ENG

კახა კალაძის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ

22 ოქტომბერი, 2012

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში ბოლო ორი დღის მანძილზე ვრცელდება ინფორმაცია კახა კალაძის ბიზნეს-ინტერესების შესახებ, რომელიც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გადაამოწმა მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში მოქმედ ზოგიერთ კომპანიასთან მინისტრობის კანდიდატის შესაძლო კავშირის შესახებ. საჯარო რეესტრის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კახა კალაძე 2011 წლის მდგომარეობით იყო კვიპროსზე რეგისტრირებული შპს „კალა კაპიტალ ლიმიტედის” ერთ-ერთი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. „კალა კაპიტალ ლიმიტედი”, თავის მხრივ, ფლობს 100-პორცენტიან წილს საქართველოში რეგისტრირებულ შპს „კალა კაპიტალში”, ხოლო ეს უკანასკნელი 100-პროცენტიანი წილის მფლობელია კომპანიაში „კალა ენერჯი ენდ ნეჩურალ რესურსის”. კომპანიის წესდების თანახმად, „კალა ენერჯი ენდ ნეჩურალ რესურსის” საქმიანობის ძირითადი სფერო ენერგეტიკა და ბუნებრივი რესურსებია.

გარდა ამისა, იმავე საჯარო რეესტრის მოანცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით, 2011 წელს კახა კალაძეს სს „საქჰიდროენერგომშენის” სააქციო კაპიტალის 45 პროცენტი გადაეცა. „საქჰიდროენერგომშენი” ენერგეტიკის სფეროში მოქმედი მსხვილი კომპანიაა. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს „კალა ენერჯი ენდ ნეჩურალ რესურსის” 25-პროცენტიან წილს ფლობს შპს „ტოტ ენერჯიში”, რომლის დირექტორი, მარიამ ვალიშვილი, ბოლო დრომდე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე იყო (რაც ასევე ინტერესთა კონფლიქტის შემცველია).

ჩვენთვის უცნობია, შეიცვალა თუ არა ამ კომპანიების მფლობელობის სტრუქტურა ზემოხსენებული დოკუმენტების საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში განთავსებიდან დღემდე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის სერიოზული საფრთხე. ეს საკითხი განმარტებას საჭიროებს კოალიცია „ქართული ოცნების” მხრიდან და საქართველოს პარლამენტის წევრთა მსჯელობის საგანი უნდა გახდეს საკანონმდებლო ორგანოში  კანდიდატურის განხილვისას.

ამასთან, ხსენებული შემთხვევა საქართველოში ხელისუფლებისა და ბიზნესის ურთიერთობებისა და პოლიტიკური და კომერციული ინტერესების გადაკვეთის მხრივ წლების მანძილზე არსებული სერიოზული პრობლემების მაგალითია და ხაზს უსვამს ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი ადეკვატური მექანიზმების არარსებობას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ყურადღება დაუთმოს შესაძლო ინეტრესთა კონფლიქტის შემთხვევებს მიმდინარე კვირაში სამთავრობო კანდიდატურების განხილვისას, ხოლო შემდგომში იზრუნოს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი მექანიზმების შექმნაზე, რომლებიც მომავალში პოლიტიკური და კომერციული ინტერესების სათანადო გამიჯვნას უზრუნველყოფს.

government