„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიესალმება თბილისის მერის გადაწყვეტილებას - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიესალმება თბილისის მერის გადაწყვეტილებას

10 მაისი, 2012

მიმდინარე წლის 24 აპრილს ჩვენი ორგანიზაციის ბლოგზე განვათავსეთ სტატია, სადაც განვიხილეთ ბარათაშვილის ქუჩის გამწვანებასთან დაკავშირებით ჩატარებული ტენდერი და გამოვთქვით მოსაზრება, რომ თბილისის მერიასა და კომპანია „გრინსერვისს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება განმარტებას საჭიროებდა თბილისის მერიის მხრიდან.

გუშინ, 9 მაისს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა თბილისის მერის, ბატონ გიგი უგულავას განცხადება, რომლის თანახმად, თბილისის მერია აუქმებს კომპანია „გრინსერვისთან” დადებულ ხელშეკრულებებს და საქმეს სამართალდამცავ ორგანოებს უგზავნის დამატებითი შესწავლისთვის.

ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დასკვნები გავაკეთოთ რომელიმე მხარის პასუხისმგებლობის შესახებ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ყურადღებით უნდა იქნეს შესწავლილი ტენდერში მონაწილე ყველა მხარის ქმედებები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მადლობას უხდის თბილისის მერს ორგანიზაციის მიერ დასმული კითხვების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და შესაბამისი რეაგირებისთვის. ვფქირობთ, რომ თბილისის მერის განხცხადება მეტად პოზიტიური ნაბიჯია ქალაქის ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის კუთხით. ამასთან, იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ნაბიჯი პრეცედენტი გახდება, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის კულტურის დამკვიდრებას.

ასევე მივესალმებით თბილისის მერის გადაწყვეტილებას, შეიქმნას მერიის სპეციალური განყოფილება, რომელიც მომავალში შესასყიდი პროდუქციის საბაზრო ღირებულებას შეისწავლის და ზედამხედველობას განახორცეილებს შესყიდვების პროცესზე. ვფიქრობთ, რომ ხსენებული შემთხვევა ხაზს უსვამს შიდა კონტროლისა და აუდიტის ორგანოების საქმიანობის დახვეწის აუცილებლობას.

print