ადამიანის უფლებები და სამართლიანობა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ადამიანის უფლებები და სამართლიანობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომელიც ემსახურება მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებას გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით. პროექტი განხორციელდება სამი სხვადასხვა მიმართულებით:

  • საქართველოში სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაზრდა სპეციალური საჯარო ონლაინ პლატფორმების შექმნით. ყველა სასამართლო გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ამ პლატფორმებზე და დაჯგუფებული იქნება კატეგორიების მიხედვით.

  • საპროცესო შეთანხმების სისტემის გამჭვირვალობის წახალისება ღია ვებ პლატფორმის შექმნის გზით, სადაც გამოქვეყნდება შესაბამისი სტატისტიკა. აღნიშნული პლატფორმა შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებას, რომ გამოიკვლიოს, ნათლად წარმოიდგინოს და ერთმანეთს შეადაროს ისეთი მნიშვნელოვანი მონაცემები, როგორიცაა საპროცესო შეთახმებების შედეგად ყოველწლიურად ბიუჯეტში შესული თანხის ოდენობა.

  • საქართველოს სავაჭრო პალატასთან არსებული ახალი არბიტრაჟის სისტემის შექმნის ხელშეწყობა. იმისათვის რომ ახალი არბიტრაჟის ინსტიტუტი გახდეს ეფექტური და პოპულარული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”: (1) სამუშაო ჯგუფში მონაწილეობით წვლილს შეიტანს რეგიონული არბიტრაჟის განვითარებასა  და შესაბამისი ინსტიტუციურ/სამართლებრივი ბაზის შექმნაში; (2)დაიქირავებს საერთაშორისო ექსპერტს, რომელიც იმუშავებს შესაბამისი წესების შემოღებაზე; (3)ორგანიზებას გაუწევს სასწავლო ვიზიტს „არბიტრაჟის მუდმივ სასამართლოში” და „ნიდერლანდების არბიტრაჟის ინსტიტუტში”; (4)მოაწყობს კონფერენციას, სადაც მიღწეულ შედეგებს წარუდგენს საზოგადოებას.

პროექტის ხანგრძლივობაა 2013 წლის ივნისიდან 2014 წლის მაისამდე და ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტისთვის „ადამიანის უფლებები და სამართლიანობა” გამოყოფილი საერთო თანხა შეადგენს 67,535  ევროს.