„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” შეშფოთებულია ჭიათურის საავადმყოფოს ექიმის სამსახურიდან დათხოვნის გამო - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” შეშფოთებულია ჭიათურის საავადმყოფოს ექიმის სამსახურიდან დათხოვნის გამო

30 მაისი, 2012
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შეშფოთებულია იმის გამო, რომ ჭიათურის საავადმყოფომ სამსახურიდან დათხოვნილ იქნა ერთ-ერთი ექიმი, მას შემდეგ რაც მან ჩვენს ორგანიზაციასთან და სხვადასხვა მედია საშუალებებთან კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა საავამდყოფოს მიმართ.
 
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ბლოგზე აპრილში გამოქვეყნებულ სტატიაში განხილული იყო ზოგიერთი პრობლემა, რომელთა შესახებ ექიმმა მალხაზ წერეთელმა და ჭიათურის საავადმყოფოს სხვა თანამშრომლებმა გვიამბეს. წერეთელს ჭიათურაში ექიმად მუშაობის 23-წლიანი სტაჟი აქვს. როგორც ახლახანს შევიტყვეთ, 17 მაისს ის სამსახურიდან დაითხოვეს, რისი მიზეზიც, როგორც ჩანს, მისი საჯარო გამოსვლები იყო.
 
ზემოხსენებული ჩვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მალხაზ წერეთელმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსაც მისცა რამდენიმე ინტერვიუ, სადაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საავადმყოფოს ექთნებს რამდენიმე თვის მანძილზე არ ჰქონდათ მიღებული ხელფასი, რომ საავადმყოფოში არსებული საწოლების რიცხვი ზოგჯერ საკმარისი არ იყო ყველა პაციენტის სამკურნალოდ და რომ თავად ის წერილობითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობდა, ხოლო მისი ხელფასი თვეების მანძილზე მხოლოდ 160 ლარს შეადგენდა.
 
სამწუხაროა, რომ მალხაზ წერეთლის გაბედული გადაწყვეტილება, საჯაროდ განეცხადებინა მის სამუშაო გარემოში არსებული პრობლემების შესახებ, არ იქნა გამოყენებული საავამდყოფოს ხელმძღვანელობისა და მესაკუთრის მიერ ვითარების გამოსწორებისა და ზოგიერთი პრობლემის მოგვარებისთვის. მსგავსი პრობლემები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოქმედ საავადმყოფოებში გვხვდება.
 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წუხილს გამოთქვამს მოვლენების ასეთი განვითარების გამო და სთხოვს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გამოიკვლიოს მალხაზ წერეთლის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტი საავამდყოფოში მისი საქმიანობის გათვალისწინებით.
 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს საავადმყოფოს მესაკუთრეს, კომპანია “ირაოს”, ასევე საავადმყოფოს მენეჯმენტის განმახორციელებელ კომპანია “ჯეოჰოსპიტალს” (რომლის მფლობელი კომპანია “ჯიპიაის” შვილობილი შპს “კურაციო ჰოსპიტალს” არის), გადახედონ მათ დამოკიდებულებას თანამშრომლების მიმართ, ხოლო მალხაზ წერეთლის მიერ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები ჭიათურის საავადმყოფოში და სხვა საავადმყოფოებში პაციენტებისა და პერსონალისთვის პირობების გაუმჯობესებისთვის გამოიყენონ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ასევე მოუწოდებს “ირაოსა” და “ჯიპიაი”-ს მფლობელს, “ვენის სადაზღვევო ჯგუფს”, რომელიც ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო ჯგუფია და ვენის საფონდო ბირჟაზეც არის წარმოდგენილი, უზრუნველყოს თანამშრომლებთან სამართლიანი მოპყრობა მის შვილობილ კომპანიებში, როგორც ამას კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები მოითხოვს.   
Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
healthcare