ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ნიშნები რეგიონებში
1-5 აგვისტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდული ბანაკი გამართა [1], რომელიც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის იყო განკუთვნილი.
1 აგვისტოდან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო ახალი სოციალური პროგრამების განხორციელება:
სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარებ [2]ა, რომელიც ითვალისწინებს აჭარაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების გაწევას, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.
ახალშობილი ტყუპების ოჯახების მატერიალური დახმარება [3], რომლის თანახმადაც იზრდება ახალშობილი ტყუპების ოჯახების მატერიალური დახმარება. ამიერიდან ტყუპისცალზე სამინისტროს მიერ გაიცემა 1500 ლარი, ნაცვლად 1000 ლარისა.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 30 წლამდე პირების სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსება [4]. დაფინანსება მოიცავს თერაპიულ და ქირურგიულ სტომატოლოგიურ მომსახურებას.
1 აგვისტოს მთავრობამ მიიღო დადგენილება [5] მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ. პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეებს დაუფინანსდებათ სკების ღირებულების 50% არაუმეტეს 70 ლარი სკაზე, მაგრამ არაუმეტეს 5,000 ლარი ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით. პროგრამაზე სულ 2 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.
31 ივლისის მდგომარეობით 63 558 ფიზიკურ პირს ჯამურად 361 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა [6]. დავალიანების ჩამოწერის პროცესი 25 ივნისს დაიწყო, რომლის საფუძველიც 29 მაისს საგადასახადო კოდექსში მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების [7] მიღება იყო. ცვლილებების თანახმად ყველა ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით. ირაკლი კობახიძის თქმით, 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება.
ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ზემოთ აღწერილი ტიპის ახალი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი/პარტია გადასახადის გადამხდელების ხარჯზე სერიოზულ უპირატესობას იღებს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები საარჩევნოდ მოტივირებულ საბიუჯეტო ხარჯვად შეიძლება შეფასდეს.
Links
[1] https://kvira.ge/946455
[2] http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=1234853&gid=3
[3] http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=1234855&gid=3
[4] http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=1234856&gid=3
[5] https://matsne.gov.ge/ka/document/view/6241532?publication=0
[6] https://bm.ge/news/63-atas-moqalaqes-361-milioni-laris-sagadasakhado-davalianeba-chamoetsera
[7] https://matsne.gov.ge/ka/document/view/6158656?publication=0#DOCUMENT:1;