ENG

ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის

24 ოქტომბერი, 2013

 

2013 წლის 24 ოქტომბერი, თბილისი – 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოში არჩევნების გზით პირველად შეიცვალა ხელისუფლება, რაც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. წინასაარჩევნო მიზნებით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.  წარმოგიდგენთ შუალედურ ანგარიშს, რომელიც 2013 წლის 1 ივლისიდან 23 ოქტომბრამდე პერიოდის მონიტორინგს მოიცავს.

საანგარიშო პერიოდში ჩვენ მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ამ პერიოდში გაცილებით ნაკლები იყო ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნებით გამოყენების შემთხვევები, რაც საარჩევნო გარემოს უფრო მშვიდ და კონკურენტულად წარმოაჩენდა. კერძოდ:

1. ძალისმიერი რესურსები

საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა უშუალოდ საარჩევნო მიზნებისთვის სახელმწიფოს მიერ ძალისმიერი რესურსების მასიური გამოყენების ფაქტები ანუ პოლიტიკური ოპონენტების, მათი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების წინააღმდეგ სახელმწიფო, როგორც წესი, არ იყენებდა მათ ხელთ არსებულ საშუალებებს იმისთვის, რომ მოეხდინა პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება, დაშინება, ცემა, მუქარა, სამსახურიდან გათავისუფლება და სხვა. თუმცა აღსანიშნავია რამდენიმე შემთხვევა:

  • ხარაგაულში მომხდარი ფაქტი, როდესაც 20 ოქტომბერს, დილის 6 საათზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის ხარაგაულის შტაბის წევრის, ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალის შტაბის უფროსისა და ხარაგაულის საკრებულოს წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნინო ფხალაძის ოჯახში შევიდა ხარაგაულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი დავით კაპანაძე პოლიციის ათ თანამშრომელთან ერთად. გავრცელებული ცნობებით, ნინო ფხალაძის ოჯახში იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობასთან დაკავშირებით პოლიციას ოპერატიული ინფორმაცია გააჩნდა, თუმცა პოლიციელებმა ვერ აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი.
  • რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოებსა და გამგეობებში მაღალი თანამდებობის პირები მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდნენ. აქ ძირითადად იგულისხმება ბოლნისისა და ახმეტის საკრებულოებში მიმდინარე მოვლენები, რასაც საბოლოო ჯამში ამ საკრებულოების თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა. საანგარიშო პერიოდში სავარაუდო ზეწოლის ეს ფაქტები შეიძლება პირდაპირ კავშირში არ არის საპრეზიდენტო არჩევნებთან, თუმცა არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებისთვის ასეთი შემთხვევების თავიდან აცილება მნიშვნელოვანია. 

2. სამართლებრივი რესურსები

  • საპრეზიდენტო არჩევნებისწინა პერიოდში ასევე დაფიქსირდა სახელმწიფოს სამართლებრივი რესურსების საარჩევნო მიზნით სავარაუდო გამოყენების რამდენიმე შემთხვევაც. კერძოდ, საუბარია ცესკოს მიერ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტაციაზე უსაფუძვლო უარის თქმის შემთხვევაზე და, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ორ გადაწყვეტილებაზე, რომელთა საფუძველზეც ბევრი ადამიანი შეიწყალეს და ათასობით ადამიანს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს.
  • ამ ტიპის რესურსების სავარაუდო გამოყენებად ასევე შეიძლება ჩაითვალოს სექტემბერში განათლების სამინისტროს მიერ აბიტურიენტთა მეორადი ჩარიცხვების დაშვებაც.

3. ინსტიტუციური რესურსები

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფოს ინსტიტუციური რესურსები, სხვა რესურსებთან შედარებით, საარჩევნო მიზნებით ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა.

  • საჯარო მოხელეების საარჩევნო აგიტაციაში უკანონო მონაწილეობას ადგილი ქონდა  ზუგდიდში, ფოთსა და ჩოხატაურში.
  • 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, მიმდინარე წელს ნაკლებად შეინიშნებოდა საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლების იძულებითი მობილიზაცია აგიტაციაში მონაწილეობის მისაღებად. რამდენიმე მუნიციპალიტეტში ასეთი ქმედება, ჩვენი დაკვირვებით, უფრო მეტად ნებაყოფლობითი იყო, ვიდრე – იძულებითი. ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თუმცა ცესკომ ჩვენი საჩივრების ძირითადი ნაწილი, ჩვენი აზრით, უსაფუძვლო მიზეზებით არ დააკმაყოფილა.

4. ფინანსური რესურსები

  • საპრეზიდენტო არჩევნებისწინა პერიოდში ამ ტიპის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას თითქმის არ ჰქონია ადგილი. დაფიქსირდა ერთი შემთხვევა აჭარაში, როდესაც ადგილობრივი ბიუჯეტის ცალკეული პროგრამების დაფინანსება 1 ივლისის შემდეგ გაიზარდა, რაც კანონდარღვევა იყო, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტის ნებისმიერი პროგრამის ზრდა აკრძალულია. მოგვიანებით კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საბიუჯეტო პროგრამების ზრდა არჩევნებამდე 2 თვის განმავლობაში შეიზღუდება და არა – წინასაარჩევნო პერიოდის დროს.

 

 

ამ ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს, USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის  შეხედულებებს.

 

 

 

elections