საბა სხვიტარიძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. კერძოდ, ბრალდების მტკიცებით, იგი 2024 წლის 4 დეკემბერს, საღამოს საათებში, თბილისში, სასტუმრო „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თავს დაესხა პოლიციელს - მირიან ქავთარაძეს და თავში ორჯერ ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი, რითაც ჩაიდინა „სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა“. აღნიშნული დანაშაულისთვის გათვალისწინებულია სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.
საბა სხვიტარიძე უკვე თითქმის ორი თვეა პატიმრობაში იმყოფება. როგორც ყველა სხვა საქმეში, რომელიც პროტესტის მონაწილეებს შეეხება, მასაც პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა, სათანადო დასაბუთების გარეშე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
1. ვინ არის საბა სხვიტარიძე?
საბა სხვიტარიძე არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის “ახალი” წევრი. პარტიაში გადასვლამდე იგი მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია “რეფორმებისა და კვლევის ჯგუფში”, იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი. მისი ორგანიზაცია მუშაობდა და კვლავაც მუშაობს ადამიანის უფლებების, დემოკრატიული რეფორმებისა და არჩვევნების მონიტორინგის საკითხებზე. საბა სხვიტარიძე აქტიურად იყო ჩართული “რუსული კანონის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მოწყობაში, იყო ამ აქციების ატიური მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორიც. იგი ასევე აქტიურად იყო ჩართული სტუდენტურ მოძრაობებთან კომუნიკაციაში. ის არის საჯარო პირი და ძალიან აქტიურად გამოთქვამდა თავის კრიტიკულ მოსაზრებებს “ქართული ოცნების” პოლიტიკასთან დაკავშირებით. ის არის საქართველოს კანონმორჩილი მოქალაქე და არასოდეს ყოფილა სამართალდამცველების დევნის ობიექტი.
პირველად ის დააკავეს 2024 წლის 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, არჩევნების შემდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციების დროს, სადაც მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა [1]. გარდა ამისა, იგი მაშინ 2500 ლარით დააჯარიმეს [2].
2. ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულის ადგილთან, გარემოებებთან და ხერხთან დაკავშირებით
საბა სხვიტარიძის ბრალდების საქმეში მის მიერ თითქოსდა ჩადენილი დანაშაულის ადგილთან, გარემოებებთან და ჩადენის ხერხთან დაკავშირებით სრულიად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია და მტკიცებულებები მოიპოვება. ამ ინფორმაციების და მტკიცებულებების შეუთავსებლობა, სულ მცირე, წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ საბა სხვიტარიძის ბრალდების საქმე არის შეთხზული და, რომ სინამდვილეში საბა სხვიტარიძეს მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია.
ა) ბრალდების ვერსია დანაშაულის ადგილთან, გარემოებებთან და ხერხთან დაკავშირებით
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი (ფორმა N1), რითაც იწყება ხოლმე გამოძიება, შედგენილია 2024 წლის 4 დეკემბერს გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის მიერ. საქმეში ასევე მოიპოვება დეტექტივ ალექსანდრე გაჩეჩილაძის იმავე დღით - 2024 წლის 4 დეკემბრით დათარიღებული პატაკი და გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, „კონფიდენციალური ინფორმაციით“, რომლის წყაროს დასახელებაზე გაჩეჩილაძემ უარი თქვა, მირიან ქავთარაძეზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტი „ჩადენილი უნდა ჰქონდეს“ საბა სხვიტარიძეს.
მოგვიანებით, ღამის საათებში, როდესაც უკვე 5 დეკემბერი დადგა, მოწმის სახით გამოიკითხნენ პოლიციელები - ლუკა ჯინჭარაძე და მიხეილ წიკლაური, რომლებმაც გამომძიებელს სიტყვა-სიტყვით იდენტური ჩვენება მისცეს. კერძოდ, ორივემ განაცხადა, რომ 4 დეკემბერს საღამოს საათებში იმყოფებოდა თბილისში, სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია. ორივემ განაცხადა, რომ „საზოგადოებრივ წესრიგს იცავდნენ“, თუმცა, სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულები. ორივე მათგანმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები იყვნენ „აგრესიულები“, „ ყვიროდნენ და იგინებოდნენ“ პოლიციელების მისამართით. სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი „წესრიგის დამცველები“ მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს სიმშვიდისაკენ, მაგრამ ამაზე, მათი თქმით, აქციის მონაწილეები კიდევ უფრო გაღიზიანდნენ. როგორც ორივე „მოწმემ“ განაცხადა, მათ დაინახეს, რომ „უეცრად აქციის მონაწილე პირებიდან ერთ-ერთი, რომელიც იყო დაახლოებით 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი, მუქი ფერის წვერით, ოდნავ კეხიანი ცხვირით, მიუახლოვდა ჩვენს თანამშრომელს მირიან ქავთარაძეს და თავის არეში ორჯერ ძლიერად ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი, რა დროსაც მირიან ქავთარაძეს თავიდან წამოუვიდა სისხლი. აღნიშნულის შემდეგ ხსენებული პირი სწრაფად შეერია აქციის მონაწილეებს და მიიმალა.“ ეს ფრაზა, ისევე, როგორც დანარჩენი ყველაფერი ამ ორი სხვადასხვა მოწმის გამოკითხვის ოქმში, სიტყვა-სიტყვით არის გადატანილი ერთი ოქმიდან მეორეში.
ამის შემდეგ, ორივე მათგანის მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რის შედეგადაც ორივე პოლიციელმა 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო საბა სხვიტარიძე, როგორც პირი, რომელიც თავს დაესხა მირიან ქავთარაძეს.
იგივე შინაარსისა და ფრაზეოლოგიის შემცველი ჩვენება მისცა მეორე დღეს ე.წ. დაზარალებულმა მირიან ქავთარაძემ. იგივე გაიმეორა მოგვიანებით კიდევ ერთმა პოლიციელმა - მიხეილ სუჯაშვილმა.
საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულ იქნა შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ განყოფილების ხელმძღვანელი, რომელმაც აჩვენა, რომ მირიან ქავთარაძე ცენტრში მიყვანილ იქნა და მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა 4 დეკემბერს ღამის საათებში. მტკიცებულებების სახით, „კავკასიის მედიცინის ცენტრიდან“ ასევე ამოღებულ იქნა სამედიცინო დოკუმენტაცია მირიან ქავთარაძის სამედიცინო შემოწმების შესახებ. მოგვიანებით, მოპოვებულ იქნა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმად, მირიან ქავთარაძის მიერ მიღებული დაზიანება „მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით“.
ბ) გამოძიების დოკუმენტი, რომელიც დანაშაულის ადგილთან და ხერხთან დაკავშირებით სულ სხვა ინფორმაციას შეიცავს
ბრალდების მხარის ზემოთ აღწერილ ვერსიას იმის შესახებ, რომ საბა სხვიტარიძე 2024 წლის 4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტთან“ თავს დაესხა პოლიციელ მირიან ქავთარაძეს და თავში ორჯერ ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი, მთლიანად აცამტვერებს თვითონ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და საქმეში არსებული სხვა დოკუმენტი - ელ. სმენით შეტყობინება დანაშაულის ფაქტის შესახებ, რომელშიც ვკითხულობთ: „კავკასიის მედიცინის ცენტრში სასწრაფოს მიერ თავისუფლების მოედნიდან შეყვანილია შს სამინისტროს თანამშრომელი მირიან ქავთარაძე. პაციენტის გადმოცემით თავის არეში მოხვდა აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგანი.“
მაშასადამე, თუ ეს დოკუმენტი სწორ ინფორმაციას შეიცავს, მაშინ გამოდის, რომ ვითომდაც ჩადენილი დანაშაულის ადგილი იყო არა რუსთაველის გამზირი, სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორია, არამედ თავისუფლების მოედანი. იმავე დოკუმენტით ირკვევა, რომ ჯანმრთელობის დაზიანება, თუ ასეთი შედეგი მართლაც დადგა, მირიან ქავთარაძემ მიიღო არა ხელკეტის ორჯერ ჩარტყმით, როგორც პოლიციელები ლუკა ჯინჭარაძე და მიხეილ წიკლაური ირწმუნებიან და მოგვიანებით ქავთარაძემ და სუჯაშვილმაც გაიმეორეს, არამედ, თვითონ ქავთარაძის თქმით, „აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნით“.
გ) დაცვის მხარის პოზიცია და მტკიცებულებები შემთხვევის ადგილთან და შემთხვევის სხვა გარემოებებთან დაკავშირებით
ზემოაღნიშნულ შეტყობინებაში დაფიქსირებული ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილი თავისუფლების მოედანი იყო და არა სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორია, მთლიანად დასტურდება საბა სხვიტარიძის ჩვენებით და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც სარწმუნოდ მიუთითებს, რომ სინამდვილეში საბა სხვიტარიძე იმ საღამოს მართლაც თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ შესასვლელთან იმყოფებოდა და არა სასტუმრო „თბილისი მერიოტთან“, როგორც ამას „დაზარალებული“ და მოწმე პოლიციელები ირწმუნებიან. ცნობისათვის, ამ ორ სასტუმროს შორის მანძილი დაახლოებით 650 მეტრია. მათი უნებლიედ არევა ერთმანეთში შეუძლებელია.
საბა სხვიტარიძის და დაცვის არაერთი სხვა მოწმის ჩვენებით, 2024 წლის 4 დეკემბერს საბა სხვიტარიძეს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ შესასვლელთან დაპირისპირება ჰქონდა ე.წ. „ტიტუშკებთან“, მუქი ფერის სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ, პარბადეებით სახედაფარულ პირებთან, რომლებიც სასტუმროსთან იყვნენ მისულები და უშვერი სიტყვებით აგინებდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც სასტუმროში ერთმანეთთან მოლაპარაკებებს მართავდნენ.
სწორედ ამ „ტიტუშკებს“ შორის იყო ე.წ. „დაზარალებული“ მირიან ქავთარაძეც, რომელიც გამოირჩა იმით, რომ ხელი დაარტყა იქვე მყოფ ახალგაზრდა ქალს, რომელიც ცდილობდა ნიღაბი და კაპიუშონი ჩამოეხსნა მირიან ქავთარაძისათვის. ამ დროს გაისმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან შეძახილი - „ქალს ხელს როგორ ურტყამო“. ამას მოჰყვა დაპირისპირება ორ ჯგუფს - ოპოზიციის წარმომადგენლებსა და „ტიტუშკებს“ შორის.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არც ქავთარაძეს და არც რომელიმე სხვა „ტიტუშკას“ არ ეცვა პოლიციელის ფორმა და არც რაიმე განმასხვავებელი ნიშანი ჰქონდა ტანსაცმელზე, რომელიც გარეშე პირს, მათ შორის, საბა სხვიტარიძეს მიანიშნებდა, რომ საქმე „პოლიციელთან“ ჰქონდა.
დ) ვიდეომტკიცებულებები
საქმეში მოიპოვება ვინმე ტ.მ.-ის მიერ თავის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეო კლიპი, რომელიც გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის აღწერით, ასახავს საბა სხვიტარიძის თავდასხმას მირიან ქავთარაძეზე სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ „მტკიცებულების“ ავთენტურობა და საქმესთან შემხებლობა არაფრით დასტურდება. გარდა ამისა, საქმეში არ მოიპოვება რაიმე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ამ ვიდეო კლიპზე სწორედ საბა სხვიტარიძე და მირიან ქავთარაძე ფიქსირდებიან. სავარაუდოდ, ქვემოთ აღწერილი გარემოებების გამო, ასეთი ექსპერტიზა, თუ შედგებოდა, მისი დასკვნა გამოძიებისთვის სახარბიელო ვერ იქნებოდა.
მეორე მხრივ, საქმეში მოიპოვება დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები - რამდენიმე ტელეკომპანიის, მათ შორის, „მთავარის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ მიერ გადაცემული ვიდეომასალა, რომლებზეც აშკარად ჩანს, რომ როგორც საბა სხვიტარიძე, ისე მირიან ქავთარაძე იმ საღამოს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტთან“ იმყოფებოდნენ და არა სასტუმრო „თბილისი მერიოტთან“.
ტელერახების მიერ გადაცემულ ვიდეომასალაში ასევე კარგად ჩანს, თუ როგორ გადახადა კაპიუშონი მირიან ქავთარაძეს ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც ქავთარაძემ სახეში ან მხარში დარტყმით უპასუხა. ასევე კარგად ჩანს ისიც, რომ სწორედ ქავთარაძის ამ ძალადობრივ ქმედებას მოჰყვა შედეგად ჯგუფური დაპირისპირება ოპოზიციის წარმომადგენლებსა და „ტიტუშკებს“ შორის, რომელიც, ვიდეოჩანაწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერთმანეთზე ჩვეულებრივი ჩხუბის დროს ხელით შეხებას და ორმხრივ ჯიკაობას არ გასცდენია. ამ ჯგუფურ დაპირისპირებაში ძნელია იმის გარკვევა, ვის რა როლი მიუძღოდა და ვინ ვის დაარტყა ხელი. ასევე ბუნდოვანია კონკრეტულად საბა სხვიტარიძის როლიც. ამასთანავე, რაიმე ხელკეტის გამოყენების ფაქტი ამ ვიდეომასალაში არ ჩანს.
3. ბრალდების „ვერსიის“ სიყალბე
ზემოთ აღწერილი გარემოებები, მათ შორის, ტელევიზიების მიერ ტრანსლირებული და დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების სახით მოპოვებული ვიდეომასალა იმაზე მეტყველებს, რომ ბრალდების მთელი „ვერსია“ იმის შესახებ, რომ საბა სხვიტარიძემ სასტუმრო „თბილისი მერიოტთან“ ორჯერ ჩაარტყა ხელკეტი თავში მირიან ქავთარაძეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო, მოგონილი და გაყალბებულია. კერძოდ:
4. „დაზარალებული“ მირიან ქავთარაძე სამსახურებრივ საქმიანობას არ ახორციელებდა, სავარაუდოდ, იგი დანაშაულს სჩადიოდა
თუნდაც სიმართლე ყოფილიყო ბრალდების ვერსია, რომ საბა სხვიტარიძემ ორჯერ ხელკეტი ჩაარტყა თავში მირიან ქავთარაძეს, რაც, როგორც ვნახეთ, სიმართლეს არ შეესაბამება, საბა სხვიტარიძის ქმედებას ვერ მიეცემოდა „სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის“ კვალიფიკაცია, რადგან მირიან ქავთარაძეს არ ეცვა პოლიციელის ფორმა და სამსახურებრივ საქმიანობას იმ მომენტში იგი არ ახორციელებდა.
ზემოთ აღწერილი ფაქტები ცხადყოფს, რასაც, სხვათა შორის, თვითონ მირიან ქავთარაძე და ბრალდების სხვა მოწმეებიც აღიარებენ, იმ საღამოს ქავთარაძეს და სხვა პირებს პოლიციელის ფორმა არ ეცვათ და არც რაიმე განმასხვავებელი ნიშანი ჰქონდათ ტანსაცმელზე. შესაბამისად, არც საბა სხვიტარიძეს და არც რომელიმე სხვა გარეშე პირს არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ საქმე ჰქონდა პოლიციელებთან.
გარდა ამისა, თუნდაც მირიან ქავთარაძეს სცმოდა პოლიციელის ფორმა, იგი არათუ პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობას არ ახორციელებდა, ანუ არათუ არ იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, არამედ პირიქით, თავად უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, სჩადიოდა დანაშაულს, რადგან, თავის ამფსონებთან ერთად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს უშვერი სიტყვებით შეურაცხყოფდა და მათ მიმართ ძალადობდა. შესაბამისად, იგი მოქმედებდა არა როგორც პოლიციელი, არამედ როგორც ქუჩის ხულიგანი და პროვოკატორი.
მისი ამგვარი მოქმედება შეიძლება კვალიფირებულ იქნეს, როგორც ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ასეთი ქმედება, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ისჯება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
გარდა ამისა, იგი ბოროტად სარგებლობდა თავისი სამსახურებრივი საქმიანობით, რაც იმავე კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
5. საბა სხვიტარიძეს ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია
რადგან მირიან ქავთარაძე არ ახორციელებდა სამსახურებრივ საქმიანობას და პოლიციელად მისი იდენტიფიცირებაც შეუძლებელი იყო, ეჭვგარეშეა, რომ საბა სხვიტარიძეს არ ჩაუდენია განზრახი დანაშაული, რომელიც „სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით“ „პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას“ ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში სახეზე არ არის ამ დანაშაულის შემადგენლობის ორი ნიშანი „სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით“ და „პოლიციელის“ ჯანმრთელობის ხელყოფა.
ძალიან საეჭვოა, რომ საბა სხვიტარიძემ ჩაიდინა რაიმე სხვა დანაშაული, მაგალითად, „ძალადობა“ გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულია და სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. როგორც უკვე ითქვა, მთელი ეს ინციდენტი სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ შესასვლელთან პროვოცირებული იყო თვითონ მირიან ქავთარაძის მიერ და სწორედ მის აგრესიულ მოქმედებას მოჰყვა შედეგად ორმხრივი ჯგუფური დაპირისპირება, რომელშიც საბა სხვიტარიძის როლი ბუნდოვანია.
6. საბა სხვიტარიძის უკანონო დაკავება
საბა სხვიტარიძის მიმართ სამართალდამცავი სისტემის მიერ ჩადენილი სადამსჯელო ოპერაცია მისი უკანონო დაკავებით დაიწყო. როგორც საბა სხვიტარიძე აღწერს, 2024 წლის 5 დეკემბერს გამთენიისას, იგი მამასთან ერთად, მამის ავტომონილით, გურიისკენ მიმავალი მოძრაობდა, როდესაც ზესტაფონის მახლობლად ისინი პატრულის მანქანამ შეაჩერა. ამის შემდეგ, საბა სხვიტარიძე ძალადობრივად გადმოიყვანეს მამის ავტომანქანიდან, ყოველგვარი განმარტების გარეშე, თუ რისთვის და რა საფუძვლით აკავებდნენ, რა უფლებებით შეეძლო მას ესარგებლა და სხვ., დაადეს ხელბორკილები, გადასვეს პოლიციის ავტომანქანაში და თბილისის მიმართულებით წაიყვანეს. გზაში, გორის მახლობლად, იგი „ტოიოტა ქემრის“ მარკის ავტომობილში გადასვეს, რომლითაც იგი თბილისში, კ. ჩალაძის ქუჩა N1-ში მდებარე თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მიიყვანეს.
პოლიციელთა ამგვარი მოქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის „განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება“ ნიშნებს.
7. საბა სხვიტარიძის მიმართ პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული წამება ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მიყვანის შემდეგ საბა სხვიტარიძე აიყვანეს შენობის მე-5 სართულზე, სადაც იგი ოთხმა ნიღბიანმა მუშტებისა და ფეხების გამოყენებით ცემა. შემდეგ იგი გადაიყვანეს მე-8 სართულზე გამომძიებელთან. თუმცა, რამდენიმე წუთში გამომძიებელმა იგი მარტო დატოვა. ამის შემდეგ მასთან ოთახში შევიდა კიდევ რამდენიმე ნიღბიანი პირი, რომელიც კიდევ ერთხელ, ამჯერად დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, სხვადასხვა საგნების გამოყენებით გაუსწორდა მას. ძალადობის ორივე ეპიზოდის დროს საბა სხვიტარიძემ ძლიერი ფიზიკური და სულიერი ტკივილი განიცადა. ძალადობის დასრულების შემდეგ საბა სხვიტარიძე ჩაყვანილ იქნა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს წამების ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპრობის ნიშნებს (სისხლის სამართლის კოდექსის 1441 და 1443 მუხლები), საბა სხვიტარიძე ცნობილ იქნა დაზარალებულად, თუმცა, დღემდე გამოძიებას არ დაუდგენია, თუ ვინ იყვნენ ეს მოძალადე ნიღბიანი პირები. შესაბამისად, დღემდე არც არავის პასუხისმგებლობა დამდგარა.
8. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პროკურატურის უმოქმედობა
საქართველოს კანონმდებლობით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი წამების ან არარადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეა. ამასთან, როგორც ყველა დანაშაულთან მიმართებით, ისე ამ შემთხვევაშიც, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას პროკურატურა ახორციელებს.
ის ფაქტი, რომ საბა სხვიტარიძის მიმართ პოლიციელთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საქმეზე თითქმის ორი თვის განმავლობაში გამოძიებას არაფერი დაუდგენია და არც არავინ ყოფილა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, სულ მცირე, მეტყველებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელთა, მათ შორის, სამსახურის უფროსის - კარლო კაციტაძის და გენერალური პროკურორის - გიორგი გაბიტაშვილის მხრიდან სამსახურებრივ გულგრილობაზე (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი).
9. საბა სხვიტარიძის დევნის პოლიტიკური ხასიათი
როგორც უკვე ითქვა, საბა სხვიტარიძეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „ახალი“ წევრი და აქტივისტია. შესაბამისად, სხვა დანაშაულებთან ერთად, რომელიც მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, არსებითად მთელი სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემის მიერ იქნა ჩადენილი, ასევე იკვეთება ადამიანის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით დევნის ნიშნებიც (სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი), რომლის მიზანი მისი პარტიის, ზოგადად ოპოზიციური პარტიებისა და მთელი თავისუფლებისმოყვარე საზოგადოების დაშინებაა.
დასკვნა
საბა სხვიტარიძის საქმე კონკრეტული მოქალაქის დასჯის მიზნით მიტაცებულ სამართალდამცავ ინსტიტუტებს შორის კოორდინირებული მოქმედების მკაფიო მაგალითია.
როგორც ზემოთ ითქვა, საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება, რომ საბა სხვიტარიძემ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული ან რომელიმე სხვა დანაშაული. გამოძიების მასალებში გაყალბებულია ვითომდაც ჩადენილი დანაშაულის ადგილი და გარემოებები. მოწმე პოლიციელების ჩვენებები ცრუ და სიტყვა-სიტყვით ერთმანეთის იდენტურია, რაც მათ სარწმუნოობას ძირს უთხრის და იმაზე მიუთითებს, რომ ეს ჩვენებები არა თვითონ მოწმეების, არამედ გამომძიებლის მიერ წინასწარ არის შედგენილი და ამ ცრუ მოწმეების მიერ ხელმოწერილი.
ცალსახაა, რომ გამოძიება თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებულია და მიზნად ისახავს საბა სხვიტარიძის დასჯას მის წარსულ და მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ მიზნის მიღწევაში ჩართული არიან სახელმწიფო ინსტიტუტები და ამ ინსტიტუტების კონკრეტული წარმომადგენლები, კერძოდ:
აღნიშნული პირების ქმედებებში იკვეთება რამდენიმე დანაშაულის ნიშნები, კერძოდ:
როგორც უკვე ითქვა, პირები, რომლებიც პოლიციის განყოფილებაში სასტიკად გაუსწორდნენ საბა სხვიტარიძეს, აგრეთვე, გამომძიებელი, რომელიც ოთახიდან გავიდა და საბა სხვიტარიძე მოძალადე ნიღბიანებს შეატოვა, რითაც დანაშაულის ამსრულებლებს დაეხმარა, პასუხს აგებენ სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის (“წამება”) მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 9-დან 15 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 5 წლამდე; ან, სულ მცირე იმავე კოდექსის 1443 მუხლის (“დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა”), მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად, რაც ისჯება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 10 წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 5 წლამდე ან უამისოდ.
ის ფაქტი, რომ აღნიშნული პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით საზოგადოებისთვის ცნობილია ამ საქმის დეტალები, აგრეთვე, ისიც, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან არ ყოფილა ამ საქმეში ჩართული სამართალდამცველების საქმიანობის გამოძიების მცდელობა, კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ საბა სხვიტარიძის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებაა.
Links
[1] https://www.interpressnews.ge/ka/article/820893-advokatebis-inpormaciit-koalicia-cvlilebistvis-dakavebul-cevrebs-saba-sxvitarizesa-da-manuchar-chachanizes-dazianebebi-agenishnebat/
[2] https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-2500-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1/33254745.html