პარლამენტის საქმიანობის მხარდაჭერისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროგრამა: ჩემი პარლამენტი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

პარლამენტის საქმიანობის მხარდაჭერისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროგრამა: ჩემი პარლამენტი

მიზნები: ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა, კანონშემოქმედებით პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება მათი წარმომადგენლების შესახებ.

2012 წელს „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტთან“ ერთად ორგანიზაციამ შექმნა ვებგვერდი სახელწოდებით „შენ მართავ!“. ამავე წლის ნოემბრიდან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დამოუკიდებლად აგრძელებს პროექტის განხორციელებას. ვებგვერდი ახალი სახელით „ჩემი პარლამენტი“ (myparliament.ge; chemiparlamenti.ge) 2013 წლის ივნისში ამოქმედდა და შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეს:

  • თვალი მიადევნოს მიმდინარე კანონპროექტებს და მათი განხილვის სტადიებს მარტივად გასაგებ ფორმატში;

  • დააკვირდეს, რა გადაწყვეტილებებს იღებს მის მიერ არჩეული დეპუტატი, გაეცნოს მის კენჭისყრაში მონაწილეობის მაჩვენებლებს, ბიოგრაფიას და ყოველწლიური ქონებრივი დეკლარაციის ჩანაწერებს;

  • დაუსვას შეკითხვა დეპუტატს და მიიღოს პასუხი ვებგვერდის მეშვეობით. ვებგვერდზე ასევე აისახება დეპუტატების მიერ გაცემული პასუხების თანაფარდობა დასმულ შეკითხვებთან და გამოვლინდებიან ამ მხრივ ყველაზე აქტიური და პასიური პარლამენტარები.

კანონპროექტების ანალიზი

ორგანიზაციას გააჩნია კანონმდებლობის ანალიზის მრავალწლიანი გამოცდილება ისეთ საკითხებში, როგორიცაა: არჩევნები, მედია, ადამიანის უფლებები, საგადასახადო პოლიტიკა, ჯანდაცვის სექტორი, კონკურენცია და სხვა. 2012 წლის ბოლოდან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დამატებით ახალი პრიორიტეტია კანონმდებლობის ანალიზი ევროკავშირის პოლიტიკასა და საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან შესაბამისობის კუთხით. არსებულ კანონებსა და ინიცირებულ პროექტებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ექსპერტების დასკვნები და მოსაზრებები წარედგინებათ კანონმდებლებს და გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებგვერდზე.

ორგანიზაცია პერიოდულად ორგანიზებას გაუწევს საზოგადოების დაინტერესებულ ჯგუფებთან საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას. მხარეებთან კორესპონდენცია და მათი შეფასებების კანონმდებლებისათვის მიწოდება ორგანიზაციის მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

საკანონმდებლო შეტყობინებები

ორგანიზაცია აგრძელებს გამომწერების ინფორმირებას საკანონმდებლო სიახლეების შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინებების გზით. ამ დროისათვის, აღნიშნული სერვისით სარგებლობს 300-ზე მეტი მომხმარებელი. მათ შორის არიან არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა აქტიური მოქალაქეები. ორგანიზაცია გეგმავს სერვისის შეთავაზებას უფრო ფართო საზოგადოებისათვის, პირველ რიგში ისეთი მოქალაქეებისათვის, ვისაც ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე.

ყოველკვირეული პოდკასტი

ორგანიზაციამ დაიწყო საპარლამენტო ყოველკვირეული აუდიო პოდკასტის ჩაწერას პარლამენტში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე. პოდკასტები ჩაიწერება სტუმრებთან ერთად (დეპუტატები, დაინტერესებული მხარეები). პოდკასტი საქართველოში მოქმედ რადიოსადგურებს გაეგზავნებათ და გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებგვერდზე.  

თანამშრომლობის ისტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საქართველოს პარლამენტთან 2004 წლიდან თანამშრომლობს. სხვადასხვა საპარლამენტო პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციამ განახორციელა შემდეგი ღონისძიებები: პარლამენტის ეთიკის კოდექსის შემუშავება და საჯაროდ ხელმოწერა; მაჟორიტარ დეპუტატთა ამომრჩევლებთან შეხვედრების ციკლი; ფოკუს-ჯგუფები აქტუალურ კანონპროექტებთან დაკავშირებით და ტრენინგები პარლამენტის აპარატისთვის.

2011 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, საქართველოს პარლამენტის აპარატის მხარდაჭერითა და „ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSI)” დაფინანსებით, განახორციელა პროექტი საქართველოს კანონშემოქმედების გამჭვირვალობის და კანონშემოქმედთა ანგარიშვალდებულების გაზრდის ხელშეწყობა. ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიეცათ სამუშაო ადგილი პარლამენტში, საიდანაც ისინი შეუზღუდავად ესწრებოდნენ კომიტეტების სხდომებს და სხვადასხვა შეხვედრებს.

პროექტის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აწარმოებდა ინიცირებული კანონპროექტების შესახებ პროცედურული ინფორმაციისა და სტატისტიკის ორგანიზებას და არსებითი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინებებით დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირებას, რომელთა გამოწერაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გარდა ამისა, დაიწერა რამდენიმე ბლოგპოსტი საპარლამენტო პროცედურებისა და წესების დარღვევების შესახებ და შედგა საჯარო შეხვედრა.

პარლამენტის საქმიანობის მხარდაჭერისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროგრამა: ჩემი პარლამენტი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

Error

The website encountered an unexpected error. Please try again later.