
გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეების მიერ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას მათი უკანონოდ გათავისუფლებისა და სამსახურის დატოვების მოთხოვნით განხორციელებული ზეწოლის შესახებ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ 2014 წლის აგვისტოს დასაწყისიდან სისტემატურად ხდება მათი და სხვა თანამშრომლების მიმართ ზეწოლა თანამდებობის „ნებაყოფლობით“ დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მოთხოვნით. მათი განცხადებით, მსგავს უკანონო ქმედებებში, როგორც წესი, მერიის სხვადასხვა სამსახურების უფროსები და მათი მოადგილეები მონაწილეობენ და სამსახურიდან გათავისუფლების მოტივად მათ პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებენ. ადგილი აქვს, ასევე, მუქარას მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.
როგორც მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ორმა სპეციალისტმა და ამავე სამსახურის კრწანისის რაიონული განყოფილების უფროსმა განგვიცხადეს, მათი და სხვა კოლეგების მიმართ მსგავსი ზეწოლა თავდაპირველად აგვისტოს ბოლოს, ხოლო განმეორებით სექტემბრის დასაწყისში განხორციელდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის - გეგი ნიჟარაძისა და მისი პირველი მოადგილის - დავით მედულაშვილის მიერ. მათი განცხადებით, ხსენებული თანამდებობის პირები კაბინეტში თანამშრომლებს ნებაყოფობითი გათავისუფლების შესახებ წინასწარ მომზადებულ განცხადებებს ახვედრებენ ხელმოსაწერად. ეს საჯარო მოხელეები აცხადებენ, რომ განცხადების ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, სამსახურის უფროსისგან ხორციელდება მუქარა მათი საქმეების საგამოძიებო ორგანოების მიერ შესწავლის თაობაზე.
დიდუბის რაიონის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის მხრიდან ზეწოლის თაობაზე საუბრობენ ამავე გამგეობის თანამშრომლები. მათი განცხადებით, გამგებლის მხრიდან ადგილი აქვს თანამშრომელთა შეურაცხყოფას, დამცირებას და იძულებას პირადი განცხადების საფუძველზე დატოვონ სამსახური. გამგებლის მოადგილის განცხადებით, გამგებელმა მას პირადი შვებულების სანაცვლოდ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა და აიძულებდა, თანამშრომლები სამსახურიდან დაეთხოვა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა თანამშრომლის განთავისუფლებით იმუქრებოდა. როგორც გამგებლის მოადგილე მიუთითებს, მან გათავისუფლების შესახებ განცხადება იმ იმედით დაწერა, რომ სხვა თანამშრომლებს აღარ გაათავისუფლებდნენ, თუმცა გათავისუფლებები მაინც გაგრძელდა. ასევე, დიდუბის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსის განცხადებით, ირმა ზავრადაშვილმა მას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერა მოსთხოვა და განუცხადა, რომ ვინაიდან ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ იყო, დიდუბის რაიონის გამგეობაში ვერ იმუშავებდა.
როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მსგავსი ზეწოლის შედეგად, საკუთარი განცხადების საფუძველზე, რამდენიმე ათეულმა თანამშრომელმა უკვე დატოვა თანამდებობა. ჩვენი ორგანიზაციები აგრძელებენ მსგავსი საქმეების შესწავლას. მერიიდან ჩვენ უკვე გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია გათავისუფლებულთა ზუსტი სტატისტიკის თაობაზე.
ზემოთ მოყვანილი ფაქტების თაობაზე, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისის მერს, დავით ნარმანიას პირადად ესაუბრნენ. მერი კატეგორიულად გამორიცხავს მისდამი დაქვემდებარებული თანამდებობის პირების მიერ მსგავსი ქმედებების განხორციელებას. მისი განცხადებით, ცალკეული მოხელეები თავს არიდებენ ან არაჯეროვნად ასრულებენ სამსახურეობრივ მოვალეობებს, რაც მათი დათხოვნის საფუძველი ხდება. მერი ორგანიზაციების წარმომადგენლებს თითოეული ფაქტის გადამოწმებას და დასახელებული სამსახურების უფროსებთან შეხვედრის ორგანიზებას დაპირდა.
ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა მართლაც ჰქონდეს ადგილი მოხელეთა მხრიდან საქმიანობის არაჯეროვნად შესრულებას ან უფლებამოსილების გადამეტებას, თუმცა, მიგვაჩნია, რომ, ასეთ შემთხვევაში, გათავისუფლების საფუძველი დასაბუთებული უნდა იყოს მერიის მხრიდან და გათავისუფლებულ მოხელეებს ჰქონდეთ მათი გადაწყვეტილებების კანონიერი გზით გასაჩივრების უფლება. სამწუხაროდ, ნაცვლად ამისა, მოხელეთა მიმართ სავარაუდოდ ხორციელდება ზეწოლა გათავისუფლების თაობაზე პირადი განცხადებების დაწერის მოთხოვნით.
იქმნება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თბილისის მერიაში რიგ შემთხვევებში საჯარო მოხელეთა გათავისუფლება აშკარა თუ ფარული ზეწოლის ფონზე ხდება. ახლადდანიშნული თანამდებობის პირები სცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს უგულვებელყოფენ. სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლის თანახმად კი, დანაშაულია „პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე“.
მოვუწოდებთ:
ჩვენი ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაცია:
Links
[1] mailto:pr@isfed.ge
[2] mailto:gyla@gyla.ge
[3] mailto:gigi@transparency.ge
[4] https://transparency.ge/sites/default/files/post_attachments/ngos.PNG
[5] https://transparency.ge/ge/category/tags/tbilisis-meria
[6] https://transparency.ge/ge/category/tags/sajaro-samsakhuri
[7] https://transparency.ge/ge/category/tags/gatavisupleba