ENG

ახალი ანგარიში: კონკურენციის პოლიტიკა და კონკურენციის მარეგულირებელი ორგანო საქართველოში

12 მარტი, 2014

დაუყოვნებლივ გასავრცელებლად

თბილისი, 2014 წლის 12 მარტი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ უახლესი კვლევა, „კონკურენციის პოლიტიკა და კონკურენციის მარეგულირებელი ორგანო საქართველოში“, გამოაქვეყნა.  ანგარიშში გაანალიზებულია საქართველოში არსებული კონკურენციის ინსტიტუციური ჩარჩო, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღნიშნული მიმართულებით შესრულებული სამუშაო და არსებული მდგომარეობა. კვლევაში ასევე მოცემულია საქართველოში ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობისათვის ხელისუფლების ორგანოთა მიერ განსახორციელებელი კონკრეტული რეკომენდაციები.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

  • კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კონკურენციის სახელმწიფო ზედამხედველობის განსახორციელებლად საჭირო ფუნქციებს წელიწადზე მეტია პრაქტიკულად ვერ ასრულებს - სააგენტოს ამოქმედებიდან (2012  წლის იანვარი) დღემდე ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის ან, ზოგადად, კონკურენციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის არც ერთი საქმის ინიციირება/მოკვლევა არ განუხორციელებია.

  • სსააგენტოს საქმიანობის შეფერხების მიზეზი საქართველოს მთავრობის მხრიდან იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების დაგვიანებაცაა, რასაც საქართველოს კანონი ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ’’ ითვალისწინებდა.

  • კონკურენციის პოლიტიკის რეფორმის დაყოვნება ბიზნესს მოლოდინის რეჟიმში ამყოფებს, ინსტიტუციური გარემოს ცვლილებასთან დაკავშირებული მოლოდინი კი უარყოფით გავლენას ახდენს საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაზე და სამეწარმეო საქმიანობისათვის არახელსაყრელ გარემოს ქმნის, რაც ასევე უარყოფითად  იმოქმედებს ქვეყნის მთელ ეკონომიკურ სისტემაზე.

  • საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება, რომლის პარაფირება მხარეებმა გასული წლის 29 ნოემბერს ვიულნიუსში მოახდინეს, ასევე ითვალისწინებს, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ეფექტიანი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და კონკურენციის მარეგულირებელი ქმედითი ორგანო.

რეკომენდაციები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს“ მიაჩნია, რომ კონკურენტული გარემოს ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობისა და ბაზარზე კონკურენციის ხელშემწყობი უკეთესი პირობების შექმნისათვის, აგრეთვე საქართველოსა და ევროკავშირის ბაზრების თავსებადობის გასაზრდელად მიზანშეწონილია, საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:

  • განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში არსებული  კონკურენციის ინსტიტუციური ჩარჩოს ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად; საქართველოს მთავრობამ დროულად განახორციელოს კონკურენციის პოლიტიკის რეფორმის შესახებ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიციირება და პარლამენტმა უზრუნველყოს ამ რეფორმის გატარებისათვის აუცილებელი ინსტიტუციური ბაზის შექმნა;

  • უზრუნველყოფილი იყოს კონკურენციის პოლიტიკის კოორდინაცია და გაიზარდოს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დამოუკიდებლობა: სააგენტოს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, დამოუკიდებლად დაიწყოს ბაზრის ნებისმიერი სეგმენტის მოკვლევა, თუ არსებობს ამ სეგმენტზე კონკურენციის შეზღუდვის სათანადო ნიშნები და შექმნილი მდგომარეობა კონკურენციის მარეგულირებელი ორგანოს ჩარევას საჭიროებს;

  • კონკურენციის მარეგულირებელი ჩარჩო კანონმდებლობით (კერძოდ, „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით) გათვალისწინებული შესაბამისი გამონაკლისები, რომლებზედაც კანონმდებლობითვე დადგენილი კონკურენციის მარეგულირებელი ნორმები არ გავრცელდება, არ უნდა ქმნიდეს იმის შესაძლებლობას, რომ სათანადო პროდუქციის ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართ კონკურენცია საერთოდ გამოირიცხოს;

  • შემუშავდეს და საქართველოს კანონმდებლობაში დაინერგოს ბაზარზე ეკონომიკური აგენტების ანტიკონკურენტული ქცევის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი – „თანამშრომლობის პროგრამა“.

უფრო დეტალური დასკვნები და რეკომენდაციები ანგარიშშია მოცემული.

კვლევა მომზადდა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.