ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოების ლიკვიდაცია უკანონოდ მიმდინარეობს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოების ლიკვიდაცია უკანონოდ მიმდინარეობს

11 ივნისი, 2014

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან კონჯარიას 2014 წლის 20 მაისის N317 ბრძანების თანახმად, დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ლიკვიდაციის პროცესი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლებს ზუგდიდის საკრებულოში განუცხადეს, რომ ბრძანების გამოცემისა და მისი შინაარსის თაობაზე ზეპირი მითითება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან“ მიიღო, რაიმე წერილობითი, დასაბუთებული დოკუმენტი კი საკრებულოს არ მიუღია.

აღნიშნული ბრძანების გამოცემის შემდგომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ყველა მოხელე გაფრთხილებულ იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ლიკვიდაციის გამო თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ შეისწავლა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება და მიიჩნია, რომ იგი დაუსაბუთებელია. აღნიშულ ბრძანებას საფუძვლად დაედო:

1. საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 151-ე და152-ე მუხლები.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 43 მუხლის მე-3 პუნქტის ა ქვეპუნქტი.

3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე, 108-ე და 109-ე მუხლები.

ჩვენი მოსაზრებით არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი ნორმა არ იძლევა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების შესაძლებლობას, უფრო მეტიც,  საკრებულოს თავმჯდომარეს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არ გააჩნია საკრებულოსა და გამგეობის  ლიკვიდაციის უფლებამოსილება.

მოცემული სამართლებრივი დასაბუთებიდან ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტი მიუთითებს საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებაზე გამოსცეს სამართლებრივი აქტი. აღნიშნული მუხლის ჩანაწერი განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფორმას და იგი არ აძლევს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოსა თუ გამგეობის ლიკვიდაციის უფლებამოსილებას.

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის ზემოთ მოცემული მუხლები კი ლიკვიდაციის დროს მოსამსახურეთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს იძლევა და არც ამ მუხლებშია საუბარია საკრებულოს თავმჯდომარის მსგავს უფლებამოსილებაზე.

რაც შეეხება საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 151-ე და 152-ე მუხლებს, საყურადღებოა ორი გარემოება. 151-ე მუხლი არ არის ძალაში შესული, იგი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან  უნდა ამოქმედდეს [1].  შესაბამისად, აღნიშნული მუხლის გამოყენება შეუძლებელია.  ხოლო ამავე კოდექსის 152-ე მუხლი შეეხება მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ოპტიმიზაციას. მუხლი არეგულირებს ოპტიმიზაციის განხორციელების პროცესში საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის N297 დადგენილებით შექმნილი საქათველოს რეგიონალური განვითარების სამთავრობო კომისიის უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს. შესაბამისად, ასევე შეუძლებელია მოცემული ნორმა აძლევდეს საკრებულოს თავმჯოდმარეს უფლებას განახორციელოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ლიკვიდაცია.

ამასთან, საინტერესოა ის გარემოება, რომ საკრებულოს თვმჯდომარეს, როგორც თვითმმართველი ერთეულისა და საკრებულოს ხელმძღვანელს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონით განსაზღვრული აქვს საკუთარი უფლებამოსილებანი. კანონის არც ერთი პუნქტი არ უშვებს შესაძლებლობას საკრებულოს თავმჯდომარემ საკუთარი ბრძანებით დაიწყოს და განახორციელოს როგორც საკრებულოს, ასევე გამგეობის ლიკვიდაცია. მითუმეტეს, როდესაც საკრებულო არის არჩევითი ორგანო და მისი ნდობის მანდატი არ არის დამოკიდებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაზე. ამგვარი პრეცედენტის დაშვების შესაძლებლობა იმთავითვე აზრს უკარგავს მსაკრებულოს წევრების არჩევითობას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მსგავსი ფორმით საკრებულოსა და გამგეობის ლიკვიდაციის რეკომენდაცია სხვა რამდენიმე მუნიციპალიტეტსაც მისცა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება კანონს. ამასთან მუნიციპალიტეტებში, რომელთა ორგანოების ლიკვიდაციაც იგეგმება, დასაქმებულ პირებს მიეცათ გაფრთხილება მათი შესაძლო გათავისუფლების გამო. მიგვაჩნია, რომ კანონთან შეუსაბამო ლიკვიდაციის პროცესის გამო უხეშად დაირღვევა მუნიციპალიტეტში დასაქმებულ  საჯარო მოხელეთა კანონიერი ინტერესები და უფლებები. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც თვითმმართველობის რეფორმით გათვალისწინებული ოპტიმიზაცია ეხებათ, უნდა მისცეს წერილობითი დასაბუთებული მითითება არა ლიკვიდაციის, არამედ რეორგანიზაციის პროცედურის დაწყების შესახებ. საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციის შესაძლებლობას საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე. შესაბამისად დღეს გამოყენებული პრაქტიკა უკანონოა და იგი სავარაუდოდ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული საჯარო მოხელეების ინტერესებს დააზიანებს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მოუწოდებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გააუქმოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან კონჯარიას 2014 წლის 20 მაისის 317-ე ბრძანება, რომელიც ერთ ერთი პირველი პრეცედენტია მუნიციპალიტეტების ორგანოების უკანონო ლიკვიდაციისა.


[1] ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 პუნქტი

print