2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მოკლე ანალიზი*
I. ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები
- 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში იანვარ-ივნისში დაგეგმილზე მეტი შემოსულობები შევიდა და გეგმა 103.5%-ით შესრულდა. შემოსულობების მატება პროგნოზირებულზე მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა.
- პრივატიზაციის 6 თვის გეგმა 177%-ით შესრულდა, ბიუჯეტში 54 მლნ ლარის ნაცვლად 95 მლნ ლარი შევიდა. გეგმის გადაჭარბებით შესრულება საპრივატიზაციო ობიექტების რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების 6 თვის გეგმა 96.%-ით შესრულდა, სულ ბიუჯეტიდან 10 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯა.
- 2021 წლის 6 თვეში, 2020 წლის 6 თვესთან შედარებით, საქონლის და მომსახურების შესყიდვის ხარჯები 21.4%-ით გაიზარდა და 758 მლნ ლარი შეადგინა. 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით კი, ისინი 24%-ით არის გაზრდილი. ყველაზე მეტად, 58 მლნ ლარით კორონავირუსთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯებია გაზრდილი.
- 2021 წლის იანვარ-ივნისში შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე 153.2 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 27.3 მლნ ლარით, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე 47.7 მლნ ლარით მეტია.
- სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის დეფიციტი 2,489 მლნ ლარის დონეზე იყო დაგეგმილი, ფაქტობრივმა დეფიციტმა კი 1,957 მლნ ლარი შეადგინა. დეფიციტის შემცირება შემოსულობების გეგმის გადაჭარბებით შესრულებამ და დაგეგმილზე ნაკლები ხარჯების გაწევამ განაპირობა.
- 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთავრობის ვალმა 29.6 მლრდი ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ბოლო ერთი წლის მშპ-ის დაახლოებით 55%-ია. 2021 წლის 6 თვეში მთავრობამ 3.5 მლრდ ლარის ვალი აიღო, თუმცა ამავე პერიოდში 2.2 მლრდ ლარის ვალი დაფარა.
- 2021 წლის პირველ ნახევარში „კორონავირუსით” გამოწვეულ ახალ პროგრამებზე 921 მლნ ლარი გამოიყო, ფაქტობრივად კი 822 მლნ ლარი (დაგეგმილის 89.3%) დაიხარჯა. ჯანდაცვის მიმართულებით 425 მლნ ლარი დაიხარჯა, მათ შორის 96 მლნ ლარი - ვაქცინის შეძენაზე. სოციალურ დახმარებებზე 350 მლნ ლარამდე დაიხარჯა, ყველაზე მეტი თანხა - 142 მლნ ლარი დროებით უმუშევრად დარჩენილების კომპენსაციაზე დაიხარჯა, 105 მლნ ლარი კი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე.
- ბიუჯეტის 20 პროგრამაზე მეტის 6 თვის გეგმა 60%-ზე ნაკლები მაჩვენებლით შესრულდა, მათ შორის 4 პროგრამა საერთოდ არ შესრულებულა, ესენია: ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მშენებლობის ორი პროგრამა, კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის პროგრამა და ბათუმის ავტობუსების პროექტი.
- ხარჯების მუხლებიდან ყველაზე მაღალი შესრულების მაჩვენებელი სოციალურ უზრუნველყოფაში დაფიქსირდა - 99.7%. სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები ჯანდაცვის ხარჯებსაც მოიცავს, რომლის პროგრამები მაღალი მაჩვენებლით შესრულდა.
რეკომენდაციები:
- მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის ბიუჯეტის კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 7.7%-დან 6.9%-მდე შემცირდა, დეფიციტის მაჩვენებელი მაინც ძალიან მაღალი რჩება და წლის ბოლომდე მთავრობამ არააუცილებელ ხარჯებში ეკონომია უნდა გააკეთოს. დეფიციტის შემცირება დადებითად იმოქმედებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, შეამცირებს ფასების დონესა და ლარის კურსზე უარყოფით ზეწოლას;
- ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში ფინანსთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია უწყებების მიხედვით, თუ სად რამდენი შტატგარეშე თანამშრომელია დასაქმებული და რა თანხა იხარჯება მათ ანაზღაურებაზე. როდესაც მთავრობის ვალი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ქვეყანაში პანდემიაა, შტატგარეშედ დასაქმებულებზე გაწეული ხარჯების ზრდა თანხების არაეფექტიან ხარჯვაზე და ნეპოტიზმზე აჩენს კითხვებს, რადგან შტატგარეშედ სამსახურში მიღება ნაკლებად კონტროლდება კანონმდებლობით.
II. შესავალი
2020 წლიდან დაწყებულმა პანდემიამ სახელმწიფო ბიუჯეტზეც დიდი გავლენა იქონია. 2020 წელს ქვეყანას ანტიკრიზისული ბიუჯეტი ჰქონდა, რაც ყველაზე მეტად 7 მლრდ ლარამდე სახელმწიფო ვალის აღებაში გამოიხატა. 2021 წლის ბიუჯეტი თავიდანვე პანდემიის გავლენის გათვალისწინებით დაიგეგმა, რადგან გასული წლის ბოლოს ნათელი იყო, რომ 2021 წელიც პანდემიის მხრივ რთული წელი იქნებოდა. თუმცა, პანდემიის ეკონომიკაზე გავლენის ზუსტად პროგნოზირება ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, ივლისში მთავრობამ 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა და ბიუჯეტი რეალურ ეკონომიკურ სურათს უფრო დაუახლოვა.
სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის მიხედვით შესრულება მაკროეკონომიკური რისკების შემცირების და დასახული მიზნების ეფექტიანად მიღწევის წინაპირობაა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი 6 თვის შესრულების ძირითადი მაჩვენებლები შეისწავლა და აღმოჩენილ გამოწვევებთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთაც გათვალისწინებაც, ჩვენი აზრით, საბიუჯეტო პოლიტიკას უფრო მდგრადს და ეფექტიანს გახდის.
III. ბიუჯეტის შემოსულობები[1]
საქართველოს მთავრობა 2021 წლისთვის ეკონომიკის 4.3%-ით ზრდას პროგნოზირებდა. თუმცა, იანვარ-ივნისში, 2020 წელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 12.7%-ით გაიზარდა და მთავრობამ ეკონომიკის წლიური ზრდის პროგნოზი 7.7%-მდე გაზარდა. ეკონომიკის მოსალოდნელზე მეტად ზრდა, სავარაუდოდ, ექსპორტის მაღალი ტემპით მატებამ, ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენამ და ბიზნესზე პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების მოხსნამ განაპირობა.
წლის პირველ ნახევარში, ვინაიდან ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა, სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი შემოსულობები შევიდა. შემოსულობების 6 თვის გეგმა 9,059 მლნ ლარი იყო, ფაქტობრივად კი ბიუჯეტში 3.5%-ით მეტი, 9,380 მლნ ლარი შევიდა.
ცალკე აღებული საგადასახადო შემოსავლების გეგმა 99.9%-ით შესრულდა, რაც სხვა გადასახადების მუხლის კლებამ, ანუ გადასახადების უკან დაბრუნებამ განაპირობა. გადასაახადების სახეებიდან ყველაზე მეტი პროცენტით - 111%-ით დამატებული ღირებულების გადასახადის გეგმა შესრულდა, შემდეგ მოდის აქციზის გადასახადის გეგმა, რომელიც 109%-ით შესრულდა.
6 თვის გრანტების გეგმა 121.3%-ით შესრულდა. კერძოდ, ბიუჯეტში დაგეგმილზე 44 მლნ ლარით მეტი გრანტი შევიდა და სულ 249 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 214 მლნ ლარი უცხოური გრანტებია, ხოლო 35 მლნ ლარი - ცენტრალური მთავრობის სსიპ[2]-ებიდან და ა(ა)იპ[3]-ებიდან მიღებული შემოსავალია.
შემოსულობების გეგმის გადაჭარბებით შესრულებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი სხვა შემოსავლების გეგმის 144%-ით შესრულებამ შეიტანა. მთავრობამ საპროცენტო შემოსავლიდან და დივიდენდიდან დაგეგმილზე 98 მლნ ლარით მეტი მიიღო.
არაფინანსური აქტივების კლების, იგივე პრივატიზაციის 6 თვის გეგმა 177%-ით შესრულდა და ბიუჯეტში 54 მლნ ლარის ნაცვლად, 95 მლნ ლარი შევიდა. გეგმის გადამეტებით შესრულება განაპირობა იმან, რომ მთავრობამ საპრივატიზაციოდ მეტი ობიექტი გამოიტანა, ვიდრე დაგეგმლი იყო.
ფინანსური აქტივები კლების, ანუ წინა წლებში გასესხებული თანხების დაფარვის 6 თვის გეგმა 109%-ით შესრულდა და 61 მლნ ლარის სესხი დაიფარა.
შემოსულობები მოიცავს მთავრობის მიერ ვალის აღებასაც. მთავრობამ წლის პირველ ნახევარში 3,531 მლნ ლარის ვალი აიღო, რაც 6 თვის გეგმაზე 100 მლნ ლარით მეტია.
მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო
2020 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 2021 წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 17%-ით, 1.4 მლრდ ლარით გაიზარდა. მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები 9%-ით გაიზარდა, პრივატიზაციიდან შემოსავალი - 67%-ით, ხოლო გრანტები თითქმის გაოთხმაგდა.
ივლისში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის წლიური შემოსულობების პროგნოზი 1.2 მლრდ ლარით გაიზარდა და 18 მლრდ ლარი შეადგინა.
IV. ბიუჯეტის გადასახდელები[4]
2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების 6 თვის გეგმა 96.%-ით შესრულდა და სულ ბიუჯეტიდან 10 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯა.
გადასახდელების ყველაზე მსხვილი მუხლის - ხარჯების 6 თვის გეგმა 96.1%-ით შესრულდა და 6.5 მლრდ ლარი შეადგინა. ხარჯებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებლით - 86.5%-ით საქონლის და მომსახურების შესყიდვის გეგმა შესრულდა.
საინტერესოა საქონლის და მომსახურების შესაძენად გაწეული ხარჯების ჩაშლილად ნახვა, რადგან ეს სწორედ ის ხარჯებია, რაზეც პანდემიას მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოეხდინა, თუ მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებში ეკონომიას გააკეთებდა. 2021 წლის 6 თვეში, 2020 წლის 6 თვესთან შედარებით, საქონლის და მომსახურების ხარჯები 21.4%-ით გაიზარდა და 758 მლნ ლარი შეადგინა. 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით ისინი 24%-ით არის გაზრდილი.
საქონლის და მომსახურების ხარჯების ზრდა ყველაზე მეტად, 58 მლნ ლარით კორონავირუსთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულმა ხარჯების ზრდამ განაპირობა. სამედიცინო ხარჯების შემდეგ ყველაზე მეტად შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების ხარჯია გაზრდილი. 2021 წლის იანვარ-ივნისში შტატგარეშეების შრომის ანაზღაურებაზე 153.2 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 27.3 მლნ ლარით (22%-ით), ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე 47.7 მლნ ლარით (45%-ით) მეტია.
საქონელსა და მომსახურებაში შემავალი სხვა ხარჯებიდან, ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ოფისის ხარჯები (13.2 მლნ ლარით) და ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის მოვლა-შენახვის ხარჯები (6.4 მლნ ლარით).
2021 წლის პირველ ნახევარში მივლინებებზე 28.4 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2020 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 2 მლნ ლარით აღემატება. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ გასული წლის პირველ ნახევარში ქვეყნები პანდემიის გამო ჩაკეტილი იყო და საერთაშორისო მოვლინებები მინიმუმამდე შემცირდა. 2021 წლის მივლინების ხარჯები 2019 წლის მივლინების ხარჯებთან შედარებით 11 მლნ ლარით არის შემცირებული.
მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო
ხარჯების მუხლებიდან ყველაზე მაღალი შესრულების მაჩვენებელი სოციალურ უზრუნველყოფაში დაფიქსირდა - 99.7%. სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები ჯანდაცვის ხარჯებსაც მოიცავს, რომლის პროგრამებიც მაღალი მაჩვენებლით შესრულდა, მაგალითად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 100%-ით შესრულდა.
გადასახდელების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, არაფინანსური აქტივების ზრდის, იგივე კაპიტალური ხარჯების 6 თვის გეგმა 96.3%-ით შესრულდა და მასზე ერთ მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯა. 2020 წლის 6 თვის კაპიტალურ ხარჯებთან შედარებით, 2021 წელს ამ კუთხით 30%-ით მეტი დაიხარჯა.
ფინანსური აქტივების ზრდის 6 თვის გეგმა 97%-ით შესრულა დამთავრობამ 204 მლნ ლარის სესხი გასცა.
გადასახდელების ბოლო მუხლი მთავრობის ვალის ძირის დაფარვაა. 6 თვეში 2.2 მლრდ ლარის ვალი დაიფარა, რაც 6 თვის გეგმის 99.4%-ია.
მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო
მიმდინარე პანდემიის გამო 2019 წლის 6 თვესთან შედარებით, 2021 წლის 6 თვეში ბიუჯეტის გადასახდელები 46%-ით, 3.1 მლრდ ლარით არის გაზრდილი. ხარჯების ასეთი მაღალი მაჩვენებლით ზრდა ყველაზე მეტად მთავრობის ვალის მომსახურების ხარჯის მატებამ განაპირობა. მიმდინარე წლის 6 თვეში მთავრობის ვალის ძირის და პროცენტის დაფარვაზე 1.8 მლრდ ლარით მეტი დაიხარჯა, ვიდრე 2019 წლის 6 თვეში. 251 მლნ-ით გაიზარდა ჯანდაცვის ხარჯი, 248 მლნ-ით კაპიტალური ხარჯი, 202 მლნ-ით კი პენსიის და სოციალური დახმარების ხარჯი.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ივლისში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის წლიური გადასახდელების პროგნოზი 1.1 მლრდ ლარით გაიზარდა და 19.5 მლრდ ლარი შეადგინა.
V. ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის ვალი
სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის დეფიციტი[5] 2,489 მლნ ლარის დონეზე იყო დაგეგმილი, ფაქტობრივმა დეფიციტმა კი 1,957 მლნ ლარი შეადგინა. დეფიციტის შემცირება შემოსულობების გეგმის გადაჭარბებით შესრულებამ და დაგეგმილზე ნაკლები ხარჯების გაწევამ განაპირობა. 2021 წლისთვის წლიური (12 თვის) ბიუჯეტის დეფიციტი 4 მლრდ ლარის დონეზეა დაგეგმილი.
2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ვალი 29.7 მლრდ ლარი იყო, რაც გასული წლის მშპ-ის 60.1%-ია. 2021 წლის 30 ივნისს მთავრობის ვალმა 29.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ერთი წლის მშპ-ის დაახლოებით 55%-ია. 2020 წლის ბოლოს მთავრობის საგარეო ვალი 7.2 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც იმ დროინდელი ლარის კურსით (3.28) 23.5 მლრდ ლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის 30 ივნისს საგარეო ვალი 7.5 მლრდ აშშ დოლარი იყო, ანუ 6 თვეში 300 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, თუმცა, ლარის კურსის გამყარების და მთავრობის საშინაო ვალის 418 მლნ ლარით შემცირების გამო, ლარში გამოსახული მთავრობის ვალი საბოლოოდ 70 მლნ ლარით შემცირდა. მშპ-ის მიმართ ვალის ტვირთის შემცირება კი იანვარ-ივნისში დაფიქსირებულმა 12.7%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა.
2021 წლის ბოლომდე მთავრობა 5.1 მლრდ ლარზე მეტ ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 2.7 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. შედეგად, წელს მთავრობის ვალი 2.4 მლრდ ლარით გაიზრდება და 30.8 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 53.9% იქნება.[6]
მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ივლისში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მთავრობა 154 მლნ ლარით ნაკლებ ახალ ვალს აიღებს. ასაღები ვალის შემცირებამ და ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებამ ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-სთან თანაფარდობის წლიური პროგნოზი 7.7%-დან 6.9%-მდე შეამცირა, თუმცა დეფიციტი მაინც რჩება „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ” კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე (3%) ზემოთ და უახლოეს ორ წელში უნდა დაუბრუნდეს დაშვებულ ზღვარს.
VI. „კორონავირუსით” გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული პროგრამები
პანდემიამ სახელმწიფო ბიუჯეტში ახალი ხარჯვითი პროგრამების შექმნა განაპირობა. პროგრამები 3 მიმართულებით შეიქმნა: ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ბიზნესის სუბსიდირება. 2021 წლის პირველ ნახევარში „კორონავირუსით” გამოწვეულ ახალ პროგრამებზე 921 მლნ ლარი გამოიყო, ფაქტობრივად კი 822 მლნ ლარი (დაგეგმილის 89.3%) დაიხარჯა.
ჯანდაცვის მიმართულებით იანვარ-ივნისში 511.1 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც 425 მლნ ლარი დაიხარჯა, მათ შორის 96 მლნ ლარი ვაქცინის შეძენას მოხმარდა. 11 მლნ ლარი კარანტინზე და სხვა ღონისძიებებზე დაიხარჯა.
სოციალურ დახმარებებზე 350 მლნ ლარამდე დაიხარჯა. ყველაზე მეტი თანხა კი - 142 მლნ ლარი დროებით უმუშევრად დარჩენილების კომპენსაციაზე იქნა გაცემული. 105 მლნ ლარი დაიხარჯა კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე.
ბიზნესის სუბსიდირების მიმართულებით სულ 36 მლნ ლარი დაიხარჯა და გეგმა 96%-ით შესრულდა.
პანდემიის გამო წლის ბოლომდე ჯანდაცვის მიმართულებით 831 მლნ ლარი დაიხარჯება, სოციალური მიმართულებით - 415 მლნ ლარი და ბიზნესის სუბსიდირების მიმართულებით - 112 მლნ ლარი. სამივე მიმართულებით ჯამში 1.4 მლრდ ლარამდე დაიხარჯება.
მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო
VII. შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე უწყებები და პროგრამები
მხარჯავი დაწესებულებებიდან ათმა უწყებამ 6 თვის გეგმასთან შედარებით 80%-ზე ნაკლები თანხა აითვისა მათ შორის, გეგმასთან შედარებით ყველაზე ნაკლები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დახარჯა - გეგმის 60.9%. შემდეგ მოდის სსიპ - კონკურენციის ეროვნული სააგენტო - გეგმის 63.5%-ით შესრულებით და სავაჭრო-სამრეწველო პალატა - გეგმის 65%-ით შესრულებით.
მაღალი ბიუჯეტის მქონე უწყებებიდან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 6 თვის გეგმასთან შედარებით ყველაზე ნაკლები - 66.8% (13 მლნ ლარი) დახარჯა.
მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო
ცხრილი 3-ში მოცემულია ის პროგრამები და ქვეპროგრამები, რომელთა 6 თვის გეგმა 60%-ზე ნაკლები მაჩვენებლით შესრულდა.[7] 0%-ით შესრულდა ანუ თანხა საერთოდ არ დაიხარჯა 4 ქვეპროგრამაზე, ესენია: ელექტროგადამცემი ხაზის „ქსანი-სტეფანწმინდა“ მშენებლობა, გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება, კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა და ბათუმის ავტობუსების პროექტი. ამათგან ყველაზე მაღალბიუჯეტიანი (8.8 მლნ ლარი) ბათუმის ავტობუსების პროექტია, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება.
1.9%-ით შესრულდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული პოლიტიკის პროგრამის 6 თვის გეგმა, რომელზეც 2 მლნ ლარამდე იყო გამოყოფილი. ასევე, ძალიან დაბალი შესრულების მაჩვენებელი - 4.6% აქვს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამას, რომელზეც წლის პირველ ნახევარში 6.5 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.
მსხვილი პროგრამებიდან, რომელთა 6 თვის გეგმაც დაბალი მაჩვენებლით შესრულდა, აღსანიშნავია თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერების პროგრამის 29.2%-ით შესრულება, რომელზეც 50 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის 53.9%-ით შესრულება, რომელზეც 15.3 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.
მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო
*9 სექტემბერს გამოქვეყნებულ კვლევის პირველ ვერსიაში საქონლის და მომსახურების შესყიდვაზე გაწეული ხარჯების ზოგიერთი მონაცემი არასწორად იყო მოცემული, რომელიც 10 სექტემბერს შესწორდა.
[1] შემოსულობები არის შემოსავლების, არაფინანსური და ფინანსური აქტივები კლების და ახალი ვალის აღების ჯამი. ის მოიცავს ნებისმიერი წარმომავლობის თანხას, რაც კი ბიუჯეტში შედის, როცა შემოსავლები მხოლოდ გადასახადებიდან, გრანტებიდან და სხვა კონკრეტული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებს მოიცავს.
[2] საჯარო სამართლის იურიდიული პირი
[3] არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
[4] გადასახდელები არის ხარჯების, არაფინანსური და ფინანსური აქტივები ზრდის და ადრე აღებული ვალის დაფარვის ჯამი. ის მოიცავს ნებისმიერი თანხას, რაც კი ბიუჯეტიდან გადის, როცა ხარჯები მხოლოდ კონკრეტული მიზნებით დახარჯულ თანხებს მოიცავს, მაგალითად ადმინისტრაციულს, სოციალურს, განათლების და ა.შ.
[5] საქართველოს კანონმდებლობით ბიუჯეტის დეფიციტი არის ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო. რადგან მთლიანი სალდო სრულად არ მოიცავს შემოსავლებს და ხარჯებს, წარმოდგენილ ანგარიშში, ბიუჯეტის დეფიციტში იგულისხმება მთლიან სალდოს დამატებული ფინანსური აქტივების სალდო ბიუჯეტის ნაშთის ცვლილების გარეშე, ანუ სულ რამდენი თანხა დააკლდა ბიუჯეტს, რომელიც ახალი ვალის აღებით და ან ბიუჯეტის ნაშთზე არსებული თანხის გამოყენებით დაიფარა.
[6] მთავრობის ვალის პროგნოზში ლარის დოლარის მიმართ 3.24 გაცვლითი კურსი არის გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობას 2021 წლის ბიუჯეტი ლარის 3.24 კურსზე აქვს დაგეგმილი.
[7] ცხრილი არ მოიცავს პანდემიასთან დაკავშრებულ პროგრამებს, რადგან ეს პროგრამები უკვე განვიხილეთ.