ზუგდიდში „იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზი” დაცხრილეს
16 ნოემბერს, „იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის” წარმომადგენლებს ზუგდიდში შეკრების სახლის ერთ-ერთი კედელი დაცხრილული დახვდათ. შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩხორიის ტერიტორიულ ორგანოში შემავალ სოფელ ზედაეწერში მოხდა. რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.
„საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს” წარმომადგენელთან საუბრის დროს “იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის” წარმომადგენელმა გოგა ბერულავამ აღნიშნა, რომ 16 ნოემბერს, მომხდარის გამო პოლიციის ადგილობრივ განყოფილებას მიმართეს. ორგანიზაციის კიდევ ერთი წარმომადგენლის მანუჩარ ციმინტიას განცხადებით, სამართალდამცველებმა საქმის მოკვლევა დაიწყეს, თუმცა ინფორმაცია, თუ რა მუხლით აღიძრა საქმე პოლიციის განყოფილებაში, მას არ აქვს. რელიგიური თემის წარმომადგენლები სამართალდამცველებისგან მომხდარის დროულ გამოიძებას და უსაფრთხოების ზომების მიღებას ითხოვენ. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ უწყებამ შემთხვევის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ისეთ განზრახ დაზიანებას ან განადგურებას ეხება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
„იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის” იურისტის მანუჩარ ციმინტიას თქმით, ზედაეწერში „იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის” მშენებლობა 2013 წლის მეორე ნახევარში, ინციდენტამდე თვე-ნახევრით ადრე დასრულდა. მისი განცხადებით მშენებლობის დროს არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა და მშენებლობის პროცესმა მშვიდობიანად ჩაიარა. თუმცა, ორგანიზციის იურისტი ასევე აცხადებს, რომ გასულ წლებში სხვა სამეფო დარბაზის მშენებლობისას გარკვეული პრობლემები წარმოიქმნა.
შემთხვევა, რომელზეც რელიგიური ორგანიზაციის იურისტი საუბრობს, 2009 წლის ნოემბერში ინგურქაღალდკომბინატის დასახლებაში მოხდა: ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე, ერთდროულად მიმდინარეობდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიისა და „იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის” მშენებლობა, რასაც მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებისა და მრევლის პროტესტი მოჰყვა. მაშინ ადგილობრივმა მოსახლეობამ რელიგიური ჯგუფის მიერ დაწყებული მშენებლობის შესაჩერებლად ხელისუფლებასაც მიმართა და ათასობით ხელმოწერა შეაგროვა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ზუგდიდში, ზედაეწერში მომხდარი ინციდენტი. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტის ეფექტური გამოძიება და დანაშაულში ეჭვიმატინილი პირების გამოვლენა მსგავსი ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ ერთგვარი პრევენციული ღონისძიება იქნება.
საქართველოს კონსტიტუციისა და გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, რელიგიის თავისუფლება გარანტირებულია. შესაბამისად დაუშვებელია რელიგიური აღმსარებლობის ნიშნით ადამიანთა დევნა, შეზღუდვა ან რაიმე სახის დისკრიმინაცია. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლში ცალსახად აღნიშნულია, რომ სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას - შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებმა პატივი უნდა სცენ განურჩევლად ყველა აღმსარებლობის ადამიანს და თავი შეიკავონ ექსტრემისტული ქმედებებისგან. რელიგიური თავისუფლების უზრუნველყოფაში და კონსტიტუციური დანაწესის დაცვაში განუხრელად დიდი როლი ენიჭებათ სამართალდამცავ ორგანოებს. შესაბამისად არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მაქსიმალურად ეფექტურად და დროულად უზრუნველყონ მსგავსი ფაქტების გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა.
