ENG

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამდებობის პირთა პრემიები

16 მაისი, 2014

დღეს, 16 მაისს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან ისაუბრა იმაზე, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული პრემიები „ყოვლად გაუმართლებელი“ იყო.

მინისტრის დღევანდელი განცხადება უკავშირდება 10 მაისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარკვეული თანამდებობის პირების მიერ 2013 წლის დეკემბერში აღებულ პრემიებთან დაკავშირებით.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, ყოველ წელს შეავსონ ქონებრივი დეკლარაცია, სადაც მათ მიერ წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების სრული ნუსხა აისახება, მათ შორის – პრემია და ხელფასი. ჩვენ მოვიძიეთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე პირთა დეკლარაციები. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში ასახული 2013 წელს მიღებული შემოსავლების რაოდენობები მნიშვნელოვნად განსხვავდება პარტიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მონაცემებისგან, სადაც, მათი თქმით, ასახულია კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ 2013 წლის დეკემბრის თვეში მიღებული ხელფასები.

გოგი გახარიას, გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, 2013 წლის დეკემბრის თვეში ყველაზე დიდი შემოსავალი – 39,130 ლარი აქვს მიღებული. 2014 წლის 13 მარტს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მან 2013 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ხელფასის სახით მხოლოდ 2,125 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. ცნობისათვის, ამავე წელს ის ასევე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში უფროს ოპერატიულ თანამშრომლად/ინსპექტორად, რა დროსაც მისმა შემოსავალმა 14,941 ლარი შეადგინა. ანუ, სულ მან, 2014 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ხელფასის სახით 17,066 ლარი მიიღო.

სიმონ მაჩაიძის შემოსავალმა 2013 წლის დეკემბრის თვეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, გამოქვეყნებული სიის მიხედვით, 38,733 ლარი შეადგინა. 2014 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი, მან წინა წლის განმავლობაში, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, 2,175 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ხოლო ამავე წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მისმა ხელფასმა 22,000 ლარი შეადგინა. ანუ, სულ, საშემოსავლო დეკლარაციის მიხედვით, მან ხელფასის სახით 24,175 ლარი მიიღო.

ვლადიმერ ბუნტურიძემ, გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში მხოლოდ 2013 წლის დეკემბრის თვეში ხელფასის სახით 38,390 ლარი მიიღო. 2014 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, მან 2013 წლის განმავლობაში ხელფასის სახით მხოლოდ 2,670 ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ მის მიერ იმავე წელს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში მიღებულმა შემოსავალმა – 43,592 ლარი, სულ კი მისმა ხელფასმა 2013 წლის განმავლობაში 53,662 ლარი შეადგინა.

როგორც მინისტრის დღევანდელი განცხადებიდან ირკვევა, სავარაუდოდ, განსაჯაროვებულ სიებში მოცემული პრემიები მართლაც გაიცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებზე. ამჟამად საჯარო სამსახურში პრემიების გასაცემად ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე ზღვარს, რითიც ბოროტად სარგებლობის მაგალითია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სავარაუდოდ აღებული პრემიები. ამ პრობლემის გადაჭრის გზაზე ისაუბრა დღესვე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, რომელმაც მთავრობის სახელით განაცხადა, რომ „შესაძლებელია, შემოღებულ იქნას  უნიფიცირებული პრემიების სისტემა, სადაც ჩადებული იქნება ლოგიკა – მაქსიმალური ზედა ზღვარი.“ ამასთანავე, როგორც ჩვენ მიერ შემოწმებულ დეკლარაციებში აღმოჩნდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს არ აქვთ შეტანილი 2014 წელს წარდგენილ დეკლარაციებში შემოსავლებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია, რაც, თავისთავად, კანონის დარღვევას წარმოადგენს.