ნიკოლა სარკოზის იძულებით გულშემატკივრობა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ნიკოლა სარკოზის იძულებით გულშემატკივრობა

21 ოქტომბერი, 2011

რას იზამდით, თუკი გსურთ საფრანგეთის პრეზიდენტის - ნიკოლა სარკოზის მსგავს გამოჩენილ პოლიტიკოსს უგულშემატკივროთ? თუ ეს ადამიანი სიტყვით აპირებს გამოსვლას, ალბათ, დაესწრებით, ხომ? მაგრამ, თუკი თქვენი უფროსი გაიძულებთ ამ გამოსვლაზე წასვლას, იმის მიუხედავად რომ, შესაძლოა, გაინტერესებთ, ალბათ, პროტესტის ნიშნად უარს იტყვით წასვლაზე, ან წახვალთ, მაგრამ ენთუზიაზმის გარეშე.

-“მოდით, მიესალმეთ ნიკოლა სარკოზის, რადგან ის ედგა საქარველოს გვერდში რუსული ოკუპაციის მძიმე დღეებში!“- სწორედ ეს იყო მესიჯი, რომლითაც ხელისუფლებამ საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანებს მიმართა და ამავე დროს აიძულა ბევრი მათგანი სარკოზის დასახვედრად თავისუფლების მოედანზე შეკრებილიყო.

ამის შედეგად ათობით მინი ავტობუსი დაიძრა თბილისისკენ 7 ოქტომბერს. იმ დღეს ნიკოლა სარკოზი თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცოტა ხნით ადრე ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა და „თბილისობა“ ოქტომბრის ბოლოდან გადმოიტანა. მის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ანონსი ნაციონალურ არხებზე „ტრიალებდა“.

რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების თქმით, თვითმმართველობის ბიუჯეტებიდან ხალხის დედაქალაქში ჩამოსაყვანად ათობით ათასი ლარი დაიხარჯა.

„გურია ნიუსი“ იუწყებოდა: იმის მიუხედავად, რომ 7 ოქტომბერი რეგიონებისთვის ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, საჯარო მოსამსახურეების მოძებნა მათ სამუშაო ადგილებზე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

ზუგდიდში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა, ადამურ არქანიამ ინტერნეტგამოცემა Tspress.ge–ს უთხრა, რომ ხალხის თბილისში ჩასაყვანად მათი ბიუჯეტიდან 4,640 ლარი დაიხარჯა. მისივე თქმით, ოთხი მინი ავტობუსი დაიქირავეს. Tspress.ge–ის თანახმად, ზუგდიდის კულტურის დეპარტამენტმა სარკოზის სიტყვით გამოსვლის დამსწრეებს დღიური თანხაც გადაუხადა.

ფოთიდან 250–ზე მეტი ადამიანი ჩამოიყვანეს თბილისში - ძირითადად საჯარო სექტორის თანამშრომლები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვანო სიღინაძემ, Tspress.ge–სგანუცხადა, რომ ტრანსპორტისა და საკვებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 6,000 ლარი დაიხარჯა.

მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, დუშეთიდან საფრანგეთის პრეზიდენტის დასახვედრად 600 კაცი გამოაგზავნეს: 16 მინი ავტობუსი, ორი დიდი ავტობუსი და დუშეთის საკრებულოსა და გამგეობის პირადი მანქანები. ადგილობრივი საინფორმაციო მაუწყებელის თქმით, შეკრებილი ხალხის უმრავლესობა ადგილობრივი მმართველობის სხვადასხვა სექტორების, საჯარო სკოლების და ბაღების თანამშრომლები იყვნენ.

მთავრობის ბრძანებას მოსწავლეები და მათი მშობლებიც დაემორჩილნენ. საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თბილისში გასაგზავნთა სია ორი დღით ადრე იყო ცნობილი. ყველანი გააფრთხილეს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ იმათ, ვინც არ წავიდოდა სარკოზის გამოსვლაზე. (ამას წინათ სამსახურიდან გაათავისუფლეს რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები, რომლებიც საკუთარ პრობლემებზე ჟურნალისტებს ელაპარაკნენ).

კახეთის რეგიონშიც მსგავსი რამ ხდებოდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის თანახმად, 7 ოქტომბერს ყველაფერი პირველ საათზე დაიკეტა, რადგან თითქმის ყველა საჯარო პირი თბილისში საფრანგეთის და საქართველოს პრეზიდენტების საგულშემატკივროდ გაამგზავრეს. 4 საათზე კახეთის საინორმაციო ცენტრიდან გურჯაანის გამგეობაში მისულ ჟურნალისტს 120 საჯარო მოხელიდან ადგილზე მხოლოდ 12 დახვდა. .. „ყველა კეთილგონიერი ადამიანი თბილისში უნდა იყოს ამ დროს სარკოზის დასახვედრად“ განუცხადა ჟურნალისტს ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომელმა.

მსგავსი ვითარება იყო რუსთავშიც. გაზეთ „რუსთავის ამბების“ ცნობით, ხალხის თბილისში თავისუფლების მოედანზე მისაყვანად რუსთავის გამგეობის ბიუჯეტიდან 10,000 ლარი დაიხარჯა. გაზეთის თანახმად, ხალხი დედაქალაქში ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ყვითელი ავტობუსებით ჩაიყვანეს და, ამიტომ, ქალაქში დარჩენილები ზოგი ფეხით, ზოგი კი სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილდებოდა.

ამ ინფორმაციის წაკითხვის და ვიდეო მასალის ნახვის შემდეგ, რთულია არ შევადაროთ დღევანდელი ვითარება კომუნისტური ავტორიტარიზმის პერიოდს, როდესაც ვინმე მნიშვნელოვანი პირის დასახვედრად „პიონერები, მუშები და მოსამსახურეები“ ბრძანებით ჩამოყავდათ ჩვენს დედაქალაქში.

სარკოზის სიტყვით გამოსვლის დროს ათობით ათასობით ადამიანმა მოისმინა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს და კვალავაც დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „როდესაც თბილისში ვიმყოფები თავი ევროპაში მგონია“,- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

Author: მათიას ჰუტერი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე