„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უჩივის - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უჩივის

25 სექტემბერი, 2013

24 სექტემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ორგანიზაცია ასაჩივრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უარს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საზღვარგარეთ მაგისტრატურაში სასწავლებლად დაფინანსებული სტუდენტების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე.

პრეზიდენტის 2013 წლის 26 მარტის ბრძანებულების მიხედვით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფარად დაფინანსება საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ იმ ქართველ სტუდენტებს უნდა მიეღოთ, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩეოდნენ სტიპენდიისთვის. კონკურსი 1 აპრილს გამოცხადდა. საკონკურსო კომისიის შემადგენლობას თავად საქართველოს პრეზიდენტი განსაზღვრავდა.

კონკურსის დასრულების შემდეგ საზოგადოებაში გამოითქვა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ შერჩევა არასამართლიანად წარიმართა და პრეზიდენტის სტიპენდია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულმა პირებმა მიიღეს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრმა მარიამ საჯაიამ, მაშინ როდესაც მრავალი სხვა სტუდენტის განაცხადი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ, დაუკმაყოფილებელი დარჩა. საკითხის შესწავლის მიზნით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 3 ივნისს წერილობით მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას შემდეგი ინფორმაციის მოთხოვნით:

  1. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის საერთო ოდენობა;
  2. თავდაპირველი განაცხადების რაოდენობა;
  3. საკონკურსო კომისიის წევრების სახელები, გვარები და თანამდებობები;
  4. იმ სტუდენტების სახელები და გვარები, ვინც მოიპოვა დაფინანსება, შემდეგი ინფორმაციის მითითებით:
        • შესაბამისი უნივერსიტეტისა და პროგრამის სახელწოდება, სადაც სტუდენტი ჩაირიცხა;
        • სტუდენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მიღებული დაფინანსების ოდენობა.

ამ შეკითხვებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პასუხი დღემდე არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით ადმინისტრაციას მეორედაც, 15 აგვისტოს მივმართეთ. ორივე შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ პასუხის გაცემისთვის კანონით დადგენილი ათდღიანი ვადა უხეშად დაირღვა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იყენებს სამართლებრივ გზებს, სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ  და მოითხოვს, რომ სასამართლომ დაავალოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საჯარო ინფორმაციის მოწოდება.