ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (12:00 - 16:00)

27 ოქტომბერი, 2013

ამ დროისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 50-მდე დარღვევა დააფიქსირა. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაიწერა 29 საჩივარი.

ამ დროის შუალედში შემდეგი დარღვევებია აღსანიშნავი:

ხმის მიცემა შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე

  • ქუთაისის საარჩევნო ოლქის 112-ე და 120-ე უბნებზე იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაბამისი მოწმობის გარეშე მისცეს ხმის მიცემის საშუალება;
  • ქუთაისის საარჩევნო ოლქსი 120-ე უბანზე ამომრჩეველს პირადობის მოწმობის ქსეროასლით მიაცემინეს ხმა.

ხმის მიცემა მარკირების პროცედურების დარღვევით

  • მარტვილის საარჩევნო ოლქის მე-2 საარჩევნო უბანზე მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის 2 წარმომადგენელი გამოცხადდა უბანზე, რომლებმაც არ გაიარეს მარკირება, არ დაემორჩილნენ კომისიის თავმჯდომარის მითითებას და ხმა მისცეს მარკირების გარეშე. ამავდროულად, ეს პირები უხეშად ესაბრებოდნენ რეგისტრატორებსა და კომისიის წევრებს.

დაპირისპირება საარჩევნო უბანზე

  • კრწანისის საარჩევნო ოლქის 26-ე უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციის  „მომავლის არჩევანის" წარმომადგენელმა „ერთიანი ნაციოანალური მოძრაობის” სასარგებლოდ აგიტაცია გასწია, მას შენიშვნა მისცა არასამთავრობო ორგანიზაციიის „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის” წარმომადგენელმა. ამის შემდეგ ისინი გავიდნენ გარეთ და „მომავლის არჩევანის" წარმომადგენელი რამდენიმე ადამიანმა. სცემა.

გადასატან ყუთებთან დაკავშირებული დარღვევები

  • თელავის საარჩევნო ოლქის 35-ე საარჩევნო უბანში გადასატან საარჩევნო ყუთს თან გააყოლეს ამ ყუთის სიაში მყოფი ხუთი ამომრჩევლის პირადობის მოწმობა. უცნობია, თუ საიდან მოხვდა საარჩევნო კომისიაში ამ პირების პირადობის მოწმობები.

უბნის დროებითი დახურვა

  • მცხეთის საარჩევნო ოლქის 33-ე უბანზე ხმის მიცემა დაახლოებით ნახევარი საათით შეჩერდა და უბანი დაიკეტა. ამის მიზეზი ის იყო, რომ კომისიის წევრები აგვარებდნენ გადასატან ყუთთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ, ადგენდნენ სიას.

ხარვეზიანი სიები

  • ბათუმის საარჩევნო ოლქის 51-ე უბანზე 80-მდე ადამიანმა საკუთარი თავი ვერ იპოვა საარჩევნო სიაში.

პრობლემა სპეციალურ უბანზე

  • ვაკის საარჩევნო ოლქში მე-80 სპეციალურ უბანზე (სასჯელაღსრულების დეპარტამენტი), საარჩევნო ყუთი არ იყო სათანადოდ დალუქული და სტაციონალური დამკვირვებლების მიერ დაიწერა საჩივრები. ადგილზე მივიდა ჩვენი მობილური ჯგუფი და პარალალურად უბანზე მივიდნენ საოლქო კომისიის წევრები, რომლებმაც დროებით შეაჩერეს ხმის მიცემის პროცედურა. ამის შემდეგ მათ მიერ მოხდა საარჩევნო ყუთის სათანადოდ დალუქვა და გაგრძელდა ხმის მიცემის პროცედურა. საბოლოოდ, მათი და საუბნო კომისიის თავჯდომარის მიერ გაკეთდა შესაბამისი შენიშვნა. ხმის მიცემის პროცესის შეჩერებამდე უბანზე ხმა მიცემული ჰქონდა 100 ამომრჩეველს და სიაში დარჩენილი იყო 55 ამომრჩეველი. ამასთანავე, საოლქო კომისიის წევრების განმარტებით აღნიშნული უბნიდან შემაჯამებელი ოქმისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ საოლქო კომისია იმსჯელებს უბნის ბათილობაზე.

არჩევნებისას მიმდინარე მოვლენების შეფასებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” არჩევნების დღის განმავლობაში კიდევ ერთხელ წარმოადგენს: პრესკონფერენცია გაიმართება 20 საათზე. ამასთანავე, არჩევნების დღის საერთო შეფასება გაკეთდება 28 ოქტომბერს 12 საათსა და 30 წუთზე.

elections