როგორც ჩვენთვის მედიის მეშვეობით გახდა ცნობილი, ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ცნოს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებული შეზღუდვები. აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც ორგანიზაციას, ისე პირადად ეკა გიგაურს ჯერ-ჯერობით არ ჩაბარებიათ.
ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ საფუძველს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და ეკა გიგაგური დიახაც იყვნენ და კვლავაც რჩებიან საქართველოს ევროპული არჩევანის ერთგულნი და ამას აფიქსირებდნენ ყველა საჯარო განცხადებაში. ასეთი არჩევანი დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს შეესაბამება. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში.
ჩვენ დაველოდებით ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ჩვენთვის ჩაბარებას და ამის შემდეგ გადავდგამთ სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს.