ჩვენ ეს დოკუმენტი შევქმენით როგორც სახელმძღვანელო, რათა დავეხმაროთ IT მენეჯერებს და სააგენტოების ხელმძღვანელებს ღია მონაცემთა ბაზის შექმნაში. თუმცა, ჩვენ ვერ ვითვალისწინებთ ყველა შემთხვევას, რადგან „მონაცემები“ ფართო ტერმინია და ზოგიერთი სახის მონაცემის სრული საჯაროობისთვის მისი გავრცელების ისეთი ფორმებია საჭირო, რომლებიც ჩვენს შემთხვევაში განხილული არ იქნება. ამასთან ერთად, არსებობს ისეთი საკითხებიც, როგორიცაა, მაგალითად, მონაცემთა ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რომელსაც აქ არ განვიხილავთ, თუმცა კი ეს საკითხები ძალზე მნიშვნელოვანია ვებ–გვერდის გამართული და ეფექტური მუშაობისთვის.
საჯარო მონაცემები ისეთი მონაცემებია, რომელთა გავრცელება არ არის შეზღუდული ისეთი მიზეზის გამო, როგორიცაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, უსაფრთხოება ან რაიმე სხვა ლეგიტიმური ინტერესი. ეს სახელმძღვანელო არ განიხილავს დეტალურად იმას, თუ რომელი ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო. მიუხედავად ამისა, სამთავრობო მონაცემები უნდა განიხილებოდეს როგორც საჯარო, თუ არ არსებობს საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში მყოფი სპეციფიკური მიზეზი მისი საჯაროობის შეზღუდვისთვის. ამასთან, განაწყვეტილება მონაცემთა გასაიდუმლოების შესახებ საჯარო ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს. თუ მონაცემების გასაიდუმლოება კანონის ფარგლებში ხდება, ეს მონაცემები რედაქტირებულ უნდა იქნეს და რედაქტირება მკაფიოდ უნდა იყოს ხაზგასმული, ხოლო მონაცემთა დანარჩენი ნაწილი საჯარო უნდა გახდეს ისევე, როგორც ინფორმაცია რედაქტირების მიზეზების შესახებ.
ღია (საჯარო) მონაცემები არის:
- სრული:
- ნებისმიერი მონაცემები, რომლებიც საჯარო მონაცემებს შეიცავს, გამოქვეყნებულ უნდა იქნეს. ეს ეხება არაციფრულ საარქივო მონაცემებს და ჯამური და შედგენილი რიცხვების მისაღებად გამოყენებულ მონაცემებსაც.
- პირველადი:
- მონაცემები პირველწყაროდან უნდა იყოს აღებული და ისევე დეტალურად უნდა გამოქვეყნდეს, როგორც შეგროვდა.
- დროული:
- მონაცემები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს ხელმისაწვდომი, რათა მაქსიმალურად ფასეული იყოს საზოგადოებისთვის.
- ხელმისაწვდომი:
- მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა იყოს რაც შეძლება ბევრი მომხმარებლისთვის და გამოსადეგი უნდა იყოს მიზნების მაქსიმალურად ფართო სპექტრისთვის.
- მანქანის მიერ წაკითხვადი:
- მონაცემები ინახება იმ ფორმატითა და სტრუქტურით, რომელიც შესაძლებელს ხდის მის ავტომატიზირებულ დამუშავებას.
- არადაპატენტებული:
- მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება ღია ფორმატში რომელზეც არავის არ ექნება ექსკლუზიური კონტროლი. ღია ფორმატში მონაცემების ასახვა უზრუნველყოფს, რომ მონაცემების დამუშავებისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამები ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება.
- ლიცენზიისგან თავისუფალი:
- მონაცემები არ ექვემდებარება ინტელექტუალურ საკუთრების დაცვას, როგორიცაა საავტორო ან სავაჭრო ნიშანი და ამ სტატუსის გადამოწმება იოლია.
- ექვემდებარებოდეს გადასინჯვას:
- ყველა საჯარო თუ კერძო ორგანომ, რომელიც ამ მონაცემებს აქვეყნებს, უნდა დანიშნოს პირი, რომელიც უპასუხებს კითხვებსა და საჩივრებს მონაცემთა შესახებ. ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია თან უნდა დაერთოს მონაცემებს.
- იოლად მისაგნები:
- მონაცემები მომხმარებლისათვის ადვილად მისაგნები უნდა იყოს. მონაცემები შესაბამის კატალოგში უნდა იქნეს შეტანილი, ხოლო მონაცემთა ვებ–გვერდი ხელმისაწვდომი უნდა იყოს საძიებო სისტემებში.
- მუდმივი:
- მოძველების შემთხვევაში, მონაცემები ისე უნდა იყოს დაარქივებულ,ი რომ ზემოთ მოცემული კრიტერიუმები დააკმაყოფილოს.s
ეს სახელმძღვანელო მომზადებულია ფონდ „Sunlight“-ის, Access-Info Europe-ის, OpenGovData.org-ის და სხვა ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული სახელმძღვანელოების საფუძველზე. დასაშვებია ამ დოკუმენტისა და მისი შინაარსის გამოყენება, შეცვლა და ხელახლა გავრცელება. ამასთან, ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს, რომ ეს ცვლილებები მათ ავტორებს ეკუთვნის და არა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ან „საერთაშორისო გამჭვირვალობას“.
მხარდამჭერი:
ამ დოკუმენტთან დაკავშირებული საკონტაქტო პირი არის დერეკ დოლერი
გვერდის ბოლო ცვლილების თარიღია: 31 იანვარი, 2011