საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოში სასამართლოს მიმართ ნდობა დაბალია. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარების შესაცვლელად კი გამოსავალს უმეტესობა სისტემის ახალი მოსამართლეებით დაკომპლექტებაში ხედავს.
ეს განწყობები გამოკვეთა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა 2087 ადამიანის გამოკითხვამ, რომლის საშუალო ცდომილება 2,3%-ს შეადგენს.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქვეყანაში არსებული ინსტიტუტებიდან სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნდობის მაჩვენებელი აქვს.
გრაფიკი N1: ქვეყანაში არსებული ინსტიტუტებიდან სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნდობის მაჩვენებელი აქვს.
საქართველოში მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 50%-ს მიაჩნია რომ სასამართლო არ არის სამართლიანი.
გრაფიკი N2: მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ საზოგადოების 43%-ის აზრით, სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი (კლანი) არსებობს. მათგან 87% ფიქრობს, რომ მოსამართლეთა კლანი მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს, ხოლო 94% მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა კლანის წევრებმა სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ. გამოკითხვამ აჩვენა ისიც, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობის (83%) აზრით, სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.
გრაფიკი N3: საზოგადოების 43% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი (კლანი) არსებობს.
გრაფიკი N4: იმ გამოკითხულთაგან, ვინც ფიქრობს რომ სასამართლო სისტემაში კლანი არსებობს, 87% ფიქრობს რომ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს (კლანს) მოქმედი ხელისუფლების წევრები უჭერენ მხარს.
გრაფიკი N5: იმ გამოკითხულთაგან, ვინც ფიქრობს რომ სასამართლო სისტემაში კლანი არსებობს, აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრებმა სასამართლოს სისტემა უნდა დატოვონ.
გრაფიკი N6: მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (83%) მიიჩნევს რომ სასამართლოში აღარ უნდა მუშაობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.
იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობა დაბალია, საინტერესოა რაში ხედავს გამოსავალს თავად მოსახლეობა. გამოკითხვის თანახმად, ყველაზე მეტი (46%) ადამიანი ფიქრობს, რომ ნდობის გასაზრდელად სასამართლო სრულიად ახალი მოსამართლეებით უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო 41% ფიქრობს, რომ ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს სასამართლო სისტემაში.
გრაფიკი N7: მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი (46%) ფიქრობს, რომ სასამართლოს მიმართ ნდობის გასაზრდელად გამოსავალი სასამართლოების ახალი მოსამართლეებიით დაკომპლექტებაშია, ხოლო 41% ფიქრობს, რომ ნდობის გასაზრდელად საჭიროა ხელისუფლება არ ერეოდეს სასამართლოს სისტემაში.