2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი: ანალიზი და რეკომენდაციები
2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი (ასიგნებები) 2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით 657 მილიონი ლარით (8.1%) იზრდება. 2013 წლის ბიუჯეტი ქვეყნის ახალი მთავრობის პრიორიტეტებს ასახავს, რაც სოფლის მეურნეობა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა და განათლება და მეცნიერება იქნება. მთავრობამ ამ სამი ახალი პრიორიტეტის განხორციელება 2012 წლის დეკემბერშივე დაიწყო.
სამივე პრიორიტეტული სფეროს დაფინანსებისთვის 3.256 მილიარდი ლარია გათვალისწინებული, რაც მარტივი შედარებით 646.7 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე წინა მთავრობის ბიუჯეტში (2012 წლის ივლისი) ამ სფეროებისთვის გათვალისწინებული დაფინანსება. თუმცა მთავრობამ დაიწყო არარაციონალური ხარჯების შემცირება, რამაც მას საშუალება მისცა ამ სამი პრიორიტეტული სფეროს დაფინანსება რეალურად 870 მილიონი ლარით გაეზარდა.
ახალი პრიორიტეტების დასაფინანსებლად ფული მთავრობამ ხარჯების ოპტიმიზებითაც გამოათავისუფლა. მცირდება ზოგიერთი უწყების ბიუჯეტი. მაგალითად: თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება, 16.5 მილიონი ლარით (2.4%) მცირდება, შინაგან საქმეთა სამინისტროსი – 15 მილიონი ლარით (2.5%), ფინანსთა სამინისტროსი – 18.2 მილიონი ლარით (15%), სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსი -- 12 მილიონი ლარით (20%). მცირდება სხვა არაერთი უწყების დაფინანსებაც.
ახალი პრიორიტეტების დაფინანსება (ათას ლარებში)
შემცირდება ზოგიერთი უწყების ბიუჯეტი. მაგალითად: თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება, 16.5 მილიონი ლარით (2.4%) მცირდება, შინაგან საქმეთა სამინისტროსი – 15 მილიონი ლარით (2.5%), ფინანსთა სამინისტროსი – 18.2 მილიონი ლარით (15%), სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსი -- 12 მილიონი ლარით (20%). მცირდება სხვა არაერთი უწყების დაფინანსებაც.
1. 2013 წ. სახელმწიფო ბიუჯეტი: პოზიტიური ცვლილებები
- საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ პროგრამულ ბიუჯეტირებაზე გადასვლის შემდეგ პირველად შეაფასა სახელმწიფო ბიუჯეტი როგორც რეალურად არაპროგრამული[1], რასაც ბოლო ერთი წლის მანძილზე ჩვენს არაერთ პუბლიკაციაში აღვნიშნავდით. ფინანსთა მინისტრის ეს შეფასება იძლევა იმედს, რომ 2014 წლის ბიუჯეტი რეალურად პროგრამული იქნება.
- უმთავრესი პოზიტიური ცვლილება ახალი მთავრობის მიერ დაწყებული არარაციონალური ხარჯების შემცირებაა, რაც, ბოლო 8 წლის მანძილზე, ხარჯების ოპტიმიზებისკენ გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯია. ხარჯების ოპტიმიზება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით, სტუდენტური დასაქმების პროგრამის, ელექტროენერგიის ვაუჩერების და სხვა საარჩევნოდ მოტივირებული პროგრამების გაუქმებით გახდა შესაძლებელი.
- მოხდა „სხვა ხარჯების” ჩაშლა მიზნობრიობის მიხედვით, რაც წინა წლების ბიუჯეტებში არასდროს გაკეთებულა.
- ბიუჯეტის დეფიციტი[2] მშპ-ის 2.8%-ის ფარგლებშია დაგეგმილი, მაშინ როცა 2012 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 3.5%–ს უახლოვდება. დეფიციტის შემცირება, რაც ფისკალური კონსოლიდაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მთავრობის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებაზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი დეფიციტი მთავრობას საშუალებას მისცემდა თავისი ახალი სოციალური და სხვა პრიორიტეტები უფრო მეტად დაეფინანსებინა, არჩევანი ქვეყნის ფისკალური პოზიციის გამყარების სასარგებლოდ გაკეთდა.
- მკვეთრად იზრდება სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსება, ხოლო განათლების სამინისტროს გაზრდილი დაფინანსების საკმაოდ დიდი ნაწილი მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდისკენ მიიმართება.
- საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არ მცირდება 2%–ით, ხოლო 2014 წლიდან 3%–ით, რაც სრულიად რაციონალური გადაწყვეტილებაა, რადგან ეს შემცირება უპირატესად მაღალი შემოსავლების პირების ფინანსურ მდგომარეობაზე მოახდენდა გავლენას. სანაცვლოდ შემოდის დაუბეგრავი მინიმუმის ცნება, რაც ფიზიკურს პირებს შესაძლებლობას აძლევს ხელფასიდან ყოვეწლიურად გამოიქვითონ 1800 ლარი თუ მათი წლიური ხელფასი არ აღემატება 6000 ლარს. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, მიუხედავად დაუბეგრავი მინიმუმის შემოტანისა, საშემოსავლო გადასახადით მიღებული შემოსავალის 11.7%–ით ზრდაა დაგეგმილი.
- საჯარო სახსრების ხარჯვის გამჭვირვალობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია ის ცვლილება, რაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ( სსიპ) შესახებ კანონში შევიდა, კერძოდ, მთავრობის ახალი უფლებამოსილება, განსაზღვროს იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნუსხა, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან, თავიანთი წლიური ბიუჯეტები, საშტატო ნუსხები და სახელფასო ფონდები ფინანსთა სამინისტროსთან შეათანხმონ. მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელი იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშებზე არსებული თავისუფალი ნაშთი სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხოს. თუმცა საკუთარი შემოსავლების განკარგვის თავისუფლება, რაც სსიპ-ებს კვლავ რჩებათ, სუსტი ანგარიშვალდებულების პირობებში და იმ დროს როცა ქვეყანაში რეალურად არ ამოქმედებულა ეფექტიანობის აუდიტი, გასარკვევია, რამდენად გამართლებულია. დღეს ჩვენ არ ვიცით თუ რამდენად უწყობს ხელს საკუთარი შემოსავლების განკარგვის თავისუფლება სსიპებს საკუთარი მოვალეობების უკეთ შესრულებაში.
მაგალითად, თუ რომელიმე სსიპს 2011 წელს რჩებოდა თავის ანგარიშზე თავისუფალი ნაშთი, 2012 წელს იგი იმდენით მეტ აქტივობას გეგმავდა, რაც ამ 2011 წლის ნაშთის ასათვისებლად იყო საჭირო. ნაშთის დაბრუნების ვალდებულების შემთხვევაში არის ე.წ. დეკემბრის ციებ–ცხელების საფრთხე, რაც ფულის დაბრუნების შიშით დეკემბერში ნაშთის გამალებულ ხარჯვაში გამოიხატება. თუმცა ნაშთის მომდევნო წელს გადატანის უფლების უარყოფითი ეფექტი გაცილებით აღემატება დეკემბრის ციებ–ცხელების უარყოფით ეფექტს. ნაშთის მომდევნო წელს გადატანის უფლება ნიშნავს, რომ ის, რაც სსიპს დეკემბერში გამალებულად უნდა დაეხარჯა (ამ შემთხვევაში ნაშთის მხოლოდ მცირე ნაწილის დახარჯვას ასწრებენ), ეს ნაშთი ნაწილდება მთელს მომდევნო 12 თვეზე. ნაშთის მომდევნო წელს გადატანის პირობებში სსიპები ამ ნაშთის დასახარჯად 2012 წლის ღონისძიებებს ამატებდნენ რაღაც აქტივობებს, რასაც სხვა შემთხვევაში არ განახორციელებდნენ. სწორედ ამ მიზეზის გამო არ აქვთ მხარჯავი დაწესებულებებს ნაშთის მომდევნო წელს გადატანის უფლება. პრინციპი მარტივია: დაუბრუნე ხაზინას ნაშთი და მომდევნო წელს მოგცემენ იმდენს, რამდენიც რეალურად გჭირდება. სსიპების მიერ ნაშთის დაბრუნების ვალდებულება სსიპებს ვერ შეუშლის ხელს იმ მიზნების განხორციელებაში რაც მათ აქვთ და ვერც მათ დამოუკიდებლობას შეზღუდავს, რადგან მათ შეუძლიათ ბუჯეტიდან ის თანხა მოითხოვონ რაც ჭირდებათ. ამასთან, კანონის ცვლილების მიხედვით, სსიპს ნაშთის დაბრუნების ვალდებულება მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილების შემთხვევაში უდგება.
- 2013 წელს საგადასახადო შემოსავლები 620 მილიონი ლარით იზრდება, რაც მიანიშნებს მთავრობის განზრახვაზე გააუმჯობესოს საგადასახადო ადმინისტრირება. საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების გარეშე 620 მილიონით მეტი გადასახადის შეგროვება შეუძლებელი იქნება. ადმინისტრირების გაუმჯობესების პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა: 2012 წლის ნოემბერ–დეკემბერში სექტემბერ–ოქტომბერთან შედარებით 74%–ით გაიზარდა კონტრაბანდის გამოვლენილი შემთხვევების მაჩვენებელი.
- მისასალმებელია საგადასახადო ადმინისტრირებაში სადამსჯელო ღონისძიებებიდან აქცენტის არასადამსჯელო ღონისძიებებზე გადატანა: დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის მინიმალური სანქციის, საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული, სასაქონლო ზედნადების გარეშე საქმიანობის პირველად და განმეორებით გამოვლენისთვის გათვალისწინებული ჯარიმების და საურავის ოდენობების შემცირება.
- ამასთან წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ: კეთილსინდისიერი გადამხდელის ჯარიმისგან განთავისუფლების უფლება საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოსთან ერთად ექნება სასამართლოსაც; საგადასახადო დავალიანების იძულებით გადახდევინება დაიწყება საგადასახადო დავის დასრულების შემდეგ; საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილება უკვე საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღება და არა ერთპიროვნულად პრემიერ-მინისტრის მიერ; საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ერთწლიანი ვადა გაიზრდება 3 წლით; საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია იქნება გადასახადის გადამხდელის ქონების გირავნობა/იპოთეკით დატვირთვა.
2. 2013 წ. სახელმწიფო ბიუჯეტი: პრობლემები
2.1. პროგრამული ბიუჯეტის ფორმატი
- მიუხედავად ფინანსთა მინისტრის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული ფორმატის კრიტიკული შეფასებისა, 2013 წლის პროგრამული ბიუჯეტი არა მხოლოდ 2012 წლის პროგრამული ბიუჯეტზე გაცილებით ნაკლებად დეტალიზებულია, არამედ 2009 და 2008 წლების არაპროგრამულ ბიუჯეტებზეც ნაკლებ ინფორმაციას შეიცავს და ხშირ შემთხვევაში საერთოდ უგულებელყოფილია შეფასების ინდიკატორები.
2012 წლის ბიუჯეტის ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის აღწერაში, მაგალითად, მოცემულია სამი შუალედური მოსალოდნელი შედეგი: 1. მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა 2. მიზნობრივი ჯგუფებისათვის ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯების ტვირთის შემსუბუქება 3. სამედიცინო სფეროში ე.წ. „ჯიბიდან გადახდების“ წილის შემცირება. ამავე პროგრამის მოსალოდნელი შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორებში კი სამი ინდიკატორია მოცემული:1. სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რაოდენობა 2. „ჯიბიდან გადახდების” წილის შემცირება 10%–ით ჯანმრთელობის მთლიან დანახარჯებში 3. 2010 წელს დაზღვეულთა რაოდენობისთვის, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების უტილიზაციის გაზრდა 2–3%–ით. 2013 წლის ბიუჯეტის ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის აღწერაში კი ერთადერთ შუალედურ მოსალოდნელ შედეგად მოცემულია “ქვეყნის მოსახლეობის უზრუნველყოფა სამედიცინო დაზღვევით”, ხოლო შუალედური შედეგის შეფასების ერთადერთ ინდიკატორად მოცემულია “დაზღვეულ პირთა რაოდენობის ზრდა”. 2012 წლის ამავე პროგრამის მოსალოდნელი შედეგებისა და ინდიკატორებისგან განსხვავებით სრულიად არაფრისმთქმელია როგორც ერთი, ისე მეორე მონაცემი.
პირველ რიგში, პროგრამულ ბიუჯეტს სჭირდება შეფასების ინდიკატორები და არა მოსალოდნელი შედეგები. მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა ხდება პრიორიტეტების, მიზნების, ამოცანების და მიღწევის ინდიკატორების ფორმით. მაგალითად, “ქვეყნის მოსახლეობის უზრუნველყოფა სამედიცინო დაზღვევით”, რაც მოსალოდნელი შედეგად არის მითითებული, რეალურად არის ან მიზანი ან ამოცანა. თუ ამ მიზნის მიღწევით მიღებულ შედეგებს გავზომავთ, მივიღებთ შეფასების ინდიკატორს.
გარდა ამისა, შეფასების ინდიკატორი იქნებოდა არა დაზღვეულ პირთა რაოდენობის ზრდა, არამედ, ვთქვათ, მიმართვიანობის ან რეჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდა პროცენტულ გამოსახულებაში.
- 2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2013 წლის ბიუჯეტში გაცილებით ნაკლებად არის დეტალიზებული სხვა არაერთი პროგრამა, მაგალითად, ,,დიაბეტის მართვა“. აღნიშნული პროგრამის დაფინანსება რომ შემცირებულიყო, გასაგები იქნებოდა რატომ დაიგეგმა ნაკლები ღონისძიებები. თუმცა პროგრამის დაფინანსება, მართალია უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იზრდება და შესაბამისად, გაუგებარია რატომ გვაქვს პროგრამაში 2012 წელთან შედარებით გაცილებით ნაკლები ღონისძიებები.
- პროგრამული ბიუჯეტისთვის შეუცვლელია ლოგიკური ჩარჩოს ფორმატი, რომლითაც უნდა მოხდეს პრიორიტეტების, მიზნების, ამოცანების, ღონისძიებების, წინა წლის ხარჯეფექტურობის კოეფიციენტების, მიღწევის ინდიკატორების, რისკების, ბენეფიციარების რაოდენობის, შესრულებაზე პასუხისმგებლების და ვადების მიხედვით. ამ ელემენტების უმრავლესობა 2013 წლის ბიუჯეტში არ არის.
- პროგრამული ბიუჯეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიღწევის რაოდენობრივი და თვისობრივი ინდიკატორები. 2013 წლის ბიუჯეტში პრაქტიკულად არ არის ინდიკატორი, რაც მიღწეული შედეგების გასაზომად ან შესაფასებლად გამოდგება.
2.2. სხვა პრობლემები
- 2013 წ. საჯარო მოხელეთა რიცხოვნობა 755 ადამიანით იზრდება, რაც 2012 წელთან შედარებით 0.7%–იანი ზრდაა, ხოლო შრომის ანაზღაურების მუხლი – 49.1 მლნ ლარით. სახელფასო ფონდის მომუშავეთა რიცხოვნების გარეშე გაზრდა გასაგები იქნებოდა, რადგან შრომის ანაზღაურებას საჯარო სექტორში არ მიუღწევია იმ ზღვრისთვის, რომლის ზევითაც მისი ზრდა არაგონივრული იქნებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა მინიმალური მთავრობისკენ უნდა მიდიოდეს და ხდება ფისკალური კონსოლიდაცია, საჯარო მოხელეთა რიცხვის ზრდა გაუგებარი ნაბიჯია.
- ძალაში რჩება საბიუჯეტო კოდექსის 56–ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს, ან დაზუსტებულ და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობა აღემატება 15%-ს. განმარტების ეს ზღვრები არასწორ სტიმულებს აძლევს მხარჯავ დაწესებულებებს, რითიც პირდაპირ ახდენს მათ მიერ ბიუჯეტის დაუდევრად დაგეგმვის წახალისებას. ბიუჯეტის დაგეგმვის ოპტიმიზებისთვის და მისი გამჭვირვალობის გასაზრდელად აუცილებელია განმარტების აღნიშნული ზღვრების დაწევა.
- სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის და მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდა შეუძლებელია შესაბამისი განმარტებების გარეშე. 2012 წლის ბიუჯეტის მსგავსად, 2013 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები, მაგალითად, არ მოიცავს შემოსავალს ეროვნული ბანკის მოგებიდან. ამის მიზეზია საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთების დაცემა, ლარის კურსის გამყარებით გამოწვეული ზარალი (ეროვნული ბანკის რეზერვები უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული) და ა.შ. თუმცა ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტში ამ განმარტებას არ აკეთებს.
- უფრო მკაფიოდ უნდა გაიწეროს საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავი მინიმუმის ადმინისტრირების მექანიზმი, კერძოდ მისი დაბრუნების წესი (მათ შორის გადაანგარიშების წესი) და ვადები. აქ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ყველა დასაქმებულის მონაცემთა ბაზის შექმნა, რამაც დეკლარირება და დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება უნდა გახადოს შესაძლებელი.
- საჯარო სახსრების ხარჯვის გამჭვირვალობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რაც „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ” კანონში და პარლამენტის შესაბამის დადგენილებაში[3] შევიდა. დადგენილების განმარტებითი ბარათის მიხედვით, პარლამენტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის სრულყოფილად გაკონტროლების საშუალება ექნება, რაც მოიცავს არა მხოლოდ საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, არამედ განხორციელებული აუდიტის ხარისხს და უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებას.
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული აუდიტის ხარისხის შემოწმება მოითხოვს შესაბამისი გამოცდილების მქონე აუდიტორული კომპანიის გამოცდილებას. საპარლამენტო კომისია, თუნდაც ის კვალიფიციური აუდიტორებით დაკომპლექტდეს და ჰყავდეს აპარატი, ვერ მოახერხებს აუდიტის ხარისხის კვალიფიციურად შემოწმებას. აუდიტის ხარისხის კვალიფიციურად შემოწმება არის კომპლექსური ამოცანა, რაც მოითხოვს დაგეგმვას, ფუნქციების იერარქიულ განაწილებას და სხვა სპეციფიკურ პროცედურებს. კვალიფიციურმა საპარლამენტო კომისიამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შეიძლება შეამოწმოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული უფლებამოსილების კანონიერება და არა აუდიტის ხარისხი და კონკურსის წესით შეარჩიოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემმოწმებელი აუდიტორული კომპანია.
აუდიტორული ორგანო პარლამენტის წინაშე სხვა უამრავ ქვეყანაშიც არის ანგარიშვალდებული (გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ესტონეთი და სხვ.). გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო აუდიტორული ოფისის საქმიანობას კონტროლს უწევს თემთა პალატის საჯარო ანგარიშგების კომისია, რომელიც ამტკიცებს ოფისის ბიუჯეტს და შეუძლია დანიშნოს გარე აუდიტორი, მაგრამ არ ერევა ოფისის ადმინისტრაციული საკითხების გადაწყვეტასა და მართვაში, რაც ასევე გასათვალისწინებელია საქართველოსთვის. მაგრამ ამ ქვეყნებში უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს ამოწმებენ გარე აუდიტორული ფირმები და არა საკანონმდებლო ორგანოს კომისიები, როგორც ეს საქართველოში ხდება. სხვაგვარად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეფექტიან აუდიტორულ ორგანოდ ვერ გარდაიქმნება.
3. რეკომენდაციები
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიიჩნევს, რომ:
- 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა მოხდეს პროგრამების დეტალიზება პროგრამული პრიორიტეტების, მიზნების, ამოცანების, ღონისძიებების, წინა წლის ხარჯეფექტურობის კოეფიციენტების, მიღწევის ინდიკატორების, რისკების, ბენეფიციარების რაოდენობის, შესრულებაზე პასუხისმგებლების და ვადების მიხედვით.
- განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მიღწევის რაოდენობრივ და თვისობრივ ინდიკატორებს. 2013 წლის ბიუჯეტში პრაქტიკულად არ არის ინდიკატორი, რაც მიღწეული შედეგების გასაზომად ან შესაფასებლად გამოდგება.
- სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსების მკვეთრი ზრდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდასთან ერთად შეიცავს სერიოზულ ინფლაციურ საფრთხეს, რასაც მთავრობა არ შეიძლება მოუმზადებელი შეხვდეს.
- სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის და მთავრობის ანგარიშვალდებულების გასაზრდელად აუცილებელია შესაბამისი განმარტებების გაკეთება. უნდა დასაბუთდეს, მაგალითად, თუ რატომ იზრდება 2013 წ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნება 755 ადამიანით, მაშინ როცა ქვეყანას ორიენტაცია მინიმალური მთავრობისა და ფისკალური კონსოლიდაციისკენ აქვს აღებული; 2013 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები რატომ არ მოიცავს შემოსავალს ეროვნული ბანკის მოგებიდან, ან რატომ მცირდება შემოსავლები საკუთრებიდან, რამაც სხვა პოზიციების შემცირებასთან ერთად სხვა შემოსავლების 120 მილიონი ლარით კლება გამოიწვია.
- უფრო მკაფიოდ უნდა გაიწეროს საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავი მინიმუმის ადმინისტრირების მექანიზმი, კერძოდ მისი დაბრუნების წესი და ვადები. აქ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ყველა დასაქმებულის მონაცემთა ბაზის შექმნა, რამაც დეკლარირება და დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება უნდა გახადოს შესაძლებელი.
- საბიუჯეტო კოდექსის 56–ე მუხლის მიხედვით, მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის შეუსაბამობის (30%) და დაზუსტებულ და გადახდილ თანხებს შორის განმარტების (15%) ვალდებულების ზღვრები უნდა შემცირდეს, რადგან მაღალი ზღვრები ხელს უწყობს მხარჯავი დაწესებულებების მიერ ბიუჯეტის დაუდევრად დაგეგმვას.
- აუდიტის ხარისხის შემოწმების ამოცანას მხოლოდ შესაბამისი გამოცდილების მქონე აუდიტორულმა კომპანიამ და არა საპარლამენტო კომისიამ შეიძლება გაართვას თავი. თუნდაც ეს კომისია კვალიფიციური აუდიტორებით დაკომპლექტდეს და ჰყავდეს აპარატი, ის ვერ მოახერხებს აუდიტის ხარისხის კვალიფიციურად შემოწმებას, რადგან ეს არის კომპლექსური ამოცანა, რაც მოითხოვს დაგეგმვას, ფუნქციების იერარქიულ განაწილებას, აუდიტის ხარისხთან დაკავშირებული მიგნებების და რეკომენდაციების შემმოწმებელი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი ანგარიშის ფორმით დამოწმებას. კვალიფიციურმა საპარლამენტო კომისიამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შეიძლება შეამოწმოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული უფლებამოსილების კანონიერება, მაგრამ არა აუდიტის ხარისხი და კონკურსის წესით შეარჩიოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემმოწმებელი აუდიტორული კომპანია. კანონით აუცილებელია დადგინდეს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული აუდიტის ხარისხს ამოწმებს პარლამენტის მიერ დაქირავებული აუდიტორული კომპანია და განისაზღვროს ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რაც ამ უკანასკნელს უნდა ჰქონდეს.
- ფინანსთა სამინისტრომ უნდა გაანალიზოს: 1. თუ რამდენად ზრდის საკუთარი შემოსავლების განკარგვის თავისუფლება სსიპ-ების მიერ საკუთარი მოვალეობების უკეთ შესრულების მოტივაციას; 2. სუსტი ანგარიშვალდებულების პირობებში და იმ დროს როცა ქვეყანაში რეალურად არ ამოქმედებულა ეფექტიანობის აუდიტი რამდენად გამართლებულია სსიპების მიერ საკუთარი შემოსავლების განკარგვის ის თავისუფლება, რაც მათ აქვთ.
ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ ფინანსთა სამინისტროსთან ზემოთ მოყვანილ რეკომენდაციებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების განსახილველად.
[1] გაზ. რეზონანსი, 4 დეკემბერი 2012წ
[2] ბიუჯეტის დეფიციტს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის 1986 წ. სახელმძღვანელოს მიხედვით ითვლის, რაც 2001 წ. სახელმძღვანელოს მეთოდით დათვლილ დეფიციტთან არაშედარებად შედეგებს გვაძლევს. 2001 წ მეთოდოლოგიით ბიუჯეტის დეფიციტი 2012 წელს1.5%–დან 2013 წელს 1.9%–მდე გაიზარდა, თუმცა 1986 წ მეთოდოლოგიით, ბიუჯეტის დეფიციტი 2012 წელს 3.5% დან 2.8%–მდე შემცირდა.
[3] სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ