საკადრო პოლიტიკა საჯარო სამსახურში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პერიოდში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საკადრო პოლიტიკა საჯარო სამსახურში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პერიოდში

12 აგვისტო, 2013

განახლება: 14 აგვისტო, 2013 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მადლობას უხდის საქართველოს იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს ჩვენ მიერ 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ კვლევაზე („საკადრო პოლიტიკა საჯარო სამსახურში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“) გამოხმაურებისთვის.

გვსურს, კვლევაში ავსახოთ აღნიშნული უწყებების მიერ შემოთავაზებული რამდენიმე დაზუსტება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ცვლილებებს ანგარიშში წარმოდგენილ ძირითად მიგნებებსა და ტენდენციებზე გავლენა არ მოუხდენია:

  1. შესწორებულია იუსტიციის სამინისტროს მონაცემები, კერძოდ, აღნიშნულია რომ სამსახურიდან გათავისუფლებული 567 პირიდან დიდი ნაწილი გადანიშნულ იქნა სამინისტროს სისტემაში არსებულ სხვა დაწესებულებებში. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო დატოვა 99 ადამიანმა, ნაცვლად 567-სა. ეს ცვლილებები ასევე აისახა საერთო სტატისტიკასა და დიაგრამებში.
  2. გასწორებულია მექანიკური შეცდომა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან გათავისუფლებულ პირთა რაოდენობის შესახებ – 115-ის ნაცვლად ჩაიწერა 10. აღნიშნულ მცირე ხარვეზს საერთო რაოდენობაზე თავდაპირველადაც არ მოუხდენია გავლენა.
  3. კვლევაში აღნიშნული იყო, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია ატესტაციასა და კონკურსის ჩატარების თაობაზე. როგორც აღმოჩნდა, საანგარიშო პერიოდში ამ სამინისტროში კონკურსი და ატესტაცია არ ჩატარებულა, რაც შესაბამისად  აისახა კვლევაშიც.
  4. ამოღებულია წინადადება, სადაც საუბარი იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ არმოწოდებულ ინფორმაციაზე.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ყველა სამინისტროს კომენტარებისთვის.

გარდა ამისა, გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ სამინისტროში კონკურსი გამოცხადდა, რაც ჩვენ არ ავსახეთ ანგარიშში. აღსანიშნავია, რომ ეს კონკურსი გამოცხადდა 6 მარტს, რაც ცდება ჩვენი კვლევის საანგარიშო პერიოდს.

---

თბილისი, 12 აგვისტო, 2013 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში საჯარო სამსახურში მომხდარ საკადრო ცვლილებებს მიმოიხილავს. საანგარიშოდ აღებულ იქნა პერიოდი 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე, რადგან როგორც წესი, პოლიტიკური ან სხვა დისკრიმინაციული ნიშნით ადამიანთა სამსახურიდან გათავისუფლების ან დასაქმების ყველაზე დიდი რისკი სწორედ არჩევნებიდან პირველ რამდენიმე თვეზე მოდის. კვლევა ეფუძნება საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას, ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ პირისპირ და ტელეფონით ჩატარებულ ინტერვიუებს და მასმედიით გავრცელებული ცალკეული შემთხვევების ანალიზს.

მოკლე სტატისტიკური მონაცემები

  • არჩევნების შემდეგ საქართველოში მოქმედი საჯარო დაწესებულებებიდან (სამინისტროები, მათ დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მუნიციპალიტეტების გამგეობები და საკრებულოები) მთლიანობაში სულ ცოტა 5149 თანამშრომელი დაითხოვეს), მათგან 2330 (45%) საკუთარი განცხადების საფუძველზე, რაც ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ ხშირ შემთხვევაში, საჯარო მოხელეები საკუთარი ნებით სულაც არ ტოვებდნენ სამსახურს;
  • საჯარო სამსახურში 6557 ახალი მიღებული თანამშრომლიდან მხოლოდ 257 (4%) დაინიშნა კონკურსის წესით;
  • იმ საჯარო უწყებებიდან, რომლებმაც საშტატო ნუსხები მოგვაწოდეს, საერთო ჯამში თანამშრომელთა 11% გაათავისუფლეს;
  • ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებიდან სულ 3301 მოსამსახურე გათავისუფლდა. მათ შორის, ყველაზე მეტი საჯარო მოსამსახურე შემდეგი სამინისტროებიდან გათავისუფლდა: შინაგან საქმეთა (897), ჯანდაცვისა (883) და თავდაცვის (690) სამინისტროები. ამ რაოდენობებში შედის სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებიც (სსიპ-ები);
  • ადგილობრივი ხელისუფლების დაწესებულებებიდან სულ 1869 მოსამსახურე გათავისუფლდა, აქედან ნახევარზე მეტი – 1022 საკუთარი განცხადების საფუძველზე;
  • ადგილობრივი ხელისუფლების დაწესებულებებიდან ყველაზე მეტი კახეთის (585), იმერეთის (290), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  (241) მუნიციპალიტეტებიდან გაათავისუფლეს.

საკადრო პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები

  • გათავისუფლებების ტალღა არჩევნების შემდეგ დაიწყო და, ცალკეულ შემთხვევაში გადაწყვეტილებები  პოლიტიკურად მოტივირებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა;
  • გათავისუფლება საშუალო და დაბალი რანგის მოხელეებსაც შეეხოთ, რაც დემოკრატიულ ქვეყნებში საჯარო სამსახურის ძირითად დასაყრდენს წარმოადგენს და, როგორც წესი, პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილებასთან ერთად არ მერყეობს;
  • ზოგიერთ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებები იურიდიული საფუძვლის გარეშე ხდებოდა. იმ პირთა ბრძანებები, რომლებმაც საკუთარი ნებით არ დატოვეს სამუშაო ადგილები, ხშირად კანონდარღვევით იყო შედგენილი;
  • უწყებების დიდ უმრავლესობაში ატესტაცია და კონკურსი არ ჩატარებულა, ხოლო იქ, სადაც ჩატარდა, ძირითადად არაეფექტურად იყო ორგანიზებული;
  • გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა დიდმა ნაწილმა საკუთარი განცხადებით დატოვა დაკავებული თანამდებობები. ზოგჯერ ისინი ახალი ხელმძღვანელების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდნენ;
  • მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ყოფილი საჯარო მოხელე ზეწოლაზე საუბრობდა, ჩვენთვის უცნობია, დადგა თუ არა ზეწოლის განმახორციელებელ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი;
  • გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლები ცალსახად უკანონოდ დაინიშნენ თანამდებობებზე,  თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი გათავისუფლების საკითხი არ დამდგარა და ისინი კვლავაც აგრძელებენ უფლებამოსილების შესრულებას;
  • მიუხედავად იმისა, რომ მოხელეების ნაწილს საშუალება ჰქონდათ, შეევსოთ ჩვენს ვებგვერდზე არსებული აპლიკაცია, სადაც მათ შეეძლოთ განეცხადებინათ მათი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოგვმართა;
  • ზოგიერთი საჯარო დაწესებულებისგან ინფორმაციის მიღება ძალიან რთული იყო, მაგალითად, შსს-მ ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია 5 თვის დაგვიანებით მოგვაწოდა, რასაც წინ უძღოდა არაერთი შეხსენება და ოფიციალური საჩივარი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელებს, არ დაუშვან პოლიტიკური ან სხვა დისკრიმინაციული ნიშნით საკადრო ცვლილებები საჯარო სამსახურში:

  • საჯარო მოხელის დანიშვნისა თუ გათავისუფლების კრიტერიუმი შეიძლება იყოს მხოლოდ მისი კვალიფიკაციის შესაბამისობა დაკავებულ თუ დასაკავებელ თანამდებობასთან;
  • რეკომენდებულია, რომ ნებისმიერი საკადრო ცვლილება მხოლოდ კონკურსისა და ატესტაციის გზით განხორციელდეს, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებები იყოს  მაქსიმალურად დასაბუთებული;
  • საკონკურსო-საატესტაციო კომისიები დაკომპლექტდეს პირებით, რომლებსაც აქვთ საკმარისი კომპეტენცია კონკურსანტებისა და ატესტაციის გამვლელი მოხელეების კვალიფიკაციის შეფასებისათვის.

 

print