აჭარის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს მაკონტროლებელი ფუნქციის შეფასება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აფასებს, თუ როგორ შეასრულა თავისი მაკონტროლებელი ფუნქცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 2016-2020 წლებში - კერძოდ კი, საბჭომ 9 მექანიზმიდან 4 არ გამოიყენა. ანგარიში მოიცავს საკვლევ პერიოდს 2016 წლის ნოემბრიდან 2020 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.
კვლევის მიზანია აჭარის მთავრობის კონტროლის მექანიზმების ანალიზი. ეს მექანიზმები განსაზღვრულია აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. მსგავსი შეფასება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2012-2016 წლების მოწვევის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შეფასების დოკუმენტშიც წარმოადგინა.
საკანონმდებლო ჩარჩოს მიმოხილვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და საქართველოს კონსტიტუციური კანონით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ, აჭარის უმაღლეს საბჭოს საკანონმდებლო საქმიანობასთან ერთად, აჭარის მთავრობის საქმიანობის კონტროლი ევალება.
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-14 თავში[1] ჩამოთვლილია ის მექანიზმები, რომლებიც აჭარის მთავრობის კონტროლისთვის გამოიყენება:
- კითხვისა და შეკითხვის უფლებამოსილების განხორციელება
- მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა
- თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე დასწრება
- მინისტრის საათი
- აჭარის მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცება
- მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადება
- ბიუჯეტის შესრულების კონტროლი
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს არ იყენებდა და აჭარის მთავრობას სრულყოფილად ვერ აკონტროლებდა. ეს გავლენას ახდენდა როგორც საბჭოს, ისე მთავრობის ფუნქციონირებაზე, კერძოდ:
- 2016-2020 წლებში, აჭარის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს 11 კითხვით მიმართა უმაღლესი საბჭოს მხოლოდ სამმა წევრმა - დავით გაბაიძემ და ვლადიმერ მგალობლიშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნებიდან”, ელგუჯა ბაგრატიონმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. ინტერპელაციის წესით შეკითხვის დასმის შესაძლებლობა კი საბჭოს არცერთ წევრს არ გამოუყენებია;
- 2016-2018 წლებში, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს აჭარის უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში არ წარუდგენია, ხოლო 2018 წლის 21 ივლისიდან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნიდან დღემდე, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოს საქმიანობის ანგარიში ორჯერ წარუდგინა;
- 2016-2020 წლებში, თანამდებობის პირები უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მოსმენისთვის არ მოუწვევიათ. ამასთან, 2020 წლამდე უმაღლეს საბჭოში მინისტრის საათი არ გამართულა. 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე კი მინისტრის საათის ფარგლებში, აჭარის მთავრობის ყველა მინისტრს თითოჯერ მოუსმინეს;
- 2016-2020 წლებში, რესპუბლიკური ბიუჯეტის კვარტალური და წლიური მიმოხილვა ჯამში 14-ჯერ მოხდა;
- უმაღლეს საბჭოს რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერებაში დარღვევები არ აღმოუჩენია. შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს მთავრობის თავმჯდომარისთვის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით არ მიუმართავს;
- წინა მოწვევის საბჭოსგან განსხვავებით, მიმდინარე მოწვევის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის მიმართ უნდობლობის საკითხი არ დასმულა. (2014 წლის 8 სექტემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს მმართველი კოალიციის ფრაქცია „ქართული ოცნების” 7-მა წევრმა მხარი დაუჭირა აჭარის მთავრობისადმი უნდობლობის საკითხის ინიცირებას. თუმცა ფრაქციის რამდენიმე წევრმა პოზიცია შეცვალა და უნდობლობის პროცედურა არც დაწყებულა).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცება
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 132-ე მუხლის შესაბამისად, ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან ან აჭარის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე წარადგენს სამოქმედო გეგმას.
2016 წლის მოწვევის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობა ორჯერ დაამტკიცა:
- 2016 წლის 5 დეკემბერს, მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე დაამტკიცა, ხოლო 19 დეკემბერს - მთავრობა.
- ზურაბ პატარაძის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შემდეგ, 2018 წლის 21 ივლისს, 14 ხმით ერთის წინააღმდეგ, ფარული კენჭისყრით, დაამტკიცა აჭარის მთავრობა თორნიკე რიჟვაძის თავმჯდომარეობით.
მთავრობის უნდობლობის გამოცხადების საკითხი
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 133-ე მუხლით, უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით დადგენილი წესით უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის მთავრობას. მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.
მიმდინარე მოწვევის უმაღლეს საბჭოში, აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის საკითხი არ დასმულა.
კითხვისა და შეკითხვის უფლებამოსილების განხორციელება
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 126-ე მუხლის შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის წევრს და მათგან მიიღოს პასუხი. კითხვა ფორმდება წერილობითი სახით. თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია უმაღლეს საბჭოს კითხვის მიღებიდან 10 დღეში წარუდგინოს წერილობითი პასუხი. შესაბამის თანამდებობის პირს, კითხვის ავტორთან შეთანხმებით, კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით.
2016-2020 წლებში, აჭარის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს კითხვით მიმართა უმაღლესი საბჭოს სამმა წევრმა: დავით გაბაიძემ უწყებებს კითხვით 9-ჯერ მიმართა, ელგუჯა ბაგრატიონმა და ვლადიმერ მგალობლიშვილმა კი - თითოჯერ:
კითხვის ავტორი | თარიღი | კითხვის ადრესატი | პასუხი |
დავით გაბაიძე |
04.02.2020 |
| |
დავით გაბაიძე |
30.01.2020 |
| |
დავით გაბაიძე | 30.01.2020 | ||
დავით გაბაიძე | 23.01.2020 | ||
დავით გაბაიძე |
29.11.2019 |
| |
დავით გაბაიძე |
18.11.2019 |
| |
დავით გაბაიძე |
18.11.2019 |
| |
დავით გაბაიძე | 07.11.2019 | ||
დავით გაბაიძე |
05.11.2019 |
| |
ელგუჯა ბაგრატიონი |
04.08.2020 |
| |
ვლადიმერ მგალობლიშვილი |
16.06.2020 | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო |
|
ასევე, უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციან ჯგუფს, უფლება აქვს ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის წევრებს, რომლებიც ვალდებულნი არიან დასმულ შეკითხვას უპასუხონ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე. შეკითხვებზე პასუხობენ სამთავრობო საათის დროს. შეკითხვა შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი.
2016 წლის მოწვევის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით შეკითხვის დასმის შესაძლებლობა არ გამოყენებულა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 128-ე მუხლის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს წერილობითი ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ.
2016-2018 წლებში, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს აჭარის უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში არ წარუდგენია. 2018 წლის 21 ივლისიდან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშნივნიდან დღემდე, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოს 2018-2019 და 2019-2020 წლების საქმიანობის ანგარიშები წარუდგინა.
თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 129-ე მუხლის თანახმად, უმაღლესი საბჭო, კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის გადაწყვეტილებით პლენარულ სხდომაზე იწვევს მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს და ორგანოს ხელმძღვანელს. ისინი ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ პლენარულ სხდომაზე, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
2016-2020 წლებში, თანამდებობის პირების უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მოწვევა და მათი მოსმენა არ მომხდარა.
მინისტრის საათი
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 130-ე მუხლით, მინისტრის საათი გულისხმობს, წელიწადში არანაკლებ ერთხელ, მთავრობის ცალკეული წევრის, გარდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე შესაბამისი სამინისტროს საქმიანობის შესახებ მოხსენებით გამოსვლას. მოხსენება ასევე უნდა შეეხოს იმ საკითხებს, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით მინისტრის წინაშე იქნება დასმული. მთავრობის შესაბამის წევრს უმაღლეს საბჭოში წარდგენამდე არაუგვიანეს 10 დღისა ეგზავნება კომიტეტებისა და ფრაქციების მიერ შედგენილი საკითხები, რომლის გარშემოც უნდა წარიმართოს მინისტრის საათი. მინისტრი უფლებამოსილია არ ისაუბროს ამ ვადის დაგვიანებით მიწოდებულ საკითხებზე.
2020 წლამდე უმაღლეს საბჭოში მინისტრის საათი არ გამართულა. უმაღლესი საბჭოს 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე კი, მინისტრის საათის ფარგლებში, აჭარის მთავრობის ყველა მინისტრს თითოჯერ მოუსმინეს. ფრაქციებსა და კომიტეტებს განსახილველი საკითხების ჩამონათვალით მინისტრებისთვის წინასწარ არ მიუმართავთ.
აჭარის მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 131-ე მუხლით, აჭარის მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს და ორგანოს ხელმძღვანელს მოთხოვნისთანავე მოუსმენს უმაღლესი საბჭო. აღნიშნული პირი ვალდებულია უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვამდე არაუგვიანეს 3 დღისა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს ის საკითხები, რომლებზედაც მას სურს უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვა.
ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, თანამდებობის პირების მოსმენა 2016-2020 წლებში არ მომხდარა.
ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვა
უმაღლესი საბჭო საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიისა და სხვა კომისიების მეშვეობით ახორციელებს საერთო, თანმიმდევრულ კონტროლს რესპუბლიკური
ბიუჯეტის შესრულებაზე. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 134-ე მუხლის თანახმად, ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში, მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით.
ბიუჯეტის აღნიშნული კვარტალური მიმოხილვა მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმიურ მაჩვენებლებთან.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ წარადგინა 2017 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი, ორი და სამი კვარტლის, ასევე 2018 წლის პირველი კვარტლის მიმოხილვა.
2018 წლის ორი და სამი კვარტლის მიმოხილვა აჭარის დღევანდელმა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ შეასრულა. ფუტკარაძემ ასევე წარადგინა 2019 წლის პირველი, ორი და სამი კვარტლის, და 2020 წლის ორი კვარტლის მიმოხილვა.
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 135-ე მუხლის მიხედვით, რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
2017 წლის 31 მარტს, მთავრობამ წარადგინა 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. მოცემული ანგარიშის შესახებ აუდიტმა მოამზადა შესაბამისი მოხსენება, სადაც წარმოადგინა რეკომენდაციები. 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, აუდიტმა კვლავ მოამზადა მოხსენება.
2018 და 2019 წლების ბიუჯეტის წლიური ანგარიშების შესახებ აუდიტის მიერ მომზადებული მოხსენებების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ 2019 წლის ბიუჯეტის ანგარიშის მომზადებისას, აჭარის მთავრობამ არ გაითვალისწინა აუდიტის წინა წლის რეკომენდაციები. აუდიტის დასკვნით, საბიუჯეტო ორგანიზაციებს პროგრამები არ შეუმუშავებიათ მოსახლეობის საჭიროებებისა და მიზანშეწონილობის სათანადო შესწავლისა და დეტალური ანალიზის საფუძველზე. ამასთან, გამოთავისუფლებული ფულადი სახსრებით არ დაუგეგმიათ და განუხორციელებიათ მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული ახალი პროგრამები და ღონისძიებები.
გარდა ბიუჯეტის წლიური ანგარიშის განხილვისა, უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს მთავრობის მიერ რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება გააკონტროლოს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი შეუძლია მთავრობის თავმჯდომარეს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით მიმართოს.
საკვლევ პერიოდში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.
რეკომენდაციები
აჭარის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს მაკონტროლებელი ფუნქციის შეფასების შედეგად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” შემდეგ რეკომენდაციებს წარმოადგენს:
- უმაღლესმა საბჭომ უფრო აქტიურად და სრულად უნდა გამოიყენოს კონტროლის ის მექანიზმები, რომლებიც მას მინიჭებული აქვს აჭარის კონსტიტუციით, კონსტიტუციური კანონით და რეგლამენტით;
- უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ფრაქციებმა და კომიტეტებმა მეტად უნდა იმუშაონ სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფთან, რათა სრულყოფილად შეისწავლონ ავტონომიური რეგიონის მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემები, მათ შორის მთავრობის სხვადასხვა უწყების არასათანადო მუშაობით გამოწვეული საჭიროებები და განახორციელონ მთლიანად მთავრობისა და ცალკეული სამინისტროების ეფექტიანი კონტროლი.