ENG

კონფერენცია: საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის გამოწვევები

09 დეკემბერი, 2014

 

კონფერენციის – საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის გამოწვევები – მთავარი თემა კორუფციასთან ბრძოლის საკითხში საქართველოს მიღწევები და გამოწვევები იყო. ღონისძიება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2014 წლის ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

დღევანდელ კონფერენციაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ზოგადი მიმოხილვა წარმოადგინა და ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის მიღწევებსა და სისუსტეებზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ კორუფციის პრევენციაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლზე ისაუბრა. პარტნიორმა ორგანიზაციებმა სამოქალაქო სექტორიდან საკუთარ მოსაზრებები წარმოადგინეს სახელმწიფო შესყიდვების (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) და ქონებრივი დეკლარაციების (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) სისტემებში კეთილსინდისიერების პრინციპების დანერგვის შესახებ.

საჯარო სერვისების სფეროში კორუფციის დაბალი დონე კვლავ შენარჩუნებულია

2004 წლის შემდეგ განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგად საქართველომ თითქმის სრულად აღმოფხვრა მექრთამეობა საჯარო სექტორში. 2013 წლის გლობალური კორუფციის ბარომეტრის კვლევის თანახმად, წინა 12 თვის განმავლობაში საჯარო სერვისისათვის ქრთამის გადახდა საქართველოში გამოკითხულთა მხოლოდ 4%-ს მოსთხოვეს.

2014 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ 100 შესაძლებლიდან 52 ქულა მიიღო და 50-ე ადგილი დაიკავა 175 ქვეყანას შორის. ინდექსის მიხედვით, საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი კორუფციის აღქმის მაჩვენებელი აქვს.

უკანასკნელ წლებში, ანტიკორუფციული პოლიტიკის გასაუმჯობესებლად საქართველომ გადადგა რიგი წარმატებული ნაბიჯებისა, მათ შორისაა: პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების გამჭვირვალობის ზრდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფა და ელექტრონული შესყიდვების სისტემის დანერგვა. ამ წინგადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ რჩება ისეთი გამოწვევები, როგორიცაა დამოუკიდებელი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება დანიშნვისა და გათავისუფლების გამჭვირვალე პროცედურებით, გამარტივებული შესყიდვების ხვედრითი წილის შემცირება სახელმწიფო შესყიდვებში და ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციისთვის გამიზნული ნორმების ეფექტიანი აღსრულება პრაქტიკაში. 

საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემა: 2011- 2014

ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის შეფასებისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იყენებს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის მოდელს: სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტების ერთობლიობას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდნენ კორუფციის პრევენციასა და კორუფციასთან ბრძოლაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება 2011 წელს გამოაქვეყნა. კვლევაში უმთავრეს პრობლემად ხაზგასმული იყო სასამართლო ხელისუფლებისა და პარლამენტის სისუსტე, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ანგარიშვალდებულების ნაკლებობა. კვლევაში აღნიშნული იყო მთავრობის გავლენა ქვეყნის მთავარ მედიაორგანიზაციებზე და ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი ნორმების პრაქტიკაში განხორციელებისთვის სათანადო მექანიზმების ნაკლებობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განახლებული ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება 2015 წლის თებერვალში გამოქვეყნდება, თუმცა მისი ძირითადი მიგნებები დღევანდელ კონფერენციაზეც იყო განხილული.

რეფორმის პრიორიტეტები და საერთაშორისო გამჭვირვალობის შეთავაზებები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გამოდის ინიციატივით, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელსაც სათანადო უფლებამოსილებები და რესურსები ექნება, რათა ქვეყნის ანტიკორუფციული კანონების პრაქტიკაში გატარების მონიტორინგი განახორციელოს და შესაბამისი ნორმების შესრულება უზრუნველყოს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მიმოიხილა რამდენიმე პოსტკომუნისტური ქვეყნის (სლოვენია, პოლონეთი, ლატვია, ლიტვა) წარმატებული გამოცდილება და მოამზადა საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი, რომელიც ასეთი სააგენტოს დაარსებას და რიგ სხვა საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრასაც ითვალისწინებს.

კონფერენცია გაიმართა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. 

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ