013 წელს ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. 2015 წლის მიწურულს, პოლიტიკიდან ფორმალურად წასულ ივანიშვილთან „კონსულტაციის“ შემდეგ და ნეპოტიზმისა და კორუფციის ბრალდებების ფონზე, ღარიბაშვილი გადადგა. 4 წლიანი პაუზის შემდეგ, რა დროსაც ის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ჩინურ კომპანიაში მუშაობდა, ღარიბაშვილი ივანიშვილმა ჯერ თავდაცვის მინისტრად დააბრუნა (2019 წელი), ხოლო 2021 წლის თებერვლიდან კვლავ საქართველოს პრემიერმინისტრი გახდა.
კავშირი ბიძინა ივანიშვილთან
ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. პოლიტიკაში მოსვლამდე მისი კარიერა მთლიანად ივანიშვილების ოჯახთან იყო დაკავშირებული: 2004-2012 წლებში, იკავებდა სხვადასხვა პოზიციას ბიძინა ივანიშვილის კომპანიებსა და ორგანიზაციებში; ივანიშვილისვე თქმით, ღარიბაშვილი მისი ოფიციალური წარმომადგენელი და „მდივანი“ იყო, ხოლო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილი ასევე იყო ბერა ივანიშვილის პროდიუსერი.
ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებს ბოლო წლებში მედიაში გავრცელებულ ორ ფარულ ჩანაწერში, საიდანაც ჩანს მასზე ბიძინა ივანიშვილის გავლენის დონე:
კავშირი რუს ოლიგარქთან – უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ გავრცელებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, პოლიტიკიდან მეორედ წასულმა ივანიშვილმა ბიზნეს შეთავაზება მიიღო სანქცირებულ რუს ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვისგან, რომლის წარმომადგენელსაც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ახვედრებდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ევტუშენკოვმა დაადასტურა მისი წარმომადგენლის ასეთი შეხვედრა, ღარიბაშვილი ასეთ შეხვედრას უარყოფს. სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად, ფარული ჩანაწერის შინაარსზე გამოძიება არ ჩატარებულა.
დავალებები უფროსის შვილისგან – 2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია „TV პირველმა“ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილი სავარაუდოდ იღებდა დავალებებს ბერა ივანიშვილისგან, გაეგზავნა პოლიცია იმ არასრულწლოვანების დასაშინებლად, რომლებმაც ბერა სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს. არც ბერამ და არც ღარიბაშვილმა ცალსახად არ უარყვეს ჩანაწერის ავთენტურობა, გამოძიება კი მხოლოდ უკანონო მოსმენის ნაწილზე დაიწყო და არა ჩანაწერის პრობლემურ შინაარსზე.
თანამდებობებს შორის პერიოდში (2015-2019 წლები) ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაში საქმიანობდა. ამ პერიოდში მას ეკავა მაღალანაზღაურებადი პოზიცია შპს „ევრო-აზიურ მენეჯმენტ ჯგუფში“, რომლის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაახლოებული ბიზნესმენი და შევარდნაძის დროინდელი ეკონომიკის მინისტრი ივანე ჩხარტიშვილია.
შპს „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფი“ მართავს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-ს, რომელიც კორუფციაში ბრალდებული ჩინური კომპანიის (შპს „სი ი ეფ სი ევროაზიური“) საკუთრებაშია. ირაკლი ღარიბაშვილის ამ კომპანიებთან კავშირი პრობლემურია, რადგან ფოთის პორტში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესი განიხილება ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის – ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერების სავარაუდო მიზეზად.
ირაკლი ღარიბაშვილის ბიძინა ივანიშვილთან კავშირი უკიდურესად პრობლემურია, რადგან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დემოკრატიული ინსტიტუციებისა და მოქალაქეების წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს. ქვეყნის პირველი პირის მიმართ არ უნდა ჩნდებოდეს კითხვები, რომ მისი გადაწყვეტილებები ოლიგარქიული გავლენებისგან თავისუფალი არ არის. ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში კი ასეთი კითხვები მრავლადაა.
2019 წელს თავდაცვის მინისტრად დაბრუნების შემდეგ, პრემიერ-მინისტრების ხშირი ცვლა ღარიბაშვილმა ასე შეაფასა: „რეალურად ძალაუფლება, მანდატი ეკუთვნოდა ბატონ ბიძინას, ეკუთვნის მას. ეს ავიწყდება ყველას. ყველაში ვგულისხმობ ყველას.“
სავარაუდო კორუფციული საქმეები
ბოლო 10 წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ მრავალი სერიოზული ბრალდება და კითხვა დაგროვდა, რომლებზეც საზოგადოებას დღემდე არ აქვს პასუხი. უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება ქვემოთ ჩამოთვლილ შესაძლო კორუფციულ საქმეებზე. ირაკლი ღარიბაშვილს არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აუღია რომელიმე მათგანზე:
ნეპოტიზმი და გავლენით ვაჭრობა – 2012 წელს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალ თანამდებობებზე დანიშნა მისი ცოლის ნათესავები, რის შემდეგაც მათმა კომპანიებმა სახელმწიფოსგან პრივილეგიები მიიღეს სახელმწიფო შესყიდვების, სუბსიდიებისა და სხვა გზებით. 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში თავად ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ ღარიბაშვილის პრობლემა მისი ნათესავები იქნებოდნენ.
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება / სახელმწიფო ქონების მითვისება – 2022 წლის 22 იანვარს ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში გავიდა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა სავარაუდოდ ბოროტად გამოიყენა მისი უფლებამოსილება, რათა ბაკურიანში მისი სახლის მომიჯნავედ არსებული 6 ათას კვ.მ-მდე ფართობის ტყე 49 წლით სარგებლობაში მიეღო მის მეუღლეს, ნუნუ თამაზაშვილს. ორი წლით ადრე, 2020 წლის 18 თებერვალს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასული ჟურნალისტური გამოძიება კითხვებს სვამდა ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის მიერ ბაკურიანში რეკრეაციულ ზონაში სახლის მშენებლობის ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებითაც.
დაუსაბუთებელი ქონების დაგროვება – 2020 წლის 22 აპრილს „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილსა და მის მეუღლეს გააჩნიათ 8 ძვირადღირებული საათი, რომელთა საერთო ფასი სულ მცირე 550,000 ლარია. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილს 2012 წლიდან სულ 459,000 ლარის შემოსავალი აქვს დაფიქსირებული დეკლარაციებში, საათები კი – საერთოდ არ აქვს მითითებული.
პრემიერ ღარიბაშვილის მაგალითი მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ არანაირი მექანიზმი არ არსებობს – კორუფციული დანაშაულის გამოძიებაზე პასუხისმგებელი უწყებები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) ყოველგვარი რეაგირების გარეშე ტოვებენ სავარაუდო კორუფციის იმ მრავალ გახმაურებულ შემთხვევას, რომელთა შესახებაც საგამოძიებო ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოება ბოლო წლებში საუბრობენ.
ადამიანის უფლებების დარღვევები
ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს უკავშირდება პოლარიზაციისა და ძალადობის ზრდა საზოგადოებაში. ამის მაგალითები იყო:
- თავდასხმები ოპოზიციურ პარტიებზე (როგორც ოფისებზე, ისე ინდივიდებზე);
- სამოქალაქო საზოგადოების ლანძღვა და კრიტიკული მედია ორგანიზაციების დევნა;
- რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება;
- მოძალადე, პრორუსული ჯგუფების გამოჩენა, გაძლიერება და მათი ღია მხარდაჭერა;
- ამ ძალადობრივი ჯგუფების მიერ ლგბტ აქტივისტებისა (2013 წლის 17 მაისი) და ჟურნალისტების (2021 წლის 5 ივლისი) დარბევა;
- პოლიტიკური ოპონენტების პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გასაჯაროება და ა.შ.
ერთ-ერთი პირველი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა 2021 წელს პრემიერ-მინისტრად დაბრუნების შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმი და პარტიის თავმჯდომარის დაკავება იყო. რამდენიმე თვის შემდეგ კი, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე კომენტარის გაკეთებისას, მან თქვა: „წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებს კიდევ სხვა მუხლებს“, რითაც დაადასტურა, რომ ქვეყანაში პროკურატურა მმართველი პარტიის მიერაა მართული და გამოიეყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.
სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობებზე ყოფნის პერიოდს ემთხვევა ბოლო წლებში საქართველოში მომხდარი ყველაზე გახმაურებული ადამიანის უფლებების დარღვევის ინციდენტები:
2013 წლის 17 მაისს, ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ შეძლო ლგბტ აქტივისტების მიერ ორგანიზებული მცირე დემონსტრაციის დაცვა მრავალრიცხოვანი მოძალადე ჯგუფებისგან. 2021 წლის დეკემბერში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქართველო გაამტყუნა 17 მაისის საქმეში, მას 193,500 ევროს გადახდა დააკისრა და აღნიშნა, რომ ამ დღეს ძალადობა ხელისუფლების „მდუმარე თანხმობით მოხდა“.
2021 წლის 5 ივლისს, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საჯარო განცხადებებით წაახალისა მასობრივი ძალადობა, რომლის შედეგადაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, ხოლო მოგვიანებით 1 მათგანი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის მასობრივი ძალადობის არცერთი ორგანიზატორისა და ხელმძღვანელის მიმართ დღემდე სისხლისამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.
„ვინ მართავს საქართველოს“ არის პუბლიკაციების ახალ სერია, რომლის მიზანია, წინა პლანზე გამოიტანოს კორუფციული შინაარსის ის ბრალდებები და პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებიც დაგროვდა ქვეყნის მართვაში მონაწილე კონკრეტულ თანამდებობის პირებზე.