ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“ ფინანსთა სამინისტროს სასამართლოში უჩივის

05 აპრილი, 2013

დაუყოვნებლივ გასავრცელებლად

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველომ“ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ორგანიზაცია მოითხოვს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის №30 ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული შემოსავლების სამსახურის უფროსის 6 თებერვლის №4257 ბრძანების გაუქმებას, რითაც მცირე და საშუალო გადამზიდველებს შეეზღუდათ საბაჟო პროცედურების გავლა და დომინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველოს ფოსტა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის №30 ბრძანებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა-გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებულ პროცედურებში არსებითი ცვლილებები შევიდა, რამაც საქონლის გადაზიდვის საქმიანობით დაკავებულ მეწარმეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

ადგილობრივმა მეწარმეებმა დახმარებისათვის მომართეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს“. მეწარმეებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული რეგულაციები მათი  ბაზრიდან განზრახ განდევნას ემსახურება და ერთი კონკრეტული გადამზიდველის − „საქართველოს ფოსტის“ მონოპოლიურ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად.

ჩვენმა ორგანიზაციამ გაანალიზა ზემოაღნიშნული რეგულაციები და მიიჩნია, რომ ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებები შეუსაბამობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, რის გამოც აუცილებელია მათი გაუქმება. კერძოდ:

  1. ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ახალი მოთხოვნების შემოღებით პრაქტიკულად ხდება შინაარსობრივად სალიცენზიო/სანებართვო რეჟიმის დაწესება რაც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევაა, ვინაიდან მსგავსი მოთხოვნების დაწესება მხოლოდ კანონითაა შესაძლებელი;

  2. მინისტრის ბრძანება არღვევს ბაზარზე არსებულ წონასწორობას და ზღუდავს კონკურენციას, რითაც უპირატეს მდგომარეობაშია ჩაყენებული ბაზრის დომინანტი „საქართველოს ფოსტა“. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილთან, რომელიც აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. ასევე, „თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მინისტრის ბრძანება წარმოდგენს სახელმწიფო დახმარებას „საქართველოს ფოსტის“ მიმართ, რაც ამავე კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული წესის დარღვევითაა განხორციელებული.

საკითხზე მუშაობისას ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდნენ ფინანსთა მინისტრს, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა საბაჟო პროცედურების დახვეწის მიზნით მუშაობის გაგრძელებაზე ჩვენი ჩართულობის პირობებში. თუმცა, ბრძანების ამოქმედებიდან კომპანიები ვეღარ ახორციელებენ საქმიანობას, რაც ქმნის მათი ბაზრიდან გაძევების და დომინანტი კომპანიის მიერ პოზიციების კიდევ უფრო გამყარების საფრთხეს. ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს არ გადაუდგამს კონკრეტული ნაბიჯები მდგომარეობის გამოსასწორებლად, რამაც გამოიწვია სასამართლოსთვის მიმართვის საჭიროება.