ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოს

09 ნოემბერი, 2021

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებითა და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს, რაც მისი უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება და თანმდევი შედეგები, პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციისა და ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე მყოფი პირების პროვოცირების რისკებს შეიცავდა.

სახალხო დამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, გუშინ ღამევე, 8 ნოემბერს მოინახულა. მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრების მხრიდან შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები ისმოდა. პატიმრისთვის ასეთი გარემოს შექმნას სახალხო დამცველი ღირსების შემლახველად მიიჩნევს. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა განმარტა, რომ სამკურნალო დაწესებულება სრულად ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და არ არის ტექნიკურად სათანადოდ აღჭურვილი. სახალხო დამცველი აღნიშნულ საფრთხეებზე რამდენიმე კვირაა საუბრობს. 

ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებები მიუთითებს, რომ სააკაშვილის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მათი ჩართულობითა და სურვილით, კონსილიუმისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების უგულებელყოფით არის მიღებული.

მიგვაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის თაობაზე მათი გადაწყვეტილებები მიმართული არ არის ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ და არც პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებით არის ნაკარნახევი. არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ხელისუფლების გაუმართლებელი ნაბიჯების შედეგად ქვეყანა შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდეს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ვითარების დეესკალაციის მიმართულებით. მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანოს იმ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაცული იქნება მისი ღირსება, სიცოცხლე,  ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. 

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

უფლებები საქართველო (Rights Georgia)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

მოძრაობა "სირცხვილია"