მთავრობამ „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტში დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმებული ცვლილებები არ ასახა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მთავრობამ „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტში დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმებული ცვლილებები არ ასახა

18 სექტემბერი, 2014

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა  „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ბაზრის ამ სეგმენტზე ეკონომიკურად დაუსაბუთებელი სახელმწიფო რეგულირების შემოღებას ითვალისწინებს:

  • კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაციები პირდაპირ ეწინააღმდეგება თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველო - ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს;

  • კანონპროექტი უარყოფით გავლენას მოახდენს ბაზრის ამ სეგმენტზე თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს არსებობაზე;

  • კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციების შემოღება ბაზრის ამ სეგმენტზე მოქმედი საერთაშორისო კომპანიების – DHL, TNT  და ორმოცამდე კომპანიის, რომელიც დღეს საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, საქმიანობაში სერიოზულ ფორმალურ/ბიუროკრატიულ ბარიერად  იქცევა  და ეს კომპანიები იძულებული გახდებიან საქართველოს ბაზარი  დატოვონ.

ამ კანონპროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით,  ბაზრის ამ სეგმენტზე მოქმედი საერთაშორისო კომპანიების (DHL, TNT) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს და ქალბატონ ნათია მიქელაძეს 16 აპრილს. მოლაპარაკების დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება ამ კანონპროექტით გათვალისწინებულ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამ შეთანხმებისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გადამუშავებულ „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტში  არ ასახა შეთანხმებული რეგულაციები. ამის შემდეგ, 11 ივლისს კომპანიების (DHL, TNT, UPS) წარმომადგენლები შეხვდნენ მინისტრის მოადგილეს, ნათია მიქელაძეს. ამ შეხვედრასაც შედეგი არ მოჰყოლია და სამინისტრომ გადამუშავებული „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტი კვლავ არ მიაწოდა გადამზიდავებს.

კანონპროექტით გათვალისწინებულია:

  1. ბაზრის მონოპოლიზაცია „საქართველოს ფოსტის“ მიერ

კანონპროექტის მიღების შედეგად  „საქართველოს ფოსტას“ ეროვნული ოპერატორის სტატუსი პირდაპირ (ყოველგვარი კონკურსის გამოცხადების გარეშე) მიენიჭება და ისეთ გაუმართლებელ შეღავათებს მიიღებს, რაც მას სხვა კომპანიებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს.

კანონპროექტით „საქართველოს ფოსტას“ ენიჭება კანონისმიერი მონოპოლია რამდენიმე ბაზარზე:

  • საფოსტო და საამანათო გადაზიდვების ბაზარზე;

  • საბაჟო საწყობების მომსახურების ბაზარზე;

  • კურიერული მომსახურების ბაზარზე;

  • ფულადი გზავნილების ბაზარზე.

  1. მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის უგულვებელყოფა

კანონპროექტი ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკასაც, რომლის მიხედვით საფოსტო კავშირის სფეროში ბაზრის სრული ლიბერალიზაცია, თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობა (ევროკავშირის დირექტივა 2002/39/EC) და „საფოსტო სარეზერვო მომსახურების“ არეალის გაუქმება (ევროკავშირის დირექტივა 2008/6/EC) ამ სფეროს წარმატებული რეფორმირების გზად არის მიჩნეული.

„ფოსტის შესახებ“  კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველო – ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებსაც, რომელიც საფოსტო და საკურიერო მომსახურების ბაზრების ლიბერალიზაციის პრინციპებს ადგენს, ითვალისწინებს „უნივერსალური საფოსტო მომსახურების“ და საფოსტო მომსახურების სხვა სახეობის ბაზრების გამიჯვნას და მათ განცალკავებულ რეგულირებას.

რეკომენდაციები

მოვუწოდებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენამდე, უზრუნველყოს:

  • საფოსტო მომსახურების ბაზარზე საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგების კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი წესის საქართველოს კანონმდებლობასა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობა;

  • ლიბერალიზებული საფოსტო და კურიერული მომსახურების ბაზრების ხელახალი რეგულირების დაუშვებლობა და ბაზრის ღიაობა;

  • საფოსტო, კურიერული მომსახურების და საფინანსო მომსახურების ბაზრებზე თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს არსებობის ხელშეწყობა.

print