2022 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა პარლამენტის გამჭვირვალობა. მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს პარლამენტის შენობაში შესვლა და კომიტეტზე დასწრება დაუსაბუთებლად, პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ეზღუდებოდათ. პარლამენტმა მუდმივი საშვები გაუუქმა პარლამენტის მონიტორინგის განმახორციელებელ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ძირითადი მიგნებები
- 2022 წელს ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, საქართველოს მიერ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენა იყო. 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის წარმართვა პარლამენტმა ითავა, შექმნა სამუშაო ჯგუფები და წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივები. რეკომენდაციების შესრულების მიზნით განხორციელებული აქტივობებიდან აღსანიშნავია ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა და საპარლამენტო კონტროლისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ პარლამენტმა ვერ უზრუნველყო პროცესის საკმარისი ინკლუზიურობა, მასში ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების საკმარისი ჩართულობა;
- მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად, საკანონმდებლო დონეზე მოხდა საპარლამენტო კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესება, პარლამენტი არ დგამს ნაბიჯებს ოპოზიციისთვის საკმარისი მაკონტროლებელი ფუნქციების მინიჭებისა და მისი ფუნქციური გაძლიერებისთვის. პირიქით, საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს ოპოზიციის დასუსტებას, რისი მაგალითიცაა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, მაგალითად, ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში;
- 2022 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა პარლამენტის გამჭვირვალობა. მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს პარლამენტის შენობაში შესვლა და კომიტეტზე დასწრება დაუსაბუთებლად, პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ეზღუდებოდათ. პარლამენტმა მუდმივი საშვები გაუუქმა პარლამენტის მონიტორინგის განმახორციელებელ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს;
- 2022 წელს, მეათე მოწვევის პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტმა პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და ვეტო დაადო ფარული მოსმენების მარეგულირებელ კანონპროექტს, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუარესა პირადი ცხოვრების დაცვის სტანდარტი. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია;
- პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე წარსდგა 3-ჯერ; 12-ჯერ ჩატარდა მინისტრის საათი; ჩატარდა 7 ინტერპელაცია; შეიქმნა 15 თემატური მოკვლევის ჯგუფი.
პარლამენტის წევრთა აქტიურობა
- საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით ისარგებლა პარლამენტის 99-მა წევრმა, აქედან ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია ოპოზიციიდან დავით უსუფაშვილი (39 კანონის პროექტი) და უმრავლესობიდან რატი იონათამიშვილი (38 კანონის პროექტი);
- სიტყვით გამოსვლის უფლებით პარლამენტის 126-მა წევრმა ისარგებლა. პლენარულ სხდომაზე ყველაზე მეტი გამოსვლა ჰქონდა უმრავლესობიდან მიხეილ სარჯველაძეს (242), ხოლო ოპოზიციიდან რომან გოცირიძეს (93);
- სიტყვით გამოსვლის უფლებით არ ისარგებლა პარლამენტის 18-მა წევრმა, აქედან 10 იყო უმრავლესობის (ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, სუმბატ კიურეღიანი, ლევან კობიაშვილი, სამველ მანუკიანი, გოგი მეშველიანი, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ვიქტორ ჯაფარიძე) ხოლო 8 ოპოზიციის დეპუტატი (გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ცეზარ ჩოჩელი, დილარ ხაბულიანი);
- პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან კობა ნაყოფიამ (13 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ (11 გაცდენა);
- საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 84 წევრზე დაიხარჯა 1,739,782.93 ლარი;
- პარლამენტის 25 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაექვითა 68 704.69 ლარი;
- გაიზარდა სადეპუტატო კითხვების რაოდენობა, საანგარიშო პერიოდში პარლამენტის 52 წევრმა დასვა 5093 კითხვა; ყველაზე მეტი, 1005 კითხვა სადეპუტატო კითხვა დასვა ანა წითლიძემ ოპოზიციიდან.
მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება
პროგრესულად შეფასებულ კანონთა შორისაა: გენდერული ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაცია, ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის თავშესაფრის ახალი წესით სარგებლობის შემოღება.
პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს: ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესება.
ნეგატიურად შეფასებული შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები: ფარული საგამოძიებო მოქმედებებისას ადამიანის უფლებების სტანდარტის გაუარესება, სიძულვილის ენის სამართლებრივი რეგულირება.
ძირითადი გამოწვევები
საკანონმდებლო პროცესი
- განხილული კანონპროექტებისა და ჩატარებული სხდომების რაოდენობების მიხედვით ყველაზე აქტიური იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტები იყო, ხოლო პასიური - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი;
- გაიზარდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევები. დაჩქარებული წესით პარლამენტმა 125 კანონის პროექტი მიიღო;
- გაგრძელდა კანონპროექტთა განხილვის ვადის გაგრძელების პრაქტიკა. 79 საკანონმდებლო პაკეტთან (363 კანონის პროექტი) დაკავშირებით ვადის გაგრძელება 174-ჯერ იქნა გამოყენებული. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტჯერ (5-ჯერ) გაუგრძელდა განხილვის ვადა ოპოზიციის მიერ წარდგენილ ინიციატივას ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ;
- უკანასკნელი წლების ტენდენციის მიხედვით, პარლამენტი მხარს უჭერს მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებებს, რაც მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელოვან მექანიზმს აზრს უკარგავს.
საპარლამენტო კონტროლი
- არც ოპოზიციას და არც უმრავლესობას არ გამოუყენებია კომიტეტის სხდომაზე მთავრობის წევრებისა და ანგარიშვალდებული პირების დაბარების მექანიზმი;
- პარლამენტს წარედგინა საგამოძიებო კომისიის შექმნის 5 მოთხოვნა, მათ შორის სასამართლო სისტემაში კორუფციისა და თბილისში 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შესახებ. არცერთი კომისია არ შექმნილა;
- მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობდნენ სადეპუტატო კითხვებს. გაგზავნილი 5093 სადეპუტატო კითხვიდან პასუხი არ გაეცა 997-ს, რომელთა უმეტესობის ავტორი ოპოზიცის წარმომადგენელი იყო. პასუხებს უმეტესად მუნიციპალიტეტების მერები არ სცემდნენ, მინისტრებიდან კი კითხვები უპასუხოდ დატოვეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა (16 კითხვა) და თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ (14 კითხვა).
- ნდობის ჯგუფი საქმიანობას ახორციელებდა არასრული შემადგენლობით.
პარლამენტის ანგარიშვალდებულება და ღიაობა
- კვლავ პრობლემას წარმოადგენდა მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის პარლამენტის შენობაში შესვლა. პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა;
- პარლამენტმა მუდმივი საშვები გაუუქმა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც პარლამენტის მონიტორინგს ახორციელებენ, რაც მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგის განსახორციელებლად;
- ეთიკის კოდექსის მიღების მიუხედავად, დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ეთიკის საბჭოს შემადგენლობა. შედეგად, ვერ ხდება ეთიკის კოდექსის მოთხოვნების აღსრულება;
- მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის ახალი ვებგვერდი ამოქმედდა, დახვეწას საჭიროებს ვებგვერდზე ცალკეული ხასიათის ინფორმაციის მოძიება და განთავსება. ასევე პრობლემაა პარლამენტის კომიტეტებიდან და პარლამენტის მაჟორიტარ წევრთა ბიუროებიდან დროული და ზუსტი ინფორმაციის მიღება.
რეკომენდაციები
საპარლამენტო რესპუბლიკაში, საკანონმდებლო ორგანოს როლი, როგორც კანონშემოქმედებითი, ასევე საზედამხედველო ფუნქციის თვალსაზრისით, განუზომლად დიდია. აქედან გამომდინარე, პარლამენტი, მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით აქტიურად უნდა ახორციელებდეს კანონით დაკისრებულ ფუნქციებს, უნდა ამახვილებდეს ყურადღებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე როგორც კანონმდებლობის პროცესში, ასევე საპარლამენტო კონტროლის დროს.
- აუცილებელია, უმრავლესობა და ოპოზიცია თანამშრომლობდნენ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, მათ შორის, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში;
- რეგლამენტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის პროცესში ოპოზიციის სათანადო ჩართულობა და ოპოზიციის წევრების მიერ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს;
- პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნისას, პოლიტიზირებული გადაწყვეტილების თავიდან ასაცილებლად, სავალდებულო უნდა იყოს ოპოზიციურ ფრაქციებთან კონსულტაცია და რეგლამენტში უნდა გაიწეროს მათთან შეთანხმების გზით გადაწყვეტილების მიღების წესი;
- პარლამენტის შენობაში შესვლასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, არ ხდებოდეს მოქალაქეებისთვის დაუსაბუთებლად უარის თქმა, პარლამენტი ხელს უნდა უწყობდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში და არ უნდა ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს;
- მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტების განხილვა რეგლამენტით დადგენილ ვადაში ხორციელდებოდეს, არ ხდებოდეს ამ ვადის არგუმენტაციის გარეშე გაგრძელება და ასევე კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა;
- საპარლამენტო ზედამხედველობის როლის ჯეროვნად შესრულებისთვის, აუცილებელია, როგორც უმრავლესობამ, ისე ოპოზიციამ მაქსიმალურად გამოიყენოს რეგლამენტით გათვალისწინებული კონტროლის მექანიზმები. საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული კრიზისული ვითარების დროს;
- ანგარიშვალდებული ორგანოები და მთავრობის წევრები პარლამენტს ხელს უნდა უწყობდნენ კონტროლის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებაში, კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ კონსტიტუციითა და რეგლამენტით გაწერილ საპარლამენტო კონტროლის პროცედურებს;
- აუცილებელია, საპარლამენტო კონტროლი გაძლიერდეს უსაფრთხოების სექტორზე. ნდობის ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს სრულად და ოპოზიციურ ფრაქციებს უნდა მიეცეთ რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურებით ნდობის ჯგუფში გაწევრიანების საშუალება;
- ეთიკის კოდექსის ამოქმედების მიზნით, პარლამენტმა დროულად უნდა შეძლოს ეთიკის საბჭოს დაკომპლექტება.