
სამოქალაქო საზოგადოება ვეხმიანებით პოლიტიკური პარტიების დიალოგის განახლებას და მივესალმებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების აქტიურ როლს ამ პროცესში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემოთავაზებული 6 პუნქტის [1] გარშემო შეთანხმების მიღწევა კრიზისიდან გამოსვლის საშუალებას მოგვცემს. მიგვაჩნია, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა შესაძლებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შედეგად, რომელთა მიზანი არსებული დაძაბული სიტუაციის განმუხტვა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ინსტიტუციური რეფორმების გატარება უნდა იყოს.
პოლიტიკური კრიზისი, განსაკუთრებით გამძაფრდა პოსტსაარჩევნო პერიოდში. ქვეყანაში არ მუშაობს ხელისუფლების დანაწილების დაბალანსებული სისტემა. პარლამენტი უკიდურესად სუსტ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, რომელიც ეფექტურად ვერ აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ოპოზიციას არ აქვს მინიჭებული საპარლამენტო კონტროლის ეფექტური მექანიზმებით სარგებლობის უფლებამოსილება და მისი როლი ფაქტიურად იგნორირებულია. მართლმსაჯულების სისტემა არ მოქმედებს კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვით და მის მიმართ საზოგადოების ნდობა ძალზედ დაბალია. ხშირია კანონის აღსრულების შერჩევითი მიდგომები და პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება ამის მკაფიო ილუსტრაციაა. სახეზეა მაღალი დონის კორუფციის არსებობის უტყუარი ნიშნები. საზოგადოება და მედია არის უკიდურესად პოლარიზებული. აგრესიული გარემო ზოგ შემთხვევაში ადამიანებს ფიზიკური ანგარიშსწორებისკენაც უბიძგებს, რისი მკაფიო დადასტურებაა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისი კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს თავიდანვე განმუხტავდა დამოუკიდებელი ინსტიტუტების კანონის შესაბამისად მოქმედება, თუმცა, სამწუხაროდ, ისინი უმეტესწილად პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებენ. ამის მკაფიო მაგალითი, საპარლამენტო არჩევნების დროს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის (ცესკო, შსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სასამართლო და ა.შ) არასათანადო მუშაობა იყო.
ცალსახაა, რომ მომავალში საქართველოში დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობა უმთავრესი ამოცანა უნდა გახდეს, რათა სახელმწიფო სათანადოდ გაუმკლავდეს ეგზისტენციურ გამოწვევებს.
ცხადია, ამ და სხვა პრობლემების გადაწყვეტა საჭიროებს საზოგადოების კონსოლიდაციის განსაკუთრებულ ხარისხსა და მთავარი მიზნის გამოკვეთას, რაც ჩვენი ქვეყნის წინსვლის წინაპირობა იქნება. ამისათვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მმართველი პარტიის მხრიდან არსებობდეს იმის განცდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე უმეტესად პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. მათ უნდა გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, რომ მზად არიან გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ქვეყანაში დაძაბულობის განმუხტვის, პოლარიზაციის დასრულებისა და დემოკრატიული რეფორმების გზით ძალაუფლების განაწილების კუთხით. მნიშვნელოვანია, ასევე ოპოზიციამ არ თქვას უარი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება დიალოგისკენ გადადგამს კონკრეტულ პოზიტიურ ნაბიჯებს.
ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ჩვენი სამშობლოს წინსვლისთვის, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ვითარების დეესკალაცია და მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების დაწყება. აუცილებელია ამ პროცესში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის თანამონაწილეობა და პოტენციურ ვადამდელ არჩევნების საკითხზე შეთანხმებასთან ერთად, ყველა იმ ნაბიჯის გადადგმა, რაც ქვეყანას განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს, უზრუნველყოფს დაბალანსებისა და გაწონასწორების ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც მომავალში სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცევას გამორიცხავს და ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუქცევადს გახდის. მიგვაჩნია, რომ კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, უნდა გადაიდგას რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი:
ახალმა საარჩევნო რეფორმამ უნდა გაზარდოს როგორც ამომრჩევლების, ისე პარტიების ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ. რეფორმის ფარგლებში უნდა შეიცვალოს ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი; უნდა დაინერგოს ხმის მიცემის და დათვლის ელექტრონული სისტემები; უნდა განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის რეფორმა; საპარლამენტო საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს სრულად პროპორციული სისტემით, უფრო მცირე ბარიერით.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები მზად ვართ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით წინადადებები წარვუდგინოთ როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას და აქტიურად ჩავერთოთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, რათა მომდევნო არჩევნებს უფრო დაბალანსებული და დემოკრატიული სისტემით შევხვდეთ. ვფიქრობთ, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად ამ საკითხების უმოკლეს ვადებში ფართო ჩართულობით გადაჭრა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და თითოეული მოქალაქის ინტერესებშია. აუცილებელია ოპოზიციის მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესსა და რეფორმებში მინიმუმ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება კონკრეტულ პოზიტიურ ნაბიჯებს გადადგამს და ამით გზას გაუხსნის, საზოგადოების სრული კონსოლიდაციით ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.
Links
[1] https://on.ge/story/76960-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-6-%e1%83%9e%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%92%e1%83%94%e1%83%92%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98
[2] https://www.transparency.ge/ge/blog/martlmsajulebis-sistema-xelisuplebis-oponentebis-cinaagmdeg?fbclid=IwAR1aW4B38ztZHeBTzPvkHVSY6MGZnMenOscQ9CecfyfhB5chujN8Mnun7yI
[3] https://www.radiotavisupleba.ge/amp/31129228.html
[4] https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2019)015-e&fbclid=IwAR17udMIS4SheJ0U3i5WTHy-w6wbh-HQbiC7ba4heK43eogvO__QzMsfm1A