საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ევროკავშირის მოთხოვნების დიდი ნაწილი შეასრულა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ევროკავშირის მოთხოვნების დიდი ნაწილი შეასრულა

16 ოქტომბერი, 2013

 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში აფასებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებას, რომელიც საქართველოს 2013 წლის 25 თებერვალს გადმოეცა და რომელშიც ევროკავშირის მოთხოვნებია მოცემული. კვლევაში მიმოხილულია ქართული მხარის მიერ სამოქმედო გეგმის პირველი ორი ბლოკის შესრულების მონიტორინგის შედეგები 2013 წლის აგვისტო-სექტემბრის მდგომარეობით. ამასთანავე, კვლევა სამოქმედო გეგმის მხოლოდ პირველ ფაზას, ანუ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხება, ვინაიდან საქართველო იმპლემენტაციის ფაზაზე აქტიურად ჯერ არ გადასულა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგისას გამოჩნდა, რომ ევროკავშირის მოთხოვნათა დიდი ნაწილი საქართველოს შესრულებული აქვს, თუმცა კვლავ რჩება ბევრი საკითხი, რაც რეფორმირებას საჭიროებს.

ამ ეტაპისთვის, ევროკავშირის 11 მოთხოვნიდან საქართველომ ოთხი შეასრულა, ერთი – მეტწილად შეასრულა, ხუთი – სანახევროდ შეასრულა, ხოლო არ შეუსრულებია ერთი მოთხოვნა. უფრო კონკრეტულად:

ბლოკი 1. დოკუმენტების უსაფრთხოება, ბიომეტრული პასპორტების ჩათვლით

მოთხოვნა #1: საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს კონსოლიდაცია, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა სტატუსისა და მოქალაქეთა რეგისტრაციის პროცესის ერთიანობასა და უსაფრთხოებას, საქართველოს მოქალაქეების გაერთიანებულ და უსაფრთხო ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის ჩათვლით, სათანადოდ უზრუნველყოფილი დაცვის ზომებით, რამდენადაც საქმე ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის უმაღლეს სტანდარტებს.

შესრულება: მეტწილად შესრულდა

მოთხოვნა #2: საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს კონსოლიდაცია მანქანაკითხვადი ბიომეტრული პასპორტების გამოშვების მიზნით, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებთან და   იდენტიფიკაციის მართვის უსაფრთხოების საფუძველზე (სამოქალაქო რეგისტრაციისა და სამოქალაქო სტატუსის დოკუმენტები) რეკომენდირებულ პრაქტიკებთან, „ერთი პირი – ერთი დოკუმენტის“ პრინციპის დაცვით, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების ჩათვლით.

შესრულება: შესრულდა

მოთხოვნა #3: მკაფიო ვადის დაწესება ბიომეტრული პასპორტების სრული მასშტაბით გამოყენებისთვის, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოებში, და ასევე, იმ პასპორტების ხმარებიდან ეტაპობრივად ამოღებისათვის, რომლებიც არ შეესაბამება ICAO-ს სტანდარტებს.

შესრულება: სანახევროდ შესრულდა

მოთხოვნა #4: ეთიკის კოდექსისა და ტრეინინგის პროგრამების შემუშავება კორუფციასთან ბრძოლის, პირადი დოკუმენტების უსაფრთხო მართვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საჯარო უწყებების წარმომადგენელთათვის, რომელთა საქმიანობა უკავშირდება პასპორტებს, პირადობის დამადასტურებელ მოწმობებსა და სხვა სამოქალაქო სტატუსის დოკუმენტებს.

შესრულება: არ შესრულდა

ბლოკი 2. საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფრის პოლიტიკა

2.1.  საზღვრის ინტეგრირებული მართვა

მოთხოვნა #1: საზღვრის მართვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს კონსოლიდაციას ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომელიც  უზრუნველყოფს საზღვრის მართვის სფეროში ჩართულ უწყებებს შორის ეფექტიან თანამშრომლობას, კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, სასაზღვრო პოლიციასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის.

შესრულება: შესრულდა

მოთხოვნა #2: ეროვნული ინტეგრირებული საზღვრის მართვის (IBM) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, რომელშიც ასახული იქნება კანონმდებლობის, ორგანიზაციის, ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის, საკმარისი ადამიანური და ფინანსური რესურსების შემდგომი განვითარების ვადები და სპეციფიური მიზნები, საზღვრის მართვის სფეროსა და ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობაში.

შესრულება: სანახევროდ შესრულდა

მოთხოვნა #3: ეთიკის კოდექსის და გადამზადების პროგრამების შემუშავება, მათ შორის, კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, თავშესაფრის მიღების პროცედურების და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ღონისძიებების თაობაზე, რომლებიც სპეციალურად მიმართული იქნება საზღვრის დაცვის, საბაჟოს და სხვა ნებისმიერ ოფიციალურ პირებზე, რომლებიც ჩართულნი არიან საზღვრის მართვასა და/ან მეთვალყურეობაში.

შესრულება: შესრულდა

2.2. მიგრაციის მართვა

მოთხოვნა #1:მიგრაციის პოლიტიკის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს კონსოლიდაცია ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, ლეგალური/შრომითი მიგრაციის სფეროში, ასევე, უცხოელების ინტეგრაციისა და საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის (ნებაყოფლობით, თუ იძულებით დაბრუნებულთა) მხარდამჭერი ღონისძიებების გატარებას და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას (მათ შორის, არალეგალური მიგრანტების წარმოშობის და/ან ტრანზიტის ძირითად ქვეყნებთან რეადმისიის შესახებ შეთანხმებების გაფორმების და არალეგალური მიგრანტების ადგილზე აღმოჩენის კუთხით მუშაობის გაგრძელება).

შესრულება: სანახევროდ შესრულდა

მოთხოვნა #2: მიგრაციის პოლიტიკის სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით მიგრაციის სტრატეგიის და ასევე, შესაბამისი სამოქმედო გეგმის მიღება, რომელშიც ასახულ იქნება ვადები, სპეციფიკური მიზნები, ქმედებები, შედეგები, შესრულების მაჩვენებლები და პირობები საკმარისი ადამიანური და ფინანსური რესურსებისათვის.

შესრულება: შესრულდა

მოთხოვნა #3: მიგრაციული ნაკადების მონიტორინგის მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც შესაძლებელს გახდის საქართველოს მიგრაციული სურათის რეგულარულ განახლებას, გაერთიანებული ელექტრონული მონაცემთა ბაზის საშუალებით, რომელიც შეიცავს მონაცემებს, როგორც არალეგალურ და ლეგალურ მიგრაციაზე, ასევე თავშესაფრის მაძიებლებზე/ლტოლვილებზე; და ასევე, აღნიშნული მონაცემების ეფექტიან შეგროვებასა და ანალიზზე პასუხისმგებელი ორგანოების დაარსება.

შესრულება: სანახევროდ შესრულდა

2.3. თავშესაფრის პოლიტიკა

მოთხოვნა #1: ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, თავშესაფრის პოლიტიკის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს კონსოლიდაცია, არ-გაძევების პრინციპის სრული დაცვით,  რომელიც უნდა მოიცავდეს დამატებით დაცვის მექანიზმს, სტატუსის განსაზღვრის სამართლიან პროცედურებზე ეფექტიანი წვდომის, უფლებათა დაცვის (გადაადგილების თავისუფლება, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, სხვა შრომითი და სოციალური უფლებები) და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების თაობაზე კანონმდებლობის მიღების საშუალებით ლტოლვილთა, თუ საერთაშორისო დაცვის სხვა ფორმებით მოსარგებლე პირების ინტეგრაციის, ისევე როგორც, მოწყვლად ჯგუფებზე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევის ჩათვლით.

შესრულება: სანახევროდ შესრულდა

რეკომენდაციები

სამოქმედო გეგმის მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად, ჩვენი აზრით, ხელისუფლებამ რიგი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს. კერძოდ, საჭიროა:

  1. მკაფიოდ განისაზღვროს ვადა, როდისთვისაც სრულად მოხდება მხოლოდ ბიომეტრული პასპორტების გამოყენება;
  2. დროულად შემუშავდეს ეთიკის კოდექსი და ტრენინგის პროგრამები კორუფციასთან ბრძოლის, პირადი დოკუმენტების უსაფრთხო მართვისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე შესაბამისი საჯარო მოხელეებისთვის;
  3. მიგრაციის სამსახურის შექმნის დაჩქარება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მიგრანტების მონაცემების მართვასა და ანალიზზე, არალეგალური მიგრანტების გამოვლენაზე, მათ დაკავებასა და შესაბამის დაწესებულებებში განთავსებაზე;
  4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ერთობლივი ბრძანების პროექტის დროული მიღება;
  5. შესაბამისი ორგანოების და თანამდებობის პირების მიერ ინსტრუქციების, ან შიდა განკარგულებების შემუშავება, რომლებიც განსაზღვრავენ დაბრუნებული პირებისათვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის საკითხს;
  6. შესაბამისი პირის ან უწყების შექმნა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პოტენციური პარტნიორი ქვეყნების შრომის ბაზრების შესახებ ინფორმაციის მოძიებაზე და ამ მიზნით ევროკავშირის ქვეყნებთან ცირკულარული მიგრაციის  საქართველოსთვის მორგებული მოდელის შემუშავებაზე;
  7. პროფესიულ გადამზადებასა და განათლების აღიარებაზე პასუხისმგებელი ორგანოს დაარსება;
  8. იმიგრაციის ერთიანი ელექტრონული სისტემის დროული ამოქმედება;
  9. ერთიანი ანალიტიკური სისტემის დროული ჩამოყალიბება, რომელიც გააერთიანებს იმიგრაციისა და ემიგრაციის კომპონენტებს და შეიერთებს სხვა უწყებების საინფორმაციო ბაზებს;
  10. თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ ადეკვატური გადაწყვეტილების მისაღებად და წარმოშობის ქვეყნის გასაანალიზებლად კომპეტენტური უწყების ფარგლებში სტრუქტურული ერთეულის განვითარება.

ანგარიში მომზადდა ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოსა“ და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორების მიერ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს" ან Sida-ს პოზიციას. ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო" და Sida არ არიან პასუხისმგებელნი მასალის შინაარსზე.

 

                                                                    

 

print