როგორ მუშაობენ ახლადგახსნილი საავადმყოფოები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

როგორ მუშაობენ ახლადგახსნილი საავადმყოფოები

14 მაისი, 2012

2011 წლის მარტიდან საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყოველკვირეულად ახლადაშენებული საავადმყოფოების გახსნა დაიწყეს. სამედიცინო დაწესებულებები 160-170 ახალი საავადმყოფოს სახელმწიფო  პროგრამის ფარგლებში გაიხსნა.  პროგრამა, ძირითადად, საავადმყოფოების სახელმწიფო მფლობელობიდან კერძო მფლობელობაში გადასვლას გულისხმობს.

საავადმყოფოების გახსნის პროცესში დადიოდა ხმები, რომ ყველა საავადმყოფოს  სადაზღვევო კომპანიები ფლობენ, მათი მშენებლობისა და აღჭურვის პროცესი დასრულებული არ არის და, შესაბამისად, საავადმყოფოები სრულად არაა ამოქმედებული. ჯანდაცვის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში გადავწყვიტეთ ეს ინფორმაცია გადაგვემოწმებინა.

იმის დასადგენად, შეესებამებოდა თუ არა ზემოთაღნიშნული  ხმები სინამდვილეს, საავადმოყოფოების გადამოწმება ადგილობრივი აქტიური მოქალაქეების, მოხალისეების საშუალებით დავიწყეთ.  მათ უნდა გაერკვიათ საავადმყოფოების სტატუსთან დაკავშირებული საკითხები და პასუხი გაეცათ მარტივ შეკითხვებზე დასრულებულია თუ არა საავადმყოფოების მშენებლობის პროცესი  და  ამოქმედებულია თუ არა ისინი სრული დატვირთვით. ჩვენ არ შეგვიფასებია საავამდყოფოების მიერ მოწოდებული სერვისის ხარისხი და მომსახურე სამედიცინო პერსონალის თუ პაციენტების კმაყოფილება. ეს საკითხი ჩვენს წინა ბლოგში განვიხილეთ.

შესამოწმებელი საავადმყოფოების შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ახლადგახსნილი საავადმყოფოების ნუსხა ვნახეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გახსნილი 25 საავამყოფოდან 15 შევარჩიეთ.  

აღმოჩნდა, რომ უმრავლეს შემთხვევაში საავადმყოფოების მშენებლობისა და  მათი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის პროცესი დასრულებული ან თითქმის დასრულებულია. შესწავლილი საავადმყოფოებიდან მხოლოდ ოთხში გამოვლინდა რამდენიმე ოთახი და იატაკი, რომელთა განახლება დასრულებლ არ იყო. აქვე უნდა ითქვას, რომ ოთახები სათანადოდ იყო აღჭურვილი მკურნალობის ჩასატარებლად. ძირითადი პრობლემა ხელმძღვანელობისა და სამედიცინო პერსონალის მიერ მოწოდებული ინფორმაციის არაშესაბამისობა იყო. როგორც სხვადასხვა ვიზიტისას გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, ყველა საავადმყოფოს ფასადი შესანიშნავ მდგომარეობაშია. 

ჭიათურის სამედიცინო ცენტრი, იმერეთი(ირაო) ხომის სამედიცინო ცენტრი, იმერეთი (ალდაგი BCI) ტყიბულის სამედიცინო ცენტრი, იმერეთი(ალდაგი BCI)

რამდენიმე მოხალისის მიერ აღნიშნულმა ფაქტმა, რომ მათ არ მისცეს ყველა სართულზე შესვლის ნებართვა, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ჩვენს მოსაზრებაზე საავადმყოფოების სტატუსთან დაკავშირებით. დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოხალისეებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მიეცათ მხოლოდ დაცვის თანამშრომლებისგან, რომლებსაც, ან სამედიცინო ცენტრის  ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ გააჩნდათ, ან თანამშრომლობის სურვილი. ზოგიერთი საავადმყოფოს მხრიდან ასეთი დამოკიდებულების მიზეზი ვერ დავადგინეთ, მაგრამ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ცალკეულ შემთხვევებში ჩვენთვის ყველაფრის ჩვენება არ სურდათ. სამწუხაროა, რომ ამის გამო რესპონდენტებს საკუთარი  სამედიცინო ინსტიტუტის საუკეთესო კუთხით წარდგენის საშუალება არ მიეცათ.

მცხეთის სამედიცინო ცენტრი, მცხეთა-მთიანეთი (GPI ჰოლდინგი) სამედიცინო ცენტრი, თბილისის უნივერსიტეტი

 

ზესტაფონის სამედიცინო ცენტრი, იმერეთი (ირაო) წყალტუბოს სამედიცინო ცენტრი, იმერეთი (ალდაგი BCI) შუახევის სამედიცინო ცენტრი (ალდაგი BCI)

რა მოხდება 7 წლის შემდეგ?

ჰოსპიტალურ სექტორში განხორციელებული ტოტალური პრივატიზაციის შედეგად, ახლადგახსნილი საავადმყოფოების დიდ ნაწილს სადაზღვევო კომპანიები ფლობენ. ინვესტორებსა და მთავრობას შორის დადებული შეთანხმების სამწუხარო ნაწილი ისაა, რომ საავადმყოფოებმა სამედიცინო პროფილი 7 წლის მანძილზე უნდა შეინარჩუნონ. თავის ადრინდელ ანგარიშებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოთქვა ეჭვი იმის თაობაზე, რომ 7 წლის შემდეგ, მფლობელი კომპანიები საავადმყოფოების პროფილს უფრო მომგებიანი დაწესებულების სასარგებლოდ შეცვლიან. ძნელი სათქმელია, გააგრძელებს  თუ არა რეგიონებში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საავადმყოფოები მრავალპროფილური საავადმყოფოს სახით ფუნციონირებას 7 წლის  გასვლის შემდეგაც,  რადგან ამის  იურიდიული ვალდებულება არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ ინვესტორების უმრავლესობა ბიზნეს ორგანიზაცია, კერძოდ, სადაზღვევო ან ფარმაცევტული კომპანია, რომლებსაც ჯანდაცვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება არ გააჩნია. მათი მთავარი მიზანი მოგების მიღებაა და არა საავადმყოფოების ხელმისაწვდომობისა და ნორმალური ფუნციონირების  უზრუნველყოფა.  შესაბამისად, ჩნდება კითხვა,  პრიორიტეტულია თუ არა ინვესტორებისათვის საავადმყოფოების ხელმისაწვდომობა და მომსახურების ხარისხი.

მართალია, ძველი  ინფრასტრუქტურა ახლით იცვლება, რაც აუცილებელი იყო, მაგრამ ჯანდაცვის სექტორი საქართველოში მარავალი გამოწვევის წინაშე დგას. ჯანდაცვის  ახალი პოლიტიკა  გრძელვადიან პერსპქტივაში რისკების შემცველია. აღმოჩნდა, რომ გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ საავადმყოფოების მშენებლობისა და აღჭურვის პროცესი დასრულებული არ არის, სიმართლეს არ შეესებამება, მაგრამ ბევრი პრობლემაა საავადმყოფოების ხელმისაწვდომობის, მათი სიცოცხლისუნარიანობისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის თვალსაზრისით.  

ქედის სამედიცინო ცენტრი, აჭარა (იმედი L) ჩაქვის სამედიცინო ცენტრი (იმედი L) ბოლნისის სამედიცინო ცენტრი, ქვემო ქართლი (IC ჯგუფი)
Author: ხერარდ დე ბური
healthcare