აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებგვერდის მონიტორინგი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებგვერდის მონიტორინგი

24 ივნისი, 2014

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებგვერდის გამჭვირვალობის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ უწყება ინფორმაციის გამოქვეყნების კანონით დაკისრებულ ვალდებულებას სრულყოფილად არ ასრულებს და  მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით ინტერნეტ რესურსს სათანადოდ არ იყენებს.

ვებგვერდზე ხელმისაწვდომი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიც არის ზოგადი ცნობები უმაღლესი საბჭოს ფუნქციისა და საქმიანობის შესახებ, საბჭოს კომისიების საქმიანობის ანგარიშები, უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებზე გაცემული თანამდებობრივი სარგოების, დანამატებისა და პრემიების კვარტალური რაოდენობა, საბჭოს მიერ ინიცირებული კანონპროექტები და სამართლებრივი აქტები.

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის www.sca.ge ტექნიკური მდგომარეობა - საიტი სტრუქტურულად გაუმართავია და მოხმარების თვალსაზრისით რთულად გამოსაყენებელია (not user friendly), კერძოდ: ვებგვერდს არ აქვს საძიებო სისტემა, საკანონმდებლო აქტის გამოქვეყნების დროისა და თარიღის დადგენის შესაძლებლობა. ვებგვერდზე არქივის ველი, რომელიც 2008–2013 წლის ინფორმაციას უნდა მოიცავდეს, ცარიელია.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველომ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდის მონიტორინგი 2014 წლის 1 მაისიდან 2014 წლის 10 ივნისის ჩათვლით განახორციელა და გთავაზობთ შედეგებს:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომების შესახებ ინფორმაცია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახად, ბიუროს და კომისიის სხდომები საჯაროა, თუმცა მათი ჩატარების ადგილი, დრო და დღის წესრიგი ვებგვერდზე არ ქვეყნდება. ვებგვერდს არ აქვს ცალკე ველი, რომელიც უზრუნველყოფს დაგეგმილი სხდომების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირებულობას. დაგეგმილი სხდომების შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ ქვეყნდება, ვებგვერდის მომხმარებელს სხდომების ჩატარების შესახებ ცნობა მხოლოდ მათი გამართვის შემდეგ მიეწოდება.

კანონპროექტების არარსებობა ვებგვერდზე

აჭარის უმაღლესი საბჭო მის მიერ წარდგენილი პროექტების შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებს.

2012 წლიდან 2014 წლის მაისამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იქნა 11 კანონპროექტი, თუმცა  არცერთი მათგანი ვებგვერდზე არ გამოქვეყნებულა. მაგალითად, სიახლეების გრაფაში, 2014 წლის 13 მაისს, გამოქვეყნდა ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების მიერ გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების საკითხის განხილვის შესახებ, თუმცა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებები, რომლის ინიციატორიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო იყო და რომელიც საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში დაამტკიცა, საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ არის.

ბიუჯეტი და პრიორიტეტების დოკუმენტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 10-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი თანდართული მასალებით და პრიორიტეტების დოკუმენტი უმაღლეს საბჭოში წარდგენისთანავე საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის მიზნით უნდა განთავსდეს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

საბჭოს ვებგვერდზე ბიუჯეტის შესახებ დამტკიცებული კანონის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დებულება/რეგლამენტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, დადგენილება, რეზოლუცია, მიმართვა, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი უნდა გამოქვეყნდეს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

დადგენილებების, რეზოლუციების და მიმართვების ტექსტი ვებგვერდზე არ არის გამოქვეყნებული. რაც შეეხება საბჭოს რეგლამენტს, იგი გამოქვეყნებულია ვებგვერდზე, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ვებგვერდს არ გააჩნია პირდაპირი ბმულის (direct link) ფუნქცია, დოკუმენტის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია. გამომდინარე იქედან, რომ ვებგვერდს ასევე არ გააჩნია საძიებო სისტემა, რაც კიდევ უფრო ართულებს სასურველი ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობას.

თანამდებობის პირთა ბიოგრაფიები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე საბჭოს ყველა წევრის მონაცემები (გვარი, სახელი, გვარი, ფოტოსურათი და სხვა ბიოგრაფიული მონაცემები) არის ატვირთული.  შესაბამისად, მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს თანამდებობის პირის ბიოგრაფიას და იცოდეს, თუ რამდენად შეესაბამება თანამდებობის პირის მიერ დაკავებული პოზიცია მის გამოცდილებას.

ვებგვერდზე ასევე არ არის გამოქვეყნებული ინფორმაცია მოქალაქეთა მიღების დღეებისა და საათების შესახებ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველო“ მიესალმება იმ ფაქტს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო მოქალაქეებთან კომუნიკაციის მიზნით, აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელ ფეისბუქში დარეგისტრირებულ ოფიციალურ გვერდს, სადაც სხვადასხვა სახის ინფორმაცია ქვეყნდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საჯარო უწყებისთვის სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდის მოხმარება მხოლოდ დამატებითი ფუნქციის მატარებელი შეიძლება იყოს საზოგადოებასთან კომუნიკაცის თვალსაზრისით და ის ვერ ჩაანაცვლებს ოფიციალური ვებგვერდს სრულყოფილი ინფორმაციულობის კუთხით. ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სრულყოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია და ამასთან, გაითვალისწინოს ვებგვერდის მთავარი დანიშნულება - რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს მარტივად და გასაგებად ჰქონდეს სამართლებრივ თუ სხვა სახის აქტებთან ხელმისაწვდომობა, მიიღოს ინფორმაცია დაგეგმილი ცვლილებებისა თუ ღონისძიებების შესახებ. ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდეს უწყებას, ვებგვერდი მაქსიმალურად კომფორტული გახადოს მომხმარებლისთვის - დღეს არსებული დიზაინითა და სტრუქტურით შეუძლებელია ეფექტური ნავიგაცია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მხედველობაში უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ 2014 წლის 5 მაისიდან ძალაში შევიდა დადგენილება, რომელიც ავალდებულებს საბჭოს საჯარო და საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი ინფორმაცია ვებგვერდზე პროაქტიულად განათავსოს. ასევე, მან უნდა უზრუნველყოს ვებგვერდის საშუალებით საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის შესაძლებლობის დანერგვა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველო“ მოუწოდებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლეს საბჭოს უწყების ვებგვერდი მაქსიმალურად ინფორმაციული და ადვილად გამოსაყენებელი გახადოს: მომხმარებელს მარტივად უნდა მიუწვდებოდეს ხელი გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ თავისივე დადგენილება შეასრულოს და დაინტერესებულ პირებს საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვის გამოყენების საშუალება უმოკლეს ვადაში მისცეს.

Author: ანა ბერძენიშვილი