
თბილისი, 2014 წლის 12 ივლისი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2014 წლის 12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს 50-მდე ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. საარჩევნო პროცესებს 8 თვითმმართველ ქალაქში ორგანიზაციის 17 მობილურმა ჯგუფმა მიადევნა თვალი. მთელი დღის განმავლობაში ორგანიზაციის დამკვირვებლები 580 უბანზე იმყოფებოდნენ.
კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა. დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე არ დაუფიქსირებიათ სერიოზული დარღვევები. ჩვენი ინფორმაციით, საარჩევნო უბნები უზრუნველყოფილი იყო საარჩევნო დოკუმენტაციით. არჩევნების პირველი ტურისგან განსხვავებით, არ დაფიქსირებულა ბიულეტენების გატაცების ფაქტი.
მთელი დღის განმავლობაში ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე ამოწმებდნენ იმ ინციდენტებს, რომლებიც მედიისა და პოლიტიკური პარტიების საშუალებით ვრცელდებოდა. დაფიქსირდა დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც, ძირითადად, უბნის გარეთ პოლიტიკური პარტიების აქტივისტებსა და მხარდამჭერებს შორის ძალადობრივ ქმედებაში გამოიხატა.
ტენდენციის სახით შეიძლება გამოიყოს შემდეგი:
პოლიტიკური პარტიების კოორდინატორების/აქტივისტების მობილიზება საარჩევნო უბნის გარეთ
დაპირისპირება სააჩევნო უბნის გარეთ
სხვა დარღვევები
საერთო ჯამში, ვფიქრობთ, რომ არჩევნების დღემ მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. იმედი გვაქვს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხმის დათვლის პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვას და აღარ იქნება ოქმებში ბალანსთან დაკავშირებული პრობლემები.