ENG

კამპანია „ეს შენ გეხება“ მოქალაქეების სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციაზე შსს-ს პირდაპირ წვდომას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

07 აპრილი, 2015

 

 

 

2015 წლის 8 აპრილი, თბილისი – კამპანიაში „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის პრეზენტაცია გამართეს.

მოქმედი კანონმდებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობას აძლევს რეალურ დროში, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები აწარმოოს და ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან მონაცემთა ბანკების კოპირება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე განახორციელოს. კამპანიაში „ეს შენ გეხება“ გაერთიანებული ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონში არსებული ნორმები, რაც ამას შესაძლებელს ხდის, მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს ლახავს და საკონსტიტუციო სასამართლოს ამ რეგულაციების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობა ეწინააღმდეგება:

  • კონსტიტუციის მე-20 მუხლის 1-ელ პუნქტს, რომლითაც გარანტირებულია ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების, საქმიანობის ადგილის, მიმოწერისა და საუბრის ხელშეუხებლობა;
  • კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომელიც ადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას;
  • კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვითაც ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. 

კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონების იმ მუხლების გაუქმება, რომლებიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის (ე.წ. ორი გასაღებისა და მუდმივი მიერთების) არსებობას ითვალისწინებს.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ამ დროისთვის უკვე გაგზავნილია და ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ სასამართლო მას უახლოეს მომავალში მიიღებს წარმოებაში. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ორგანიზაციების არგუმენტაციას დაეთანხმება, პარლამენტის მიერ 2014 წლის ბოლოს მიღებული ცვლილებები არაკონსტიტუციურად გამოცხადდება და პარლამენტს მოუწევს ახლებურად დაარეგულიროს ფარული მოსმენებისა და თვალთვალის მარეგულირებელი კანონმდებლობა.

სამოქალაქო საზოგადოება უკვე ორ წელზე მეტია აქტიურად აპროტესტებს სამართალდამცავი ორგანოების პირდაპირ და შეუზღუდავ წვდომას მოქალაქეთა პერსონალურ კომუნიკაციაზე. კამპანიის „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ ადვოკატირების შედეგად, 2014 წლის აგვისტოში ფარული მოსმენების მარეგულირებელ კანონმდებლობაში პარლამენტმა რამდენიმე პროგრესული ცვლილება შეიტანა, რითიც კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუმცა კანონში არ შეცვლილა მობილურ ოპერატორებში დაცულ ინფორმაციამდე შსს-ს პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა და ე.წ. შავი ყუთები ამ დრომდე სამინისტროში რჩება. ამ სისტემის არსებობა შსს-ს შესაძლებლობას აძლევს, რეალურ დროში მოიპოვოს და შეინახოს ინფორმაცია მოქალაქეების მობილური და ინტერნეტ კომუნიკაციის შესახებ შეუზღუდავად.