ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია 19 ივლისი, 2021
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს,
ბატონ შარლ მიშელს,
ბატონო პრეზიდენტო მიშელ,
დიდი მადლობა თქვენ და ევროკავშირის ელჩს იმ ძალისხმევისა და უწყვეტი ჩართულობის გამო, რასაც თქვენ საქართველოში კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდასაჭერად ახორციელებთ.
გულითადად მივესალმებით ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის სულისკვეთებას გააღრმავოს და გააძლიეროს ევროკავშირსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, შორის არსებული ურთიერთობები. ამ წერილის ხელმომწერი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები თქვენს ძალისხმევას კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნევთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე.
მმართველმა პარტიამ არ შეასრულა ევროკავშირისა და აშშ-ს მედიაციით 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება. ამით მან კიდევ უფრო შეარყია საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ სასამართლოს არსებითი რეფორმის განხორციელებამდე შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები, მმართველმა პარტიამ უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დაამტკიცა. „ქართულმა ოცნებამ“ უგულებელყო კრიტიკა როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მხრიდან.
არ ჩანს პოლიტიკური ნება, რომ ძირეულად შეიცვალოს ქვეყნის საარჩევნო სისტემა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა კვლავ პრობლემურია. თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობისა და სერიოზული დარღვევების ალბათობის გამო საერთაშორისო და ადგილობრივი აქტორები ინტენსიურად უნდა დააკვირდნენ და შეისწავლონ საარჩევნო პროცესი.
ამ თვეში დაშვებულმა ჰომოფობიურმა ძალადობამ საფუძველი შეურყია ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებებს და ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებები. საქართველოს მთავრობამ ვერ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები და წაახალისა ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობა, რომლებიც აგრეთვე სარგებლობდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მხარდაჭერით. “თბილისი პრაიდის” მსვლელობა გაუქმდა, ხოლო ულტრამემარჯვენე მოძალადე ჯგუფები არასაკმარისი საპოლიციო დაცვის ფონზე, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს. ამ ძალადობის შედეგად ფიზიკურად დაზიანდა ათობით ჟურნალისტი, გარდაიცვალა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. საზოგადოება მძიმედ არის ტრავმირებული. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ გამოიჩინეს უპრეცედენტო სოლიდარობა და მზაობა, რომ დაიცვან ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და თანასწორობა.
მიუხედავად რამდენიმე პირის დაკავებისა, ძალადობის ორგანიზატორები დაუსჯელები არიან, მმართველი პარტია აგრძელებს მედიაზე თავდასხმას, კრიტიკულ მედიასაშუალებებს კი ბოიკოტს უცხადებს, რითაც არღვევს საქართველოს ვალდებულებებს, დაიცვას გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები.
დღეს, ისე როგორც არასდროს, მოველით, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ერთად დადგებიან ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის ძირითადი თავისუფლებების დასაცავად. გთხოვთ, გააგრძელოთ საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური კომუნიკაცია და გააკეთოთ საჯარო განცხადებები ქვეყანაში დემოკრატიულ ჩავარდნებზე და იმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სვლა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
პატივისცემით,