განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან თანამშრომელთა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან თანამშრომელთა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ

09 ივნისი, 2016

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა თანამშრომელმა 7 და 8 ივნისს მიიღო გაფრთხილება გამგეობაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. შესაბამისი ბრძანება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოსცა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მაია ღურწკაიას განცხადებით თანამშრომელთა მოსალოდნელი შემცირების მიზეზი მათთვის ცნობილი არ არის.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა, მოხდეს გარკვეული სტრუქტურული გადაადგილებები, ინფორმაცია კი თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების შესახებ მან არც უარყო და არც დაადასტურა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პოზიციით, წინასაარჩევნო პერიოდში რაიმე სახის სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება და თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება არ არის მიზანშეწონილი, რადგანაც ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონკრეტულ საჯარო მოხელეებზე ზეწოლისათვის.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ დროისათვის მუნიციპალიტეტს ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული კონკრეტული პოზიცია ამა თუ იმ სტრუქტურული თუ საშტატო ერთეულის საჭიროებასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ მოცემული რეორგანიზაცია, როგორც ჩვენს მიერ სხვადასხვა ინსტანციაში გასაჩივრებული არაერთი მსგავსი ფაქტი, ფორმალურ ხასიათს ატარებს და შეიძლება ემსახურებოდეს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის წინასაარჩევნო ინტერესებს.

ასევე, ეჭვს იწვევს ის გარემობა, რომ შესაძლო ცვლილებები ხორცილდება საბიუჯეტო წლის მეექვსე თვეს და არა მის დასაწყისში ან დასასრულს, რა დროსაც შესაძლებელია მუნიციპალიტეტს გარკვეული რეოგრანიზაცია საბიუჯეტო რესურსების ეკონომიის ან/და სტრუტქურული ერთეულების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით განეხორციელებინა.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციის საჭიროება სათანადოდ იქნება დასაბუთებული და მისი აუცილებლობა გარდაუვალი, მოვუწოდებთ ადმინისტრაციულ ორგანოს მაქსიმალურად უზრუნველყოს მის სტრუქტურებში დასაქმებული საჯარო მოხელეთა შრომითი და სამართლებრივი ინტერესების დაცვა.