კენჭისყრის პროცესის შუალედური შეფასება
ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია - “ჩემი ხმა” 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება. მისია აერთიანებს 2000-მდე ადამიანს. მათ შორის, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე დაკვირვებაში ჩართულია 200-მდე მოქალაქე. კოალიციის დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს ყველა საარჩევნო ოლქში, აგრეთვე ცესკოში აკვირდებიან. 73 საარჩევნო ოლქში მუშაობს 133 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები დღის განმავლობაში ინფორმაციას რეგულარულად გვაწვდიან როგორც საარჩევნო უბნებზე არსებული პროცესის, ასევე კონკრეტული დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ.
წარმოგიდგენთ დაკვირვების შედეგებს, რომელიც ეფუძნება დამკვირვებლებისგან მიღებულ ინფორმაციას დილის 9:00 საათიდან 11:00 საათამდე კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე.
დილის 11:00 საათისთვის ინფორმაცია მიღებული გვქონდა 1029 უბნიდან. “ჩემი ხმას” დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით კენჭისყრის დაწყებიდან 11 საათამდე პერიოდში:
მარკირება არ მოწმდებოდა სათანადო წესით - 49 უბანზე;
ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ამომრჩევლის ვერიფიკაციის წესების დარღვევა დაფიქსირდა 8 უბანზე;
მარკირების გაკეთების წესის დარღვევა დაფიქსირდა-68 უბანზე;
ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ხარვეზი გამოვლინდა 125 უბანზე;
“ჩემი ხმას” დამკვირვებლებს დაკვირვების უფლება შეეზღუდათ 38 უბანზე.
ძირითადი ტენდენციები
გრძელდება საგანგაშო ტენდენცია, რაც გულისხმობს ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემას და ყუთში მოთავსებას. ამ დროისთვის ჯამში 50-მდე მსგავსი ფაქტია დაფიქსირებული საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო ოლქში. როგორც უკვე აღვნიშნეთ [1], ეს ტენდენცია გაყალბების მაღალ რისკებს ქმნის. მსგავსი შემთხვევები გამოიწვევს შემაჯამებელ ოქმებში ბალანსის დადგენის პრობლემას. შესაძლებელია, აღნიშნული, ასევე, მიზნად ისახავდეს საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საფუძვლის ხელოვნურად შექმნას ან სხვა ტიპის მანიპულაციას.
კვლავ რთული ვითარებაა საბერძნეთის საარჩევნო უბანზე. დამკვირვებლებს არ ეძლევათ შესაძლებლობა დააკვირდნენ არჩევნების პროცესს.
ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ედისონ რისერჩის” წარმომადგენლებს სამეგრელოში და კახეთში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხელს უშლიან საარჩევნო უბნების მიმდინარე პერიმეტრზე ეგზიტპოლის გამოკითხვის ჩატარებაში. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს მათ მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას.
ამ დროისათვის, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, დაწერილია 34 საჩივარი და 43 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.
მნიშვნელოვანი ინციდენტები:
ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემის და ყუთში მოთავსების შემთხვევები
საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემის 23 შემთხვევა. ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემის შემთხვევები დაფიქსირდა სამეგრელოში 64-ე ოლქის მე-2 უბანზე, კახეთში მე-14, მე-15, მე-17 ოლქებში, ქვემო ქართლში მე-20 ოლქში, თბილისში აჭარაში - 79-ე, 81-ე და 83-ე ოლქებში, რაჭა-ლეჩხუმში - 47 ოლქი, სამცხე ჯავახეთში - 37-ე და 39-ე ოლქები, შიდა ქართლში - 32 ოლქი.
ხმის მთვლელ აპარატში ორი ბიულეტენი შეაცურეს თბილისის მე-2 ოლქის მე-8 უბანზე.
81-ე ოლქის მე-3 უბანზე ამომრჩეველმა საცდელის ნაცვლად ერთი კონკრეტული სუბიექტი გააფერადა, რაზეც რეგისტრატორს რეაგირება არ ჰქონია.
დამკვირვებლის საქმიანობის ხელშეშლა
მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ ვლინდება დამკვირვებლებისთვის დაკვირვების პროცესში ხელშეშლა, მათ შორის მსგავსი ფაქტები გამოვლინდა: სენაკის 64-ე ოლქის 32-ე და 1-ლ საარჩევნო უბნებზე, გარდაბნის 21-ე ოლქის მე-14 უბანზე, ქობულეთის 81-ე ოლქის მე-5 უბანზე.
მარნეულის 69-ე უბანზე კოალიციის ფიზიკურად გაუსწორდნენ დამკვირვებელს, რომელიც ბიულეტენების ჩაყრას ვიდეოკამერით აფიქსირებდა.
მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ ვლინდება დამკვირვებლებისთვის დაკვირვების პროცესში ხელშეშლა, მათ შორის მსგავსი ფაქტები გამოვლინდა: სენაკის 64-ე ოლქის 32-ე და 1-ლ საარჩევნო უბნებზე, გარდაბნის 21-ე ოლქის მე-14 უბანზე, ქობულეთის 81-ე ოლქის მე-5 უბანზე.
ასევე გამოვლინდა ჩვენი დამკვირვებლების გაძევების შემთხვევები. კერძოდ: თბილისის მე-5 ოლქის 46-ე და მეათე ოლქი 41-ე უბნებიდან, მეშიდე ოლქის 1-ლი უბნიდან და გარდაბნის მე-15 უბნიდან (21.15) გამოაძევეს ჩვენი დამკვირვებლები. ასევე, ქობულეთის 79-ე ოლქის მე-2 უბნიდან, შენიშვნის გამო, გააძევეს “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელი.
დაფიქსირდა საჩივრის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევები ქვემო ქართლში 21-ე ოლქის მე-9 უბანზე, თბილისში მე-5 ოლქის 46-ე უბანზე.
ათენის საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებს დაკვირვების განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევენ.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
უბნის გახსნიდან ამ დრომდე, საქართველოს რიგ უბნებში ვლინდება ერთზე მეტი ამომრჩევლის ყოფნის ფაქტები ხმის მიცემის კაბინაში. ასეთი შემთხვევებია, მაგალითად, ქარელის საარჩევნო ოლქის 27-ე უბანზე; ბათუმის 79-ე ოლქის მეორე უბანზე კომისიის თავმჯდომარე შეჰყვა უსინათლო ამომრჩეველს ხმის მიცემის კაბინაში, რაც კანონით აკრძალული ქმედებაა.
თელავის მე-17 ოლქის მე-7 უბანზე ამომრჩევლები მრავალჯერ განზრახ არღვევენ საკუთარი ხმის ფარულობას.
ხარვეზები ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობაში
კვლავ ვლინდება ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევები საქართველოს მასშტაბით. კერძოდ, რიგ უბნებზე ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები მუშაობენ ხარვეზებით, მაგალითად: ზუგდიდის 67-ე ოლქის მე-8 და მე-15 საარჩევნო უბნებზე ხმის დამთვლელი ერთ-ერთი აპარატი არ მუშაობდა.
დაფიქსირდა ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევა თბილისის მე-5 ოლქის 46-ე უბანზე.
აგიტაცია საარჩევნო უბანზე
ახალქალაქში, მე-20 ოლქის სამ უბანზე (1, 2, 62) ფიქსირდება აგიტაცია “ქართული ოცნების” სასარგებლოდ. გარდაბნის 41-ე უბანზე (22.41) ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების მხრიდან აგიტაციას “ქართული ოცნების” სასარგებლოდ.
უცხოეთის უბნებიდან მიღებული ინფორმაცია
რაც შეეხება უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებს, ათენის 38-ე უბანზე კოალიციის დამკვირვებელს არ ეძლევა დაკვირვების შესაძლებლობა. კომისია არ აძლევს დამკვირვებელს ვიდეოგადაღების შესაძლებლობას. არის დაძაბული ვითარება და გადატვირთულობა. კოალიცია ავრცელებს აღნიშნულის ამსახველ ვიდეო და აუდიო მასალას.
მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, უზრუნველყოს კომისიის წევრებისა და ამომრჩევლების დროული და სათანადო ინფორმირება რ ამომრჩეველზე 1-ზე მეტი ბიულეტენის გადაცემისა და ყუთში მოთავსების ფაქტების და მათი პრევენციისათვის გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.
სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა”-ს დამკვირვებლები მთელი ღამის განმავლობაში მოგვაწვდიან შემაჯამებელი ოქმის ფოტოებს, რომლებიც ეტაპობრივად გამოქვეყნდება და საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ვებ-გვერდზე wevote.ge [2]. ამავე ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი დამკვირვებლების მიერ გადმოგზავნილი კენჭისყრის წინასწარი შედეგების ამონაწერის (კონსოლიდირებული საბოლოო ანგარიშის) ფოტოები იმ საარჩევნო უბნებიდან, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. წინასწარი შედეგების ამონაწერისა და შემაჯამებელი ოქმების ფოტოების საჯაროობა “ჩემი ხმას” ვებ-გვერდზე ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს გადაამოწმოს ცესკოს მიერ ოფიციალურად დადებული მონაცემების თანხვედრა დამკვირვებლების მიერ უბნებზე მოპოვებულ ოფიციალურ დოკუმენტებთან.
Links
[1] https://www.wevote.ge/post/%E1%83%99%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-10-30
[2] http://wevote.ge/