ზუგდიდის საკრებულოს 2022 წლის საქმიანობის შეფასება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ზუგდიდის საკრებულოს 2022 წლის საქმიანობის შეფასება

12 ივლისი, 2023

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აფასებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2022 წელს გაწეულ  საქმიანობას.

ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს.

კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2022 წელს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობა ორჯერ შეაფასა, პირველი შეფასება მოიცავდა პერიოდს 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით, მეორე შეფასების საანგარიშო პერიოდი კი 2020 წელი იყო.

 

ძირითადი მიგნებები

  • საანგარიშო პერიოდში ნაწილობრივ გაუმჯობესდა ზუგდიდის საკრებულოს საზედამხედველო ფუნქციები  ზუგდიდის მერიისა და იურიდიული პირების საქმიანობაზე;
  • საკრებულოს მერიის საქმიანობაში და, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, ინტერესთა კონფლიქტი ან რაიმე სახის გადაცდომა არ გამოუვლენია;
  • ზუგდიდის საკრებულომ 28 სხდომა გამართა. აქედან 19 სხდომა  რიგგარეშე იყო;
  • ზუგდიდის საკრებულომ 45 დადგენილება მიიღო, რომელთაგან 30 დადგენილების ავტორი/ინიციატორი ზუგდიდის მერია იყო, 15 დადგენილებისა კი -  საკრებულო;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 45 თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ხარვეზებით ერთმა - ირაკლი გოგოხიამ შეავსო;
  • წინა მოწვევის საკრებულოსაგან განსხვავებით, ამჯერად ინიციატივა საკრებულოში მოქმედ ყველა ფრაქციას ჰქონდა. ფრაქციებმა 2022 წელს ჯამში 59 ინიციატივა წარადგინეს;
  • ფრაქციათა საქმიანობაზე გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 633,443 ლარი შეადგინა. აქედან  599,340 ლარი ხელფასებზე გაიცა, რაც 350,341 ლარით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს;
  • წინა მოწვევის საკრებულოსთან შედარებით 7-დან 14-მდე გაიზარდა ქალი წევრების რაოდენობა, რაც საერთო რაოდენობის 31.1 პროცენტია;
  • საკრებულოს წევრი 14 ქალიდან თანამდებობას 6 იკავებს, მათ შორის სამი კომისიის თავმჯდომარეა, ერთი - ფრაქციის, ორი კი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეა;
  • წინა მოწვევის საკრებულოს მსგავსად 2022 წელსაც გენდერული თანასწორობის საბჭოს არ განუხორციელებია არც სამართლებრივი აქტების ანალიზი და არც ექსპერტიზა საკანონმდებლო აქტის პროექტებზე. არ შემუშავებულა გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა;
  • გენდერული თანასწორობის საბჭომ წარადგინა რეკომენდაციები 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე, ასევე დაგმო საკრებულოს წევრის მხრიდან ქალისადმი ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტი;
  • საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საკრებულოს წევრებმა საკრებულოს სხდომები 337-ჯერ გააცდინეს, მათ შორის 320-ჯერ - არასაპატიო მიზეზით;
  • საკრებულოს წევრთა შორის ყველაზე მეტი - 22 სხდომა არასაპატიო მიზეზით ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრმა, მამუკა ყურაშვილმა გააცდინა, არასაპატიო მიზეზით სხდომების გამცდენთა ლიდერებს შორის არიან დავით ვეკუა - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე (17 სხდომა) და პაატა ადამია, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი (16 სხდომა);
  • 2022 წელს საკრებულოს კომისიის სხდომების გაცდენის 297 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 253-ჯერ  არასაპატიო მიზეზით;
  • საკრებულოს წევრთა შორის კომისიის ყველაზე მეტი - 26 სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინა ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილემ, ჯონი ჯიქიამ, კომისიის სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენთა ლიდერებს შორის არიან, ამავე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, თაზო ფაცაცია (21 სხდომა) და ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, დავით ვეკუა (18 სხდომა);
  • საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ზუგდიდის საკრებულოს 45 წევრიდან სიტყვით არ გამოსულა საკრებულოს 10 წევრი. შედარებისათვის: წინა მოწვევის საკრებულოში 2020 წელს 25 მდუმარე წევრი ჰყავდა. საკრებულოს სხდომებზე მოხსენებით არ წარმსდგარა საკრებულოს 32 წევრი;
  • ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობაზე 2022 წელს ჯამში 1,547,553 ლარი დაიხარჯა, საიდანაც სახელფასო ანაზღაურებას 1,302,230 ლარი მოხმარდა, საკრებულოს წევრებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას - 147,676 ლარი, საწვავზე 91,703 ლარი დაიხარჯა, სატელეფონო კომუნიკაციაზე - 4,757 ლარი, მივლინებებზე კი - 1,187 ლარი;
  • წინა მოწვევის საკრებულოსაგან განსხვავებით, ზუგდიდის მოქმედი საკრებულო მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ავტომობილებით არ სარგებლობს;
  • საკრებულოს თავმჯდომარისთვის განკუთვნილი საწვავის ლიმიტი შემცირდა 700-დან 400 ლიტრამდე, მოადგილეებისა -  400-დან 350 ლიტრამდე;
  • 2022 წელს საკრებულომ ჯამში 27,6 ტონა (27,675 ლიტრი) საწვავი გახარჯა, შედარებისათვის: 2020 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 42,2 ტონა (42,257 ლიტრი) იყო;
  • გახარჯული საწვავის ოდენობა კი შემცირდა, თუმცა 2020 წელთან შედარებით, 2022 წელს გაიზარდა გახარჯული საწვავის ღირებულება 74,112 ლარიდან 91,703 ლარამდე;
  • საკრებულოს წევრთა შორის ყველაზე მეტი საწვავი საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მალხაზ თორიამ მოიხმარა - ჯამში 3,374 ლიტრი, ღირებულებით - 11,150 ლარი;
  • ფრაქციის თანამდებობის პირთა შორის კი ყველაზე მეტი 5,827 ლარის ღირებულების 1,795 ლიტრი საწვავი ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ირაკლი გოგოხიამ მოიხმარა;
  • ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საკრებულოს შეკრებიდანვე უარი თქვეს სატელეფონო კომუნიკაციის ხარჯების ანაზღაურებაზე. 2022 წლის ივნისის გადაწყვეტილებით კი იგი  გაუუქმდა საკრებულოს ყველა წევრს.

რეკომენდაციები

კონტროლის განხორციელება:

  • საკრებულოს წევრები უფრო აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ საზედამხედველო საქმიანობაში, კერძოდ უფრო ხშირად უნდა იყენებდნენ კონტროლის მექანიზმებს, უფრო ქმედითად უნდა ზედამხედველობდნენ სახელმწიფო შესყიდვების პროცესს, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს;
  • აღმასრულებელ ორგანოთა საქმიანობის ზედამხედველობის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთონ საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიები;
  • საკრებულომ აქტიურად და კეთილსინდისიერად უნდა გამოავლინოს მუნიციპალიტეტში ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები;

 

საკრებულოს სხდომები:

  • უმჯობესია, საკრებულომ შეამციროს რიგგარეშე სხდომების რაოდენობა, რათა გაუმჯობესდეს ინტერესთა ჯგუფების მობილიზების ხარისხი და მოქალაქეთა ჩართულობა, გაიზარდოს სხდომაზე განსახილველი საკითხებისთვის მომზადების შესაძლებლობა და სათათბირო ორგანოს გამჭვირვალობა.

 

ანგარიშვალდებულება:

  • უნდა გაუმჯობესდეს საკრებულოს და მისი კომისიების სხდომებზე საკრებულოს წევრთა დასწრება. მიგვაჩნია, რომ საკრებულოს ყველა წევრი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს და ესწრებოდეს სხდომებს. ამასთან, საკრებულოს წევრს, სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციებიც დაეკისროს;
  • აუცილებელია საკრებულოს წევრებმა აქტიურად გამოიყენონ  საკრებულოს სხდომაზე სიტყვით და მოხსენებით გამოსვლის უფლება, წარადგინონ მოსაზრებები განსახილველ საკითხებზე, ინფორმაცია მიაწოდონ როგორც საკრებულოს, ასევე აღმასრულებელ ორგანოს  მოქალაქეთა კონკრეტული საჭიროებების შესახებ.

 

საზოგადოების ჩართულობა:

  • ზუგდიდის საკრებულომ უნდა შექმნას ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები ელექტრონულად წარადგენენ პეტიციას, წინადადებას, მოსაზრებას კონკრეტულ საკითხზე თუ ნებისმიერ ინიციატივას, რაც გაზრდის მოქალაქეთა შესაძლებლობას, ჩაერთონ წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობაში

 

გენდერული საბჭო:

  • უნდა გაუმჯობესდეს გენედერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა. აუცილებელია, საბჭომ გაზარდოს ინიცირებული პროექტების, რეკომენდაციებისა და წინადადებების რაოდენობა.
print