არასამთავრობოების მიმართვა შინაგან საქმეთა მინისტრს ვიდეოარქივის განადგურების პროცესზე დაკვირვებასთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

არასამთავრობოების მიმართვა შინაგან საქმეთა მინისტრს ვიდეოარქივის განადგურების პროცესზე დაკვირვებასთან დაკავშირებით

04 ივნისი, 2013

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

გვსურს, გამოვეხმაუროთ თქვენ მიერ ბრიუსელში ვიზიტის დროს 29 მაისს გაკეთებულ განცხადებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივის განადგურების გეგმის შესახებ: კერძოდ, თქვენ აღნიშნეთ, რომ უკანონოდ ჩაწერილი ვიდეომასალა უახლოეს დღეებში განადგურდება. ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ გამოვთქვამთ სურვილსა და მზადყოფნას, დაუყოვნებლივ ჩავერთოთ ამ პროცესში და გთხოვთ, შეგვატყობინოთ არქივის განადგურების შემდგომი ნაბიჯების შესახებ.

მოგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ უკვე დიდი ხანია მუშაობენ საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების გამოვლენის კუთხით და აქვთ მთავრობის ღონისძიებების მონიტორინგის მრავალწლიანი გამოცდილება. უკანასკნელ წლებში ჩვენ არაერთხელ გამოვხმაურებივართ პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტებს და ხელისუფლებისთვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით მომზადებული რეკომენდაციები მრავალჯერ შეგვითავაზებია. 

ეკა გიგაური
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 
 
ნინო ლომჯარია
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“
 
კახა კოჟორიძე
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
 
თამარ გაბისონია
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ 

print