
2023 წლის 11 მაისს, ლაშა ჩხარტიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეკრების თავისუფლების დარღვევა დაადგინა [1]. მის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავდა. ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი გავლენა უნდა იქონიოს პროტესტის მონაწილეების უფლებების დაცვაზე.
2019 წლის 29 ნოემბერს, ლაშა ჩხარტიშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებდა. აქციის მიმდინარეობისას, პერფორმანსის სახით, ლობიოს მარცვლების სროლის გამო, პოლიციამ ლაშა ჩხარტიშვილი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავა. მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილებით მას იმავე დღეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა [2].
ეროვნული სასამართლოები, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ ხშირად უკანონო, დაუსაბუთებელ და არაპროპორციულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ვალდებულები არიან სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას გაითვალისწინონ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა.
ლაშა ჩხარტიშვილის საქმეში ევროპულმა სასამართლომ განმარტა:
სტრასბურგის საასამართლოს განმარტებით, ეროვნულმა სასამართლომ ლაშა ჩხარტიშვილის მიმართ პატიმრობა ისე გამოიყენა, რომ ამ გარემოებებზე საერთოდ არ უმსჯელია. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილება ზოგადი და შაბლონური იყო, შედეგად, დაადგინა, რომ ლობიოს მარცვლების სროლის გამო პატიმრობის გამოყენებით სახელმწიფომ დაარღვია ლაშა ჩხარტიშვილის შეკრების თავისუფლება და სახელმწიფოს მის სასარგებლოდ 1200 ევროს გადახდა დააკისრა.
წლებია, სამოქალაქო ორგანიზაციები და უფლებადამცველები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემურ რეფორმას ითხოვენ, თუმცა, ნაცვლად უფლებრივი სტანდარტების გაუმჯობესებისა, ხელისუფლება კანონს კრიტიკული აზრის დაუსაბუთებელი, არაპროპორციული და თვითნებური შეზღუდვისთვის იყენებს [3]. ეს მიდგომა მიუთითებს ხელისუფლების სურვილზე, რომ საზოგადოებამ თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობისგან
Links
[1] https://hudoc.echr.coe.int/eng#%7B%22itemid%22:%5B%22001-224577%22%5D%7D
[2] https://www.radiotavisupleba.ge/a/30299520.html
[3] https://transparency.ge/ge/post/xelisupleba-ganagrzobs-aktivistebis-cinaagmdeg-martlmsajulebis-represiis-miznebistvis/?custom_searched_keyword=%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91
[4] https://transparency.ge/ge/category/tags/sasamartlo
[5] https://transparency.ge/ge/category/tags/martlmsajuleba