„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი კვლევა: მთავრობასა და ბიზნესს შორის თანამდებობის პირთა მოძრაობა და ამ პროცესთან დაკავშირებული კორუფციის საფრთხეები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი კვლევა: მთავრობასა და ბიზნესს შორის თანამდებობის პირთა მოძრაობა და ამ პროცესთან დაკავშირებული კორუფციის საფრთხეები

04 დეკემბერი, 2013

კვლევა, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დღეს, 2013 წლის 4 დეკემბერს გამოაქვეყნა,  ე.წ. „მბრუნავი კარის“ პროცესს ეძღვნება, რაც მთავრობასა და კერძო სექტორს შორის თანამდებობის პირთა მოძრაობას და ამ პროცესთან დაკავშირებულ კორუფციის საფრთხეებს გულისხმობს.

„მბრუნავი კარი“ შედარებით ახალი თემაა კორუფციის კვლევის სფეროში, ხოლო ხსენებული ანგარიში ამ პრობლემის კომპლექსური გააზრების პირველი მცდელობაა საქართველოში.

მოძრაობა ბიზნესიდან საჯარო სექტორში (და პირიქით) ბუნებრივი და გარდაუვალი პროცესია. ამდენად, რეგულირების მიზანი, ამ შემთხვევაში, პროცესის აღკვეთა კი არ არის, არამედ ამ პროცესთან დაკავშირებული კორუფციის საფრთხეების მინიმუმამდე შემცირებაა პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით.

„მბრუნავი კარის“ პროცესი პრობლემად იქცევა მაშინ, როდესაც ბიზნესიდან სახელმწიფო თანამდებობაზე მოსული პირები თავიანთ მდგომარეობას კონკრეტული კომპანიების სასარგებლოდ იყენებენ, ასევე მაშინ, როდესაც ბიზნესში წასული ყოფილი თანამდებობის პირები ხელისუფლებაში შენარჩუნებული კონტაქტებისა და გავლენის წყალობით თავიანთ კომპანიებს ბაზარზე უსამართლო უპირატესობის მოპოვებაში ეხმარებიან.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

  • საქართველოში ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის თანამდებობის პირთა მოძრაობა საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს. საქართველოს პარლამენტში არაერთი მსხვილი ბიზნესმენია წარმოდგენილი, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთ წევრს პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვს ბიზნესთან. მსგავსი მოძრაობა შეინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებსა და დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებშიც.
  • პარლამენტში 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით არჩეულმა მსხვილმა ბიზნესმენებმა - დავით ბეჟუაშვილმა, გოჩა ენუქიძემ, და კახა ოქრიაშვილმა - ყოფილი მმართველი პარტია დატოვეს მას შემდეგ, რაც მან ძალაუფლება დაკარგა. ეს საფუძვლიან კითხვებს წარმოშობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზნით მოდიან ქართველი ბიზნესმენები პოლიტიკაში.
  • ქართველ თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა ზოგიერთმა კომპანიამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო სახელმწიფოსთან ურთიერთობის შედეგად. ეს სარგებელი გამოიხატება როგორც სახელმწიფო შესყიდვებით მიღებულ თანხებში, ისე საგადასახადო შეღავათებში, ექსკლუზიურ ლიცენზიებსა თუ უფლებებში, კონკრეტულ კომპანიებზე მორგებულ კანონმდებლობასა და კონკრეტული კომპანიების მიმართ სამალთალდამცავი უწყებების ლმობიერ დამოკიდებულებაში. ზოგიერთმა თანამდებობის პირმა ბაზრის იმ სექტორში გადაინაცვლა, რომლის ზედამხედველობაც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ევალებოდა.
        1. პარლამენტის ყოფილ და მოქმედ წევრებთან, კანდიდ კვიციანთან, არჩილ გეგენავასთან, თემურ კოხოძესთან და გოჩა ენუქიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მილიონობით ლარი მიიღეს სახელმწიფო შესყიდვების (მათ შორის, ტენდერის გარეშე განხორციელებული შესყიდვების) გზით.
        2. სამართალდამცავმა უწყებებმა არ გამოიძიეს პარლამენტის წვერებთან, რუსუდან კერვალიშვილთან და დავით ბეჟუაშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიერ ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვევები იმ პერიოდში, როდესაც ისინი საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენდნენ.
        3. არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ 2012 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც კომპანიებს გარემოსადმი მიყენებული ზიანის გამო პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების საშუალებას აძლევდა, დეპუტატ კობა ნაყოფიასთან დაკავშირებული კომპანიების ინტერესებზე იყო მორგებული.
        4. ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული კომპანიები 2012 წლამდე პრაქტიკულად მთლიანად აკონტროლებდნენ საქართველოს სატელევიზიო რეკლამის ბაზარს. გარდა ამისა, კეზერაშვილთან დაკავშირებული კომპანიები ფლობდნენ თბილისში გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებასა და ეროვნული ლატარიის ლიცენზიას.
        5. ტელეკომპანია „იმედმა“ ორჯერ ისარგებლა საგადასახადო ამნისტიიით იმ პერიოდში, როდესაც მისი დირექტორი და თანამფლობელი ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე იყო.
        6. ეკონომიკური განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე ზვიად ჭეიშვილი, თანამდებობის დატოვების შემდეგ ქართულ-ჩინურ კერძო კომპანიაში „ ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოფმენთში“ გადავიდა, რომელიც თანამდებობაზე მისი ყოფნის პერიოდში სამინისტროსგან ტყით სარგებლობით ლიცენზიების ერთ-ერთი მსხვილი მიმღები იყო.
  • თანამდებობის პირებზე კერძო ბიზნესინტერესების გავლენა სერიოზული პრობლემაა ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებსა და დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებშიც.
      1. თბილისის მერიის ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა კომპანია „გრინსერვისმა“ მილიონობით ლარი მიიღო თბილისის მერიასთან დადებული ხელშეკრულებების წყალობით.
      2. თბილისის მუშტაიდის პარკი თბილისი საკრებულოს წევრ ალექსანდრე ნიკოლაიშვილთან დაკავშირებულ კომპანია „ჯეო გოლდს“ გადაეცა უკონკურსოდ, 49 წლის ვადით.
      3. კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ინარჩუნებდა კომერციულ ინტერესებს იმ სექტორში, რომლის ზედამხედველობაც მისი თანამდებობრივი მოვალეობა იყო.
  • მბრუნავი კარის პრობლემა შეინიშნება ახალ ხელისუფლებაშიც. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ენერგეტიკის სამინისტრო.
      1. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეს თანამდებობაზე დანიშვნამდე პირდაპირი ან ირიბი კავშირი ჰქონდა ენერგეტიკის სექტორში მომქედ რამდენიმე კომპანიასთან.
      2. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი (რომელსაც ეს პოსტი 2008 წლიდან უკავიან), საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2011 წელს შპს „ტოტ ენერჯის“ დირექტორიც იყო, რაც კანონის პირდაპირი დარღვევაა.
  • საქართველოს კანონმდებლობა მნიშვნელოვან მექანიზმებს შეიცავს ზემოხსენებული პრობლემების პრევენციისთვის, მაგრამ კანონსა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების შედეგად პროცესის ეფექტიანი რეგულირება ამჟამად არ ხორციელდება. ეფექტიანი მონიტორინგის არასებობის შედეგად, არის შემთხვევბი, როდესაც თანამდებობის პირთა მიერ მოქმედი ნორმების დარღვევას არავითარი რეაგირება არ მოყვება.
  • მხოლოდ სათანადო გამოძიების საშუალებით შეიძლება იმის დადგენა, ჰქონდა თუ არა ადგილი კორუფციას ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში. თუმცა, სათანადო რეგულირების არარსებობისა და გამჭვირვალობის არარსებობის პირობებში, მსგავსი შემთხვევები ამცირებს საზოგადოების ნდობას მთავრობისა და მთლიანად პოლიტიკური სისტემის მიმართ, რაც თავისთავად მეტად სერიოზული პრობლემაა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეკომენდაციები:

  • ერთი მხრივ, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორება, ხოლო, მეორე მხრივ, არსებული საკანონმდებლო ნორმების პრაქტიკაში აღსრულების უზრუნველყოფა, რაც მოითხოვს იმის განსაზღვრას, თუ რომელი უწყებები არიან პასუხისმგებელი თანამდებობის პირთა მიერ სხვადასხვა სამართლებრივი ნორმის დაცვის უზრუნველყოფაზე.
  • ცვლილებები ქონებრივი დეკლარაციების სისტემაში: უნდა გაფართოვდეს იმ პირთა წრე, ვისაც ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა მოეთხოვება, ხოლო საჯარო სამსახურის ბიურომ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის გადამოწმების სისტემა უნდა შექმნას.
  • ყოფილ თანამდებობის პირთა საქმიანობის მონიტორინგი თანამდებობიდან მათი წასვლის შემდგომ გარკვეული პერიოდის მანძილზე.
  • შეზღუდვების დაწესება თანამდებობის პირთა მოძრაობაზე დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებსა და იმ სექტორების კომპანიებს შორის, რომელთა საქმიანობის რეგულირებაც ამ ორგანოებს ევალებათ.
  • იმ სახელმწიფო უწყებების გაძლიერება, რომლებსაც საჯარო და კერძო სექტორების ურთიერთქმედებისას წარმოქმნილი კორუფციის საფრთხეების შემცირება შეუძლიათ. ასეთი უწყებებია, მაგალითად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და კონკურენციის სააგენტო.
  • სუბიექტური გადაწყვეტილებების შესაძლებლობის შემცირება იმ სფეროებში, სადაც მთავრობისა და ბიზნესის ურთიერთქმედება ხდება. ამის მიღწევა შეიძლება, მაგალითად, არაკონკურენტული პრივატიზაციისა და ღია ტენდერის გარეშე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების მაქსიმალური შეზღუდვით.

 

print