ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია რაც ხორციელდება [1]. მემორანდუმის ხელმოწერის ფასილიტაციას „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი“ (IFES) უზრუნველყოფს. მიმდინარე წლის 27 აგვისტოს იგეგმებოდა მემორანდუმზე ხელმოწერა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს შეუთანხმებელი საკითხები, რომლის ირგვლივაც მნიშვნელოვანია მსჯელობის გაგრძელება.
ტრადიციულად, მემორანდუმზე ხელმოწერით ხელმომწერი მხარეები ვთანხმდებით, რომ წინასაარჩევნო აგიტაციასთან მიმართებაში, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო საქმის წარმოების დროს სწორედ მემორანდუმში მითითებული განმარტებებით ვიხელმძღვანელებთ. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მემორანდუმმა, გარკვეულ წილად დაკარგა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა და გადაიქცა ფორმალურ პროცესად.
მემორანდუმზე შეთანხმება და მისი ხელმოწერა ქმნის არასწორ წარმოდგენას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გვაქვს პოზიციების თანხვედრა და ერთნაირად გვესმის წინასაარჩევნო კამპანიასთან და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული გარკვეული ჩანაწერები, რაც პრაქტიკით დასტურდება, რომ ასე არ არის. მაგალითად, საკმაოდ პრობლემურია საარჩევნო ადმინისტრაციაში საარჩევნო დავების განხილვის პროცესი. საარჩევნო ადმინისტრაცია ვიწროდ განმარტავს კანონს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს უკანასკნელი რიგ საკითხებთან მიმართებით შეგნებულად არიდებს თავს საკუთარი უფლებამოსილების განხორცილებას. კერძოდ, ცესკომ ბოლო სარჩევნო ციკლის პერიოდში ვერ უზრუნველყო სოციალური ქსელების მეშვეობით განხორციელებული უკანონო აგიტაციის ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება. მაგ: 2016 და 2017 წლების არჩევნებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების - მიხეილ სააკაშვილის და ანდრეი შევჩენკოს მხრიდან აგიტაციაში მონაწილეობა და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სოციალური ქსელების მეშვეობით საჯარო მოხელეთა მხრიდან სამუშაო საათების განმავლობაში აგიტაცია.
მიმდინარე წელს, მემორანდუმის ტექსტზე მუშაობისას, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მოვითხოვეთ სოციალურ ქსელებში აგიტაციაზე ჩანაწერის დამატება, რათა აღმოფხვრილიყო სოციალური მედიის მეშვეობით კანონდარღვევების შესაძლებლობა, რისი გაზიარებაც სამწუხაროდ, ცესკოს მხრიდან არ მომხდარა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ცესკო ვერ ახერხებს თანამედროვე გამოწვევებზე რეაგირებას და კანონის სათანადო განმარტებას.
ამას ემატება ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ ცესკოს თავმჯდომარემ გამოიჩინა უპატივცემულო დამოკიდებულება სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიმართ და მან საიას კვლევა [2]ს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თემაზე „არასერიოზული“ და „არაპროფესიონალური“ უწოდა. [3]
უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია პროფესიული სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიმართ მსგავს შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს. [4] 2014 წელს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მოწოდებას გადათვლილიყო კონკრეტული საარჩევნო უბნები, „მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა“ უწოდა და ორგანიზაციას არაკომპეტენტურობაში დასდო ბრალი.
გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში ვაფიქსირებთ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან აგრესიულ და მტრულ დამოკიდებულებას ჩვენი დამკვირვებლებისადმი [5]. რაც საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის სულისკვეთების საწინააღმდეგოა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მემორანდუმმა დაიბრუნოს თავისი მნიშვნელობა და გაგრძელდეს მასზე მუშაობა, ვფიქრობთ, რომ ცესკოს მხრიდან საჭიროა შესაბამისი ნების გამოვლენა, რათა:
ხელმომწერი სადამკვირვებლო ორგანიზაციები გამოვხატავთ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის მზაობას, ზემოაღნიშნულ გამოწვევებზე დისკუსიის, თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის პირობებში კონსტრუქციული და პროდუქტიული დიალოგის გაგრძელებისათვის, რათა ხელი შეეწყოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას საქართველოში.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
Links
[1] https://gyla.ge/ge/post/urtierttanamshromlobis-memorandumi#sthash.c5hl2IFn.dpbs
[2] https://gyla.ge/ge/post/saia-tsinasaarchevno-monitoringis-farglebshi-saolqo-da-saubno-saarchevno-komisiebis-dakompelqtebis-monitorings-atsarmoebs#sthash.mDYNuVPi.dpbs
[3] http://rustavi2.ge/ka/news/111754
[4] http://www.isfed.ge/main/738/geo/
[5] https://gyla.ge/ge/post/arasamtavrobo-organizaciebis-mimartva-movitkhovt-damkvirvebelta-khelsheshlis-faqtebze-reagirebas#sthash.Jgjyab4g.dpbs
[6] https://transparency.ge/ge/category/tags/archevnebi