საფოსტო კავშირის შესახებ ახალი კანონპროექტის მიღებით შესაძლოა DHL, TNT, UPS, FEDEX და ორმოცამდე კომპანიამ საქართველოს ბაზარი დატოვოს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი „საფოსტო კავშირის შესახებ“, რომელიც ბაზრის ამ სეგმენტზე გაუმართლებელი სახელმწიფო რეგულირების შემოღებას ითვალისწინებს.
წარმოდგენილი კანონპროექტი უარყოფით გავლენს მოახდენს ბაზრის ამ სეგმენტზე თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს არსებობაზე. შემოთავაზებული რეგულაციები პირდაპირ ეწინააღდეგება თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველო - ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს. აღნიშნული რეგულაციების შემოღება ბაზრის ამ სეგმენტზე მოქმედი საერთაშორისო კომპანიების – DHL, TNT, UPS, FEDEX და ორმოცამდე კომპანიის, რომელიც დღეს საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, საქმიანობაში სერიოზულ ფორმალურ/ბიუროკრატიულ ბარიერად იქცევა და ეს კომპანიები იძულებული გახდებიან საქართველოს ბაზარი დატოვონ. მსგავსი შემთხვევა 2005 წელს მხოლოდ თურქმენეთში დაფიქსირდა.
კანონპროექტით გათვალისწინებულია:
-
კანონსაწინააღმდეგო მოთხოვნების და ბარიერების დაწესება გადამზიდველებისთვის
კანონპროექტის მიხედვით ტვირთისა და დოკუმენტების, ასევე ფულადი გზავნილების გადაზიდვას მხოლოდ ის კომპანიები შეძლებენ, რომლებიც ამ სექტორის მარეგულირებლისგან ავტორიზაციას მიიღებენ. ამასთან, ნებისმიერი გზავნილის გადაგზავნა (მიუხედავად მისი შიგთავსისა) სხვა კომპანიებისათვის იქნება შეუძლებელი. სექტორის მარეგულირებლად კი კანონპროექტით კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განისაზღვრება.
გარდა ამისა, კანონპროექტი საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის მსურველი ნებისმიერი კომპანიის საქმიანობაზე ბიუროკრატიულ ბარიერებს აწესებს, რის შედეგადაც კომპანიების საქმიანობაში სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურად დაუსაბუთებელი ჩარევა, შედეგად კი აღნიშნული სფეროს ზედმეტი და გაუმართლებელი სახელმწიფო რეგულირება მოხდება.
-
ბაზრის მონოპოლიზაცია „საქართველოს ფოსტის“ მიერ
კანონპროექტის მიღების შედეგად „საქართველოს ფოსტას“ ეროვნული ოპერატორის სტატუსი მიენიჭება და ისეთ გაუმართლებელ შეღავათებს მიიღებს, რაც მას სხვა კომპანიებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს. კერძოდ, „საქართველოს ფოსტა“ 20 წლით ბაზრის მონოპოლისტი იქნება და სხვა ოპერატორები მხოლოდ „საქართველოს ფოსტის“ „ქოლგის ქვეშ“ შეძლებენ თავიანთი მომსახურების განხორციელებას.
-
რეგულაციები, რომლებიც ეწინააღმდეგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს
კანონპროექტის მიღების შედეგად მხოლოდ „საქართველოს ფოსტა“ შეძლებს 30 კილოგრამამდე წონის საერთაშორისო ამანათების ექსკლუზიურ მიღებას/გაგზავნას/გადაზიდვას/ჩაბარებას, აღნიშნულის ეკონომიკური მიზანშეწონილობა კი არ არის გამართლებული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს არ შეესაბამება.
-
საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულვებელყოფა
კანონპროექტი ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკასაც, რომლის მიხედვით საფოსტო კავშირის სფეროში ბაზრის სრული ლიბერალიზაცია, თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობა (ევროკავშირის დირექტივა 2002/39/EC) და „საფოსტო სარეზერვო მომსახურების“ არეალის გაუქმება (ევროკავშირის დირექტივა 2008/6/EC) ამ სფეროს წარმატებული რეფორმირების გზად არის მიჩნეული.
როგორც აღინიშნა, წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველო - ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებსაც, რომელიც საფოსტო და საკურიერო მომსახურების ლიბერალიზაციის პრინციპებს ადგენს, ითვალისწინებს საფოსტო და საამანათო გზავნილების მიწოდების სერვისების გამიჯვნას და მათ განცალკავებულ რეგულირებას. სამწუხაროდ წარმოდგენილი კანონპროექტი არც ერთ ზემოთაღნიშნულ პრინციპს არ ითვალისწინებს და საწინააღმდეგო რეგულირებას გვთავაზობს.
რეკომენდაციები:
მოვუწოდებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საფოსტო კავშირის შესახებ” კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენამდე, უზრუნველყოს:
-
„საფოსტო კავშირის შესახებ“ კანონპროექტით განსაზღვრული საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგების ახალი წესის საქართველოს კანონმდებლობასა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობა;
-
საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგების ადეკვატური სისტემის დანერგვით ბაზრის ამ სეგმენტის ლიბერალიზაცია და დემონოპოლიზაცია;
-
უნივერსალური საფოსტო მომსახურების გამწევი ეროვნული ოპერატორის (კანონპროექტის მიხედვით „საქართველოს ფოსტა“) შერჩევის პროცესში გამჭვირვალობისა და ობიექტურობის დაცვა.