ფოთის მერიას საკომპენსაციო ფული არ აქვს, გთხოვთ, თავად დაანგრიეთ ავტოფარეხები! - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ფოთის მერიას საკომპენსაციო ფული არ აქვს, გთხოვთ, თავად დაანგრიეთ ავტოფარეხები!

09 ნოემბერი, 2011

2011 წლის ფოთის ბიუჯეტში ერთ–ერთ ძირითად პრიორიტეტად განისაზღვრა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებისთვის სპორტულ გამაჯანსაღებელი მოედნების მოწყობა. ინიციატივას ფოთელებიც მიესალმებოდნენ მანამ, სანამ შეიტყვეს, რომ პროექტის განხორციელებისათვის საჭირო იყო მათ საკუთრებაში არსებული ავტოფარეხების დემონტაჟი ყოველგვარი კომპენსციის გარეშე. როგორც აღმოჩნდა, ქალაქ ფოთის 2011 წლის ბიუჯეტში ავტოფარეხების დემონტაჟისთვის საჭირო საკომპენსაციო თანხები არ გაუთვალისწინებიათ.

ნებართვის გარეშე აშენებული 3 ათასამდე ავტოფარეხების დემონტაჟი ფოთის მერიამ თავიდანვე დაჩქარებული წესით განახორციელა. ხოლო, იმ 270 მესაკუთრეს, რომლებსაც ავტოფარეხები კანონის დაცვით ჰქონდათ აშენებული, დემონტაჟი სხვადასხვა ფორმით მოსთხოვეს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ისინი ხშირად განიცდიან ზეწოლას ფოთის მერისა და მერიის თანამშრომლების მხრიდან. ეს ზეწოლა გამოიხატება, როგორც ავტოფარეხების ნებაყოფლობით, ხშირ შემთხვევაში თავად მესაკუთრეების ხარჯებით, დემონტაჟის მოთხოვნით, ისე, ოჯახის წევრების საჯარო სამსამხურიდან დათხოვნის მუქარით.

2011 წლის 19 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი ფოთში ავტოფარეხების რამდენიმე მესაკუთრეს შეხვდა. შეხვედრაზე წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მომზადდა ავტოფარეხების მესაკუთრეთა ერთობლივი განცხადება, რომლითაც ფოთის მერს ეთხოვა მოლაპარაკებების დაწყება და ავტოფარეხების დემონტაჟის საკითხის განხილვა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად (აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევისას, მესაკუთრეს სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს ქონების სანაცვლო კომპენსაცია). ამის პარალელურად, ჩვენ ღია წერილით მივმართეთ ფოთის მერს ვახტანგ ლემონჯავას და მოვუწოდეთ მოსახლეობაზე განხორციელებული მუქარისა და ზეწოლის ფაქტები სასწრაფოდ აღეკვეთა. მერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ არ გამოხმაურებია. სამაგიეროდ, განცხადების გაგზავნიდან ერთ კვირაში განცხადებაზე ხელმომწერი მოქალაქეები დაჰკითხეს პოლიციაში. ფოთელებს განუცხადეს, რომ ქალაქის მერია ეჭვქვეშ აყენებს მესაკუთრეთა ამხანაგობის ოქმზე ხელმოწერების ნამდვილობას, რის გამოც დაიწყო მასალების მოკვლევა.

უკანასკნელ დღეებში პოლიციის თანამშრომლებმა უკვე ორჯერ ღამის საათებში მიაკითხეს მოქალაქეებს სახლში და მოსთხოვეს ადგილზე ჩვენებების მიცემა. ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლები მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და ეუბნებოდნენ, რომ საქმე მათ სასარგებლოდ არ არის და მალე თავად მოუწევდათ ავტოფარეხების დანგრევა.

ფოთში, 9 აპრილის ხეივნის #29–31 კორპუსში მცხოვრებლებს პოლიციის გამოჩენამდე ხშირად მერიის თანამშრომლები სტუმრობდნენ. ისინი მესაკუთრეთა სხდომის ოქმებში უზუსტობების აღმოჩენას ცდილობდნენ და ამ მოტივით არწმუნებდნენ მათ საკუთარი ნებით მოეხდინათ ავტოფარეხების დემონტაჟი. ადგილობრივი მედია საშუალების – „თავისუფალი სიტყვის” ჟურნალისტების მიერ გადაღებულ ვიდეო კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობს ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მიხეილ აკობია დაარწმუნოს მოქალაქეები მათ მიერ შედგენილი ამხანაგობის სხოდმის ოქმების უსწორობაში. მოგვიანებით მიხეილ აკობია არ პასუხობს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს და სთხოვს მას ვიდეო კამერის გამორთვას.

კიდევ უფრო საგანგაშოა ფოთის მერის ყოველთვიური შემაჯამებელი ბირფინგის ჩანაწერი, სადაც ის აღიარებს, რომ 270 მოქალაქეს ავტოფარეხები კანონის დაცვით აქვს აშენებული. თუმცა იმის გამო, რომ ბიუჯეტში არ არის გამოყოფილი საკომპენსაციო თანხა, მერია ცდილობს დაიყოლიოს ისინი ავტოფარეხების ნებაყოფლობით დემონტაჟზე: „პატრონთან შეთანხმებას სადაც ვერ მივაღწიეთ ის ავტოფარეხები დგას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პატრონზე არ ვიმუშავეთ, რომ დაგვერწუნებინა ამ ავტოფარეხების და შენობების მიზანშეუწონლობაზე...“

შემაშფოთებელია, თუ რა გზებს მიმართავს ქალაქ ფოთის მერია ავტოფარეხების კანონიერი მესაკუთრეების დასარწმუნებლად, ნებაყოფლობით მოახდინონ მათი დემონტაჟი. მესაკუთრეთა კანონიერ მოთხოვნაზე ფოთის მერს უარი ასე აქვს არგუმენტირებული: რამდენიმე ადამიანის მოთხოვნა, მიიღონ სახელმწიფოსგან კანონით დადგენილი კომპენსაცია საკუთრების ჩამორთმევის სანაცვლოდ, ვერ გადაფარავს სხვა მობინადრეების უფლებას, იცხოვრონ მათთვის სასურველ გარემოში. საინტერესოა, რა შეიძლება იყოს „სასურველი გარემო“?! ეზოების კეთილმოწყობა კანონის უზენაესობისა და კერძო საკუთრების ხელყოფის სანაცვლოდ?

*ამ სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) მხარდაჭერით. აქ გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს და შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის და OSGF-ის შეხედულებებს.

ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
USAID - From the American People

Author: ეკატერინე ბოკუჩავა