“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევა 2017 წლის სარეკლამო ბაზრის გამოწვევებსა და პრობლემებს ეხება, მათ შორის მიმოიხილავს ტელევიზიისა და რადიოს 2018 წლის 3 კვარტლის მონაცემებსაც. ანგარიში შეისწავლის ონლაინ გამოცემების და გარე სარეკლამო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური რეკლამის ტელევიზიების მიხედვით გადანაწილების საკითხს.
ძირითადი მიგნებები:
- 2017 წელს ტელეკომპანიების ჯამური შემოსავალი მცირედით, 0.6 მლნ ლარით გაიზარდა და ჯამში 97.5 მლნ ლარი შეადგინა;
- სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებმა (სარეკლამო შემოსავლებში დათვლილია რეკლამის და სპონსორობის ხარჯები) 2017 წელს 69.2 მლნ ლარამდე შეადგინა, რაც წინა წელს მიღებულ შემოსავალთან შედარებით, დაახლოებით 14.1 მლნ ლარით ნაკლებია;
- რეგიონული ტელევიზიების საერთო შემოსავალმა 2017 წელს 2.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.6 მლნ ლარით ნაკლებია, ხოლო სარეკლამო შემოსავლები 0.4 მლნ ლარით შემცირდა და 1.7 მლნ ლარი შეადგინა;
- 2017 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის სახით ტელევიზიებმა 6 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს, რომლის 58% ტელეკომპანია “იმედის” ჰოლდინგში განთავსდა, ხოლო 16% - “რუსთავი 2”-ზე;
- მმართველი პარტია “ქართული ოცნება” რეკლამას ძირითადად ტელეკომპანია “იმედზე” ანთავსებდა, “ნაციონალური მოძრაობა” - “რუსთავი 2”-ზე, “პატრიოტთა ალიანსი” კი “ობიექტივზე”.
- თბილისში გარე რეკლამის ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა 2 კომპანიას “აუთდორ.ჯისა” და “სმოდ ედვერთაისინგს” უჭირავს, რომელსაც ერთი და იგივე დირექტორი ჰყავს. გარე რეკლამის შემოსავლები გასულ წელთან შედარებით არ შეცვლილა და ბოლო წლებში სტაბილურად, დაახლოებით 4.8 მლნ დოლარს შეადგენს.
- ყველაზე მზარდი ონლაინ სარეკლამო ბაზარია, თუმცა ადგილობრივი ვებგვერდების წარმომადგენლების განცხადებით, ბაზარზე არსებული ფულის მასის დიდი ნაწილი უცხოურ ვებპლატფორმებზე იხარჯება;
- წინა წელთან შედარებით 14%-ით შემცირდა რადიოს სარეკლამო ბაზარი და 8.7 მლნ ლარი შეადგინა.