„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ძირითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა. თუმცა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, შეინიშნება დარღვევის უფრო დიდი რაოდენობა.
ჩვენ მიერ დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 15 საჩივარი. მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:
დამკვირვებლების გამოძევება
გურჯაანის #09.12.15 უბნიდან გამოაძევეს ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებელი მას შემდეგ, რაც მან დააფიქსირა, რომ ერთ-ერთი პირი ამომრჩეველს მიყვებოდა საარჩევნო კაბინაში. გარდა ამისა, გურჯაანის #09.12.01 და ფოთის #26.70.17 უბნებიდან სცადეს ჩვენი დამკვირვებლების გამოძევება, თუმცა შემდეგ შეცვალეს გადაწყვეტილება.
კენჭისყრის ფარულობის დარღვევა (გახსნილი ბიულეტინები და კამერები კაბინასთან ახლოს)
ადგილი ჰქონდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის შემთხვევებს. კერძოდ, გორის #15.32.03, ახალციხის #17.37.04 უბნებზე საარჩევნო კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი ბიულეტენს აჩვენებდა იქვე მდგომ პირებს. მათ შორის აღსანიშნავია ახალციხის შემთხვევა, სადაც საარჩევნო ყუთის მეთვალყურე ყველა ამომრჩეველს სთხოვდა [1] ეჩვენებინა ბიულეტენები, რითაც ხშირად ირღვეოდა კენჭისყრის ფარულობა. რამოდენიმე უბანზე სტაციონარული ვიდეო კამერები ძალიან ახლოს იდგა [2] საარჩევნო კაბინებთან, რითაც ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხე იქმნებოდა. ასეთი უბნებია, დუშეთის #11.28.37, გორის #15.32.28
წილისყრის პროცედურის დარღვევა
მარნეულის #13.22.85, დმანისის #14.24.46, ვაკის #02.02.31 უბნებზე კომისიის წევრების ფუნქციების გასანაწილებლად საჭირო წილისყრა საერთოდ არ ჩატარდა, ან ჩატარდა, მაგრამ წესების დარღვევით.
მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში
ტენდენციის სახე ჰქონდა მედია ორგანიზაცია „ნიუპოსტის” წარმომადგენლების მიერ საარჩევნო უბნის შიგნით ყველა ამომრჩევლისთვის ფოტოს გადაღებას და სპეციალური პროგრამის მეშვეობით მათ გაგზავნას.
საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნა
ნაძალადევის #06.07.07, ქუთაისის #23.59.122 და ბათუმის #28.79.14 და წყალტუბოს #22.58.30 უბნები დაგვიანებით გაიხსნა.
არაუფლებამოსილი პირების უბანზე ან უბნის სიახლოვეს ყოფნა
დილას გარდაბნის #12.21.14 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ პირები სამკერდე ნიშნის გარეშე, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და შუბლის გახვრეტით დაემუქრნენ ჩვენს დამკვირვებელს, რაზეც კომისიის თავმჯდომარე არ რეაგირებდა. მოგვიანებით ამ პირებმა გაიკეთეს სამკერდე ნიშნები. ამ შემთხვევის შესახებ ვაცნობეთ პოლიციას, რომელმაც დაიწყო საკითხის შესწავლა.
კოვიდუსაფრთხოების ნორმების დარღვევა
მთელი ქვეყნის მასშტაბით ტენდენციის სახე ჰქონდა „კოვიდინფექციის” გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული ნორმების დარღვევას. ბევრ უბანზე კომისიის წევრებს არ ეკეთათ დამცავი ფარი, ხშირ შემთხვევაში ვერ ხდებოდა დისტანციის დაცვა, ირღვეოდა პირბადის ტარების წესები.
საჩივრის ჩაბარებესთან დაკავშირებული პრობლემები
დმანისის #14.24.46 უბანზე კომისიის მდივანი არ იბარებდა ჩვენი დამკვირვებლის საჩივარს. საოლქო საარჩევნო კომისიის ჩარევის შემდეგ, პრობლემა აღმოიფხვრა.
მარკირების გარეშე ხმის მიცემა
დუშეთის #11.28.01 და ახმეტის #10.18.04 უბნებზე ადგილი ქონდა მარკირების გარეშე ხმის მიცემას.
აგიტაცია საარჩევნო უბანზე
თეთრიწყაროს #14.26.10 უბანზე დაფიქსირდა აგიტაციის შემთხვევა.
საარჩევნო მისიის შესახებ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს 600-მდე ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 საარჩევნო უბანზე იქნებიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 100-მდე მობილური ჯგუფიც მიადევნებს თვალს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების დღეს საარჩევნო მედიაცენტრში სამ პრესკონფერენციას გამართავს 12:30-ზე, 17:00-სა და 20:00 საათზე, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დღის დაკვირვების შუალედური შედეგები. 1 ნოემბერს 10:30 საათზე კი წარმოდგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებითი განცხადებებიც.
გარდა ამისა, არჩევნების დღეს ჩვენს ვებგვერდზე იმუშავებს განახლებადი ბლოგი ქართულ [3]და ინგლისურ [4] ენებზე. ყველა მასალა, ასევე, დაიდება ორგანიზაციის Facebook-ისა [5] და Twitter-ის [6] გვერდებზე.
არჩევნების დღეს დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 2 92 14 03.
Links
[1] https://www.youtube.com/watch?v=JLnDTJlxSbg&feature=youtu.be
[2] https://i.imgur.com/9dyoWkF.jpg
[3] https://transparency.ge/ge/blog/ganaxlebadi-cnobebi-saarchevno-dargvevebi-da-matze-reagireba
[4] https://transparency.ge/en/blog/live-blog-election-violations-and-responses
[5] https://www.facebook.com/tigeorgia/
[6] https://twitter.com/TIGeorgiaGeo
[7] https://transparency.ge/ge/category/tags/archevnebi
[8] https://transparency.ge/ge/tags/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%982020